GE

ნამდვილად განსაზღვრავს ინტელექტი წარმატებას?

“თუ თქვენ ეს არ გაქვთ, მაშინ არ აქვს აზრი სხვა დანარჩენს, რაც გაგაჩნიათ;
თუ თქვენ ეს გაქვთ, მაშინ თქვენ მეტი აღარაფერი გჭირდებათ”.

ჟანა კრაიგი,ემოციური ინტელექტის შესახებ

არის თუ არა შესაძლებელი სკოლის ასაკიდანვე იმის პროგნოზირება, თუ ადამიანი რამდენად მიაღწევს წარმატებას შემდგომ პროფესიულ ცხოვრებაში?

კვლევებით დადგენილია, რომ მაღალი ინტელექტის (IQ) კოეფიციენტი განსაზღვრავს სკოლაში აკადემიურ მიღწევებს, კერძოდ იმას, თუ ვინ მიიღებს კარგ ნიშნებს. რა ხდება სკოლის დამთავრების შემდეგ? პიროვნებას უამრავი ყოველდღიური დაბრკოლების გადალახვა უწევს და არავინ იცის, თუ როგორ გაუმკლავდება იგი გამოწვევებს.

პარადოქსი: საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები 70% სიტუაციებში უკეთესები, უფრო ეფექტიანები არიან, ვიდრე უმაღლესი ინტელექტის მქონე ადამიანები.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რამდენად განსაზღვრავს ინტელექტის კოეფიციენტი პროფესიულ და პირად ცხოვრებაში წარმატებებს?
აზროვნება თუ ემოცია?

აზროვნება და ლოგიკური მსჯელობა ითვლება უფრო მეტად ღირებულად, ვიდრე ემოციებთან და გრძნობებთან დაკავშირებული ფუნქციები, რასაც შეცდომად მიიჩნევს Антонио Дамазио – ავტორი ნაშრომის – “დეკარტეს შეცდომა”. იგი მუშაობდა ადამიანებთან, რომლებსაც დაზიანებული ჰქონდათ ტვინის ემოციების კონტროლზე პასუხისმგებელი ნაწილი. მათ შეეძლოთ ნათლად და ლოგიკურად მსჯელობა, თუმცა არ შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება და ფუნქციონირება. როდესაც ტვინის “მოაზროვნე” ნაწილი გამიჯნულია ემოციური ნაწილისაგან, მას ისევე არ შეუძლია შეასრულოს საკუთარი სამუშაო, როგორც მაშინ, როდესაც იგი იმართება ემოციებით. წარმატებას განსაზღვრავს ემოციებისა და ლოგიკის ერთობლიობა – “ადამიანურ ტვინს” სრულად გამოიყენება, რასაც დღეს ემოციური ინტელექტის – ე.წ. “სწორი გონების”, “ემოციურ გონიერებას” თეორიის ჭრილში განიხილავენ. ემოციური ინტელექტი არის კავშირი რაციონალურ და ემოციურ გონებას შორის.

რა არის ემოციური ინტელექტი?

სამეცნიერო კვლევები ემოციური ინტელექტის შესახებ ბოლო ათწლეულის დამსახურებას წარმოადგენს. ყველაზე გავრცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარი.

ემოციური ინტელექტი აერთიანებს ისეთ მახასიათებლებს, როგორიც არის: ემოციების აღქმა, გამოხატვა და მართვა, ემპათია, მოტივაცია, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, ასერტიულობა, ოპტიმიზმი, ადაპტაცია, საუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერება და ა.შ. ემოციური ინტელექტის თეორიის თანახმად, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტის.

ზოგადი ინტელექტი (IQ) თუ ემოციური ინტელექტი (EQ)?

I მსოფლიო ომის შემდეგ ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტმა ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში 24 ქულით აიწია, ამის ერთ-ერთი მიზეზად სახელდება კომპიუტერული თამაშებისა და თავსატეხების გავრცელება ბავშვებში.

პარადოქსი: კვლევების თანახმად, რაც უფრო იზრდება ბავშვების ინტელექტუალური გავითარების კოეფიციენტი, მით უფრო მცირდება მათი ემოციური ინტელექტის დონე. ახალი თაობა ემოციურად მეტად იტვირთება, ვიდრე ეს წინა თაობების შემთხვევაში იყო. ამ თაობის დამახასიათებელ თვისებად იქცა აგრესიულობა, იმპულსურობა, დეპრესიულობა, ასევე ნაკლები ამბიციურობა და განვითარებისაკენ სწრაფვის სურვილის ნაკლებობა. ე.წ. “კომპიუტერული თაობა” უფრო ნაკლებად არის ორიენტირებული სოციალურ ურთიერთობებსა და სოციალური უნარების განვითარებაზე, რითაც წარმატების მნიშვნელოვან წინაპირობაზე ამბობენ უარს.

რატომ არის ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი?

ემოციური ინტელექტის (EQ) შემადგენლობაში შემავალი უნარები განსაზრვრავენ ადამიანის წარმატების 2/3 – ს.
წარმატების მხოლოდ 15-20% არის დამოკიდებული გონებრივ შესაძლებლობებზე (IQ), ხოლო დანარჩენი წილი მოდის ემოციურ სფეროზე.
ინდივიდთა წარმატება სამსახურში დამოკიდებულია 80%-ით EQ-ზე, მხოლოდ 20%-ით IQ-ზე.

წარმატებული თანამშრომლების 90%-ს აქვს მაღალი EQ, ხოლო იმ თანამშრომლების შემთხვევაში, რომლებსაც სამუშაოს შესრულების დაბალი მაჩვენებლები აქვთ მხოლოდ – 20%-ს. ამდენად, თქვენ შეგიძლიათ იყოთ სამუშაოს საუკეთესო შემსრულებელი ემოციური ინტელექტის გარეშეც, მაგრამ ამის ალბათობა უფრო დაბალია.

კვლევის თანახმად, გამოავლინეს მხოლოდ სუსტი კავშირი ინტელექტსა და წარმატებულ ხელმძრვანელობას შორის. კარიერის დასაწყისში ინტელექტუალური შესაძლებლობები შესაძლებელია გადამწყვეტი იყოს წარმატებული მენეჯმენტისათვის, მაგრამ შემდეგ, სოციალურ უნარებს შესაძლოა მიენიჭოს გადამწყვეტი ძალა. ხნაგრძლივი კარიერული წარმატება აღმოჩნდა, რომ არ არის დამოკიდებული ინტელექტზე, არამედ უფრო მეტად დამოკიდებულია ისეთ უნარებზე, როგორიცაა: ინიციატივის აღება, დამოუკიდებლობა და სტრესგამძლეობა.

კვლევების თანახმად, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი შემოსავალი. მაგალითად, გაყიდვების აგენტები, რომლებსაც ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი კომპეტენციის – ოპტიმიზმის სკალაზე მაღალი ქულები ჰქონდათ, 37 %-ით მეტ გაყიდვებს აწარმოებდნენ.

მაღალი ემოციურ ინტელექტის მქონე ადამიანები მეტ ფულს შოულობენ – წელიწადში საშუალოდ 29000 დოლარით მეტს, ვიდრე დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები. ემოციურ ინტელექტსა და შემოსავლებს შორის კავშირი იმდენად პირდაპირია, რომ ემოციური ინტელექტის ყოველი პუნქტით ზრდა წლიური ხელფასის 1300 დოლარით ზრდას იწვევს. ეს დასკვნები ეხება ადამიანებს ყველა ტიპის ორგანიზაციაში, ყველა დონეზე (თანამდებობაზე) და მსოფლიოს ყველა რეგიონში. ჯერ ვერ მოიძებნა ისეთი სამუშაო, რომლის შესრულების დონე და ანაზღაურება მჭიდროდ არ უკავშირდებოდეს ემოციურ ინტელექტს.

Talentsmart-ის მიერ ჩატარდა კანდიდატების ტესტირება. შეფასდა, როგორც ემოციურ ინტელექტში, ასევე 33 სახის სხვადასხვა მნიშვნელოვან სამუშაო უნარი. აღმოჩნდა, რომ ემოციური ინტელექტი არის სამუშაოს შესრულების პროგნოზირების ყველაზე ძლიერი ინდიკატორი და ხსნის წარმატების 58% ყველა სახის სამსახურში.

გასაგებია, თუ დღეს დასაქმების მთავარი მოთხოვნაა რატომ არ არის ტექნიკური შესაძლებლობები. უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა პირის უნარი ისწავლოს და განვითარდეს ახალ სამუშაო ადგილას, ახასიათებდეს მიზნისკენ სწრაფვა, თავდაჯერებულობა, ამბიციურობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, სტრესისა და კონფლიქტის მართვა, თვითპრეზენტაცია და ა.შ.

ბევრი ორგანიზაცია შერჩევაში იყენებს ემოციური ინტელექტის დონის საზომ ტესტებს. ერთ-ერთმა კოსმეტიკურმა კომპანიამ თანამშრომელთა შერჩევის პროცესში შეიტანა ცვლილება, კერძოდ შერჩევა განახორციელა ემოციური ინტელექტის გათვალისწინებით. შედეგი: ახალი სისტემით შერჩეულმა კანდიდატებმა გაყიდეს დაახლოებით 91 000$ – ით მეტი, ასევე დენადობაც ამ ჯგუფის შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე სტანდარტული შერჩევის პროცედურის გამოყენებით შერჩეული კანდიდატების შემთხვევაში.

შესაძლებელია ემოციური ინტელექტის განვითარება?

თუ ასაკის მატებასთან ერთად, IQ -ს დონე თითქმის იგივე რჩება, EQ-ს დონე უფროდაუფრო მატულობს, ის პიკს აღწევს დაახლოებით 50 წლის ასაკში და ნარჩუნდება ან ოდნავ ქვეითდება 55 წლის შემდგომ პერიოდში.

კვლევების თანახმად, ემოციური ინტელექტი გაცილებით მაღალი აქვთ შედარებით ასაკიან ადამიანებს, ვიდრე ახალგაზრდებსა და მოზარდებს. ასაკის მატებასთან ერთად პიროვნების ემოციური ინტელექტი უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებს, რაც ადასტურებს, რომ მისი განვითარება შესაძლებელია.

ემოციური ინტელექტის განვითარებისათვის აუცილებელია ტრენინგი და მუშაობა კონკრეტული უნარების გამომუშავებაზე. ტვინი ქმნის ახალ კავშირებს, როდესაც დავისწავლით ახალ უნარებს. ცვლილება თანდათანობითია. ემოციური ინტელექტის განვითარება დაკავშირებულია ტვინის ორ ცენტრს შორის მილიარდობით ნეირონების მიერ წარმოქმნილ ერთგვარ მაკავშირებელ “ხიდთან”. ცალკეულ უჯრედს შეუძლია წარმოქმნას 15 000 კავშირი მის მეზობელ უჯრედებთამნ. მსგავსი ჯაჭვების წარმოქმნა ხელს უწყობს ემოციური ინტელექტის განვითარებას და დასწავლილი ახალი ქცევების გარდაქმნას ჩვევებში. ემოციური ინტელექტი არის კავშირი რაციონალურ და ემოციურ გონებას შორის. აღნიშნული კავშირის გაძლიერება კი განაპირობებს ადამიანთა წარმატებას პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.

მაია ხოსიტაშვილი

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური