GE

„დროულად დაიწყეთ…“ – სპეციალისტების რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც თვლიან, რომ „რაც ისწავლეს, ყველაფერი დაავიწყდათ!“

„აღარაფერი მახსოვს“, „ვეღარაფერს ვსწავლობ“, „ყველაფერი დამავიწყდა, რაც აქამდე ვისწავლე“ – თუკი თქვენს ოჯახში, სამეგობროში, საახლობლოში აბიტურიენტები არიან, მაშინ მსგავსი შინაარსის ჩივილი ხშირად გექნებათ მოსმენილი და გამოცდების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირადაც მოისმენთ.

აბიტურიენტების განცდები გამოცდებამდე დარჩენილი დროის შემცირების პირდაპირპროპორციულად იმატებს. ისინი ახლა უკვე დასკვნით ეტაპზე არიან, რაც განვლილი მასალის გამეორებასა და მიღებული ცოდნის მობილიზებაში გამოიხატება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნასწავლის გახსენება ისეთი მოსწავლეებისთვისაც კი პრობლემაა, რომლებიც მთელი წელი ბეჯითად მეცადინეობდნენ და მასალაც წარმატებით დაძლიეს. ამ პრობლემებით აბიტურიენტები ჩვენც ხშირად გვწერენ და გვთხოვენ, გამოსავლის პოვნაში დავეხმაროთ. ამბობენ, რომ ახლა, ყველაზე „ცხელ“, დასკვნით პერიოდში, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საკუთარი გონებრივი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ, მღელვარება შეიმცირონ, კონკრეტული საკითხების გახსენება შეძლონ და მიიღონ პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ დაიცავს იმ უსიამოვნებისგან რასაც „რაც ვიცოდი, ყველაფერი დამავიწყდა“ ჰქვია და რაც ადამიანების დიდ ნაწილს გამოცდებზე ემართება.

აბიტურიენტებში ნასწავლის გახსენების პრობლემებსა და ამ პრობლემის გადაჭრის, ან შემსუბუქების მეთოდებზე EDU.ARIS.GE სპეციალისტებს ესაუბრა და მიიღო რეკომენდაციებიც, რაც აბიტურიენტებს გამოცდებამდე დარჩენილ მცირე დროში და უშუალოდ გამოცდებზე ნასწავლის აღდგენასა და გახსენებაში დაეხმარება. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე დრამატულადაა, როგორც, შეიძლება, ახლა რომელიმე აბიტურიენტს ეჩვენებოდეს, რომელსაც საკუთარი შრომის შედეგის დანახვა და რომელიმე საკითხის გახსენება უჭირს.

რა გზას მივმართოთ გამოცდებამდე დარჩენილ მოკლე დროში, რათა განვლილი მასალის ხარისხიანად გამეორება და ცოდნის თავმოყრა მოვახერხოთ? როგორ მოვიქცეთ უშუალოდ გამოცდაზე, რომ ნასწავლი გაგვახსენდეს? რა იწვევს ამ ყველაფერს და როგორ ვუშველოთ წინასაგამოცდოდ მეხსიერებას? როგორ დავეხმაროთ ჩვენს თავს მობილიზებაში, როგორ შევამციროთ შფოთვა და მღელვარება თითოეულ საგამოცდო სესიაზე, რაც ჩვენში ნაყოფიერი მუშაობის უნარს ამცირებს? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ნეიროფსიქოლოგებისგან და ფსიქოლოგებისგან მიიღებთ, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია და თუ როგორ, ამას ინტერვიუში გვიმხელენ.

რატომ ვეღარ ვიხსენებთ ნასწავლს?

აღნიშნულ პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე EDU.ARIS.GE ორ სპეციალისტს ესაუბრა. მიზეზების ჩამონათვალი ვრცელი და მრავალფეროვანია, თუმცა, მათგან მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე გავრცელებულებს წარმოგიდგენთ, რომლებიც კლინიკურმა ნეიროფსიქოლოგმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა გაგვიზიარა: დიდი რაოდენობით მასალის მოკლე დროში სწავლა; ინფორმაციის ზედაპირული გადამუშავება; მასალის დასასწავლად ტექსტის მხოლოდ წაკითხვა, თუნდაც რამდენჯერმე; საკუთარი შემეცნებითი უნარების შესახებ ინფორმაციის არქონა; ჩვენზე მორგებული, ინფორმაციის გადამუშავების ეფექტური სტრატეგიების ნაკლებობა და ა.შ. ამ ყველაფერს, ნეიროფსიქოლოგის თქმით, კიდევ ემატება ისეთი ფაქტორების ზეგავლენა, როგორიცაა ნერვული სისტემის სტაბილურობა, ყურადღების მდგრადობა, ხარისხიანი ღამის ძილი, ფიზიკური დატვირთვა, სასწავლო აქტივობებს შორის ხარისხიანი დასვენება და ა.შ.

განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტი ლელა ტყეშელაშვილი კი ემოციურ ფაქტორებზე, განსაკუთრებით კი შფოთვასა და მღელვარებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც სტრესულ სიტუაციაზე ნერვული სისტემის პასუხია. მიუხედავად ამისა, სპეციალისტი გვეუბნება, რომ შფოთვა და სტრესი არ უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ უარყოფითი და ხელის შემშლელი მოვლენა. მისი თქმით, არსებობს მობილიზების ოპტიმალური დონე, რომელიც შრომის, სწავლის ნაყოფიერებას ზრდის. ანუ, გააჩნია ინტენსივობას. შფოთვა იმ ინტენსივობით, რომელიც სხეულს მობილიზებისა და ცოდნის გახსენება/აღდგენისკენ უბიძგებს, მნიშვნელოვანი მდგომარეობაა და ადამიანებზე დადებითადაც კი მოქმედებს.

„გამოცდის დღის მოახლოება დაძაბულობას განსაკუთრებით ზრდის. ჯერ კიდევ არის იმის დრო, რომ აჩვენონ მაქსიმალური შედეგი, ამის მიღწევა წინასწარი მომზადებით არის შესაძლებელი, აუცილებლად უნდა იზრუნონ ზოგადი ემოციური ფონის დაბალანსებასა და გამოცდაზე გამოსაყენებელ ხერხებში გავარჯიშებაზე“, – ამბობს ლელა ტყეშელაშვილი და თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, ამას ცოტა ქვემოთ გვიმხელს.

ნასწავლის გახსენების მეთოდები

ჩვენი რესპონდენტები აბიტურიენტებისთვის სასიხარულო ინფორმაციასაც გვაწვდიან და ამბობენ, რომ მათი შრომა წყალში არ ჩაიყრება, საჭირო დროს საჭირო მასალის გახსენებას შეძლებენ და ამის გამო, წინასწარ, თავი ნერვიულობით არ უნდა დაითრგუნონ. ამისათვის არაერთ მეთოდსაც გვიზიარებენ, რაც ახალგაზრდებს საკუთარი თავის დახმარებისა და გადამწყვეტ მომენტში ტვინის ღრმა უბნებში მიძინებული ცოდნის გააქტიურებაში დაეხმარებათ.

მაია მაჭავარიანი (კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორი):

  • ახალი მასალის ათვისების ყველაზე ეფექტური სტრატეგია ტექსტის ე. წ ღრმა გადამუშავებაა. რაც იმას ნიშნავს, რომ არა უბრალოდ ვკითხულობ ტექსტს, არამედ ამ პროცესში ვცდილობ ახალი ინფორმაცია ჩემს პირად გამოცდილებასთან დავაკავშირო. ვიხსენებ რა ვიცი უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით. ვაანალიზებ როგორ უკავშირდება ახალი ინფორმაცია უკვე არსებულ ცოდნას;
  • კარგი ხერხია მასალის ვიზუალიზაცია. გამოიყენეთ ცხრილის, ან დიაგრამის აგების მეთოდები, ვიზუალურად წარმოდგენილი ინფორმაცია გაცილებით მარტივად გაგახსენდებათ;
  • შექმენით ტესტი, ან როგორც მინიმუმ, შეადგინეთ ტექსტის ირგვლივ რამდენიმე კითხვა და შეეცადეთ უპასუხოთ ამ კითხვებს უშუალოდ ტექსტის წაკითხვისა და ასევე, რამდენიმე დღის შემდეგ;
  • შეეცადეთ არ დაგემართოთ ე.წ „ცოდნის ილუზია“ როდესაც ფიქრობ, რომ იცი, მაგრამ, რეალურად, ცოდნა ძალიან ზერელე და არამდგრადია. ასეთ ილუზიას ქმნის მასალის ბევრჯერ წაკითხვა. მეორედ და მესამედ წაკითხვის დროს ნაცნობობის განცდა გვაქვს, რადგან იგივე ტექსტს ვკითხულობთ, ამიტომ გვგონია, რომ უკვე ვიცით, მაგრამ მყარი ცოდნისთვის მხოლოდ წაკითხვა, თუნდაც რამდენჯერმე, ღრმა გადამუშავების გარეშე, საკმარისი არ არის;
  • კიდევ ერთ ნაცადი და ეფექტური მეთოდი, უკვე ნასწავლის ძილის წინ გადამეორებაა. ახალი მოგონებების ფორმირება/გამყარება ძილის პროცესში ხდება. თუ გსურთ კარგად დაგამახსოვრდეთ მასალა, ჯერ კარგად გადაამუშავეთ დღის მანძილზე, შედეგ შეგიძლიათ დაისვენოთ, უშუალოდ დაძინების წინ კი კიდევ ერთხელ გადახედეთ.

ლელა ტყეშელაშვილი (განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტი):

  • რადგან გამოცდებამდე დრო ჯერ კიდევ გაქვთ, სწავლის პროცესში ეცადეთ ინფორმაცია რაც შეიძლება მოწესრიგებულად და ლოგიკური თვალსაზრისით დახარისხებულად „შეინახოთ“ გონებაში, გამოიყენოთ ეფექტიანი დამახსოვრების ტექნიკები, რათა სტრესის ფონზე გაგიადვილდეთ მეხსიერებაში ინფორმაციის მოძიება;
  • ადრე ნასწავლის გამეორების პროცესი რაც შეიძლება დროულად დაიწყეთ. ნუ აირჩევთ მთელი მასალის განუწყვეტლივ და უსისტემოდ კითხვის სტრატეგიას;
  • ნასწავლისათვის მთლიანობაში თვალის გადავლება და საკვანძო საკითხების დაფიქსირება ადამიანს ეხმარება, უფრო მკაფიო წარმოდგენა შეიქმნას თავის ცოდნაზე. გაჩენილი შეკითხვები პირდაპირ მასწავლებელთან გადაამოწმეთ. თქვენს ჩანაწერებს მიეცით კომპაქტური და მოწესრიგებული სახე;
  • ხშირად პანიკა გამოცდის წინა საღამოს იწყება. ზოგადად, შიშს გაურკვევლობა იწვევს. მოამზადეთ საგამოცდოდ ყველა წვრილმანი წინა დღეს, გაამზადეთ ყველა ნივთი, რაც მიგაქვთ;
  • წინა დღეს შეადგინეთ გეგმა, რათა მოულოდნელობა და ბუნდოვანება მაქსიმალურად აღკვეთოთ. დეტალურად წარმოისახეთ სიტუაცია, როგორ გაიღვიძებთ, მოწესრიგდებით, რას ჩაიცვამთ, როგორ მიხვალთ საგამოცდო ცენტრში, როგორ ფიქრობთ საგამოცდო საკითხებზე და წერთ და ა.შ;
  • გაიმეორეთ მხოლოდ ძირითადი საკითხები. მიეცით ტვინს საშუალება, თვითონ დაალაგოს, მოაწესრიგოს მიღებული ინფორმაცია. როგორც წესი, აბიტურიენტები მეცადინეობენ წინა დღით განსაკუთრებით ინტენსიურად. 24/7 მეცადინეობა გამოგფიტავთ, პროცესი მოსაწყენი გახდება და საგამოცდო კონცენტრაციაც დაიკლებს;
  • არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დამამშვიდებელი წამლები გამოცდის წინა დღეს. მით უმეტეს – გამოცდის დღეს. სტრესი ადამიანს სჭირდება მობილიზაციისათვის, დამამშვიდებელი პრეპარატები კი თრგუნავს ტვინის აქტიურობას, ადუნებს ადამიანს მაშინ, როცა მობილიზაციაა საჭირო;
  • რაც არ უნდა შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს აბიტურიენტი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ენერგეტიკული სასმელით ან ყავით ხელში მიიჩქარის, ორივე მათგანი საზიანოდ უნდა მიიჩნიოთ. ეს ნივთიერებები აძლიერებს შფოთვას, ეს კი ნამდვილად არ გჭირდებათ და დაგაზარალებთ;
  • გამოცდაზე დროულად ან ადრიანად გამოცხადდით. საგამოცდო ღელვას დაგვიანების ფორიაქს ნუღარ დაამატებთ;
  • თუ პირდაპირ ტესტის კეთებას დაიწყებთ, შესაძლებელია, უფრო მეტი შეცდომა დაუშვათ ან გამოგრჩეთ რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ცოტა ხნით ისხედით თვალდახუჭული, შეახსენეთ თქვენს თავს, რომ თქვენი ამოცანაა გაკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს შესაძლებლობებშია;
  • თუ გიჭირთ კონცენტრაციის შენარჩუნება, საჭიროა, არა მხოლოდ წაიკითხოთ დავალების პირობა, არამედ უხმოდ, სხვებს რომ ხელი არ შეეშალოთ, უკარნახოთ და წაუკითხოთ ის საკუთარ თავს. ეს გამოაცოცხლებს თქვენს მეხსიერებას და დავალებასთან დაგაბრუნებთ;
  • დაგეგმეთ, რომელ კითხვებს გასცემთ პასუხს, გაიხსენეთ მასწავლებლების მიერ საგამოცდო პროცედურასთან დაკავშირებით მიცემული რჩევები (თუ მათ ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ თქვენთან ამაზე, თქვენ თვითონ კითხეთ);
  • დაიწყეთ მარტივი დავალებებით, საგამოცდო ტესტებიც ხშირად ამავე პრინციპით არის შედგენილი. მარტივით დაწყება თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ღელვას და წარმატებით „ჩართავს“ სააზროვნო პროცესებს. რთულმა დავალებამ კი, თუ მისი ამოხსნა გაგიჭირდათ, შესაძლებელია, დაგძაბოთ და მარტივ სავარჯიშოებშიც დაუშვათ შეცდომა;
  • თუკი მუშაობის დროს იგრძნობთ, რომ პანიკამ შემოგიტიათ და რამეს ვერ იხსენებთ, შეწყვიტეთ წერა რამდენიმე წამით და დახუჭული თვალებით ისევ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ, საკუთარ თავს რაიმე გამამხნევებელი აზრი, მაგალითად: „მე ვმეცადინეობდი და მოვახერხებ ტესტის დაძლევას“ -ეს შეაჩერებს მოულოდნელად წარმოშობილ ხელისშემშლელ და ცუდ მოლოდინებთან დაკავშირებულ აზრებს, როგორებიცაა „გამოცდას ვერ ჩავაბარებ,“ ან „რა მეშველება, რომ ვერ ჩავაბარო?!“ უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია, აუდიტორიიდან ხანმოკლე გასვლაც მოითხოვოთ.

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა -45 ათასზე მეტია დარეგისტრირებული.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური