GE

ნასწავლი მასალის ეფექტურად გამეორებისა და გახსენების მეთოდები აბიტურიენტებს ქართულის სპეციალისტისგან – 7 ნაბიჯი

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის წელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. სწორედ ამიტომ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე, ეკატერინე შარაშიძე, აბიტურიენტებს, რომელთა საგამოცდო მზადებაც ყველაზე ცხელ ფაზაშია შესული, განვლილი მასალის ეფექტურად გამეორებისა და გახსენებით მეთოდებს უზიარებს.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი EDU.ARIS.GE-ს მკითხველს იგივე რჩევებს აძლევს, რასაც საკუთარ მოსწავლეებს და ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის სხვადასხვა ნაწილისთვის წარმატებით თავის გართმევისა და საჭირო დროს საჭირო მასალის გახსენებისათვის გამოსაყენებელ კონკრეტულ ხერხებს უყრის თავს.

იგი ამბობს, რომ გამოცდების შიში და მღელვარება მეხსიერებაში არსებულ შინაარსებს ბლოკავს, ამიტომ ამ საკითხის მიმართ პრაგმატული მიდგომა ბევრად ხელსაყრელია, თუნდაც იმიტომ რომ, „სიმშვიდე წარმატების გარანტიაა“.

„მეხსიერება არის უნარი, ადამიანმა გამოცდილების შედეგად მიღებულ ინფორმაცია შეინახოს და საჭირო შემთხვევაში გამოიყენოს. ადამიანის მთელი ცოდნა ინფორმაციის ჯამი და კოგნიტური უნარების კომპლექსური სისტემაა, მაგრამ ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა აუცილებელია. ეს კი ნასწავლი თემების გამეორებასა და სქემებად დალაგებას მოითხოვს.

ალბათ, უკვე ყველა აბიტურიენტმა იცის საგამოცდო ფორმატი ქართულ ენასა და ლიტერატურაში – პრობლემაზე ორიენტირებული თემები იწერება. ტექსტი მოცემულია, შესაბამისად საპროგრამო მასალის დაზეპირება საჭირო არ არის, მაგრამ პარალელისათვის, აქტუალობისათვის შესაბამისი მაგალითების გახსენება ყველას მოუწევს.

ამიტომაც:

  • წაიკითხეთ ხელახლა ის ტექსტები, რომლებიც უკვე „გაიარეთ“. გონება განაახლებს ინფორმაციას და შინაარსები უკეთ აღიბეჭდება;
  • რადგან შეკითხვებში ლიტერატურული მიმდინარეობა და ტროპის სახეებიც მოდის, ეს საკითხებიც გაიმეორეთ. მაგალითად, რომელი ლიტერატურული მომდინარეობის წარმომადგენელია გრიგოლ ორბელიანი? ნიკო ლორთქიფანიძე? როგორი ლიტერატურული ხერხია შედარება, ეპითეტი, მეტაფორა… თქვენ უნდა შეძლოთ მისი ამოცნობა;
  • შექმენით ფაილი და თემატურად დალაგებული ანდაზები, აფორიზმები, სენტენციები „ჩააწკაპეთ“ (შეგიძლიათ, თქვენს წიგნაკში ჩაწეროთ). თუ რომელიმე ციტატას ვერ გაიხსენებთ გამოცდის დროს, ბრჭყალებში არ ჩასვათ და პარაფრაზის სახით გამოიყენეთ;
  • გონების თვალით გადახედეთ ტექსტებს. რომელი პერსონაჟის ქცევას მიუსადაგებდით დასაწერ თემაში წარმოდგენილ პრობლემას? მაგალითად, შუშანიკი რწმენისთვის აწამეს, მაგრამ შეგიძლია განაზოგადო და იდეისთვის თავდადებულ, უკომპრომისო ადამიანის ქცევას მიუსადაგო, საზოგადოების დაუნდობელი ზეწოლის მაგალითად აღაზას ბოლო ქცევა გაიხსენო (თემისგან გარიყული თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს). მოკლედ, გადახედეთ პერსონაჟებსა და სცენებს;
  • პარალელისთვის ძალიან ეფექტურია ბიოგრაფიული ცნობები გამოჩენილი ადამიანებისა (გაიხსენე ისტორიული პირები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები…).

ძალიან ხშირად თემის აქტუალობის წერისას ექმნებათ პრობლემა, თეზისს აყალიბებენ, თუმცა ადეკვატურ მაგალითს ვერ იხსენებენ. ყველაზე მარტივი საშუალება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალაა.

ამიტომ:

  • გაიხსენეთ ცნობილი ადამიანები, ფაქტები, მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება (რომელი თემა არ განხილულა და არ დაწერილა) და მოიყვანეთ მაგალითად;
  • გამოცდებამდე გადახედეთ სტატისტიკურ მონაცემებსა და კვლევებს შესაბამის ვებ-გვერდებზე.
    და ბოლოს, გახსოვდეთ, თავად თქვენ ხართ თქვენი ბედის მჭედელი და ცხოვრების არჩევანიც!“.

ასევე იხილეთ:

„დროულად დაიწყეთ…“ – სპეციალისტების რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც თვლიან, რომ „რაც ისწავლეს, ყველაფერი დაავიწყდათ!“

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური