GE

ნათელა ვასაძე – გრიგოლ რობაქიძის პრემიის პირველი მფლობელი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სულ ახლახანს დააწესა ქართველი მწერლის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, გრიგოლ რობაქიძის პრემია, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უშუალო ინიციატივითა და წინადადებით ნათელა ვასაძეს გადაეცა.

ამგვარი ჯილდო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგისათვის საბჭოთა კავშირისა და შემდეგ რუსეთის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისათვის პირველი არ არის. შთამბეჭდავი მოღვაწეობის გამო, ის არაერთი წოდებისა და ორდენის მფლობელია. პროფესიით ფილოლოგი იკვლევდა პედაგოგიკის თეორიისა და ქართული პედაგოგიური აზროვნების ისტორიის საკითხებს. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მრავალი გამოცემის რედაქტორი. მათ შორისაა „საქართველოს პედაგოგიური აზრის ანთოლოგია“, „პედაგოგიკის ისტორიის“ სახელმძღვანელო.

სხვადასხვა წლებში იყო თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს განათლების მინისტრი, უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. 1958-1961 წლებში არჩეულ იქნა მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად. 1986 წელს კი, ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, ამჯერად, საპატიო პრეზიდენტი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი, ღირსებისა და მრავალი სამთავრობო ჯილდოს კავალერი. 1992 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის პროფესორი.

„ემოციების გამო ჩემთვის ძნელია საუბარი, ისღა დამრჩენია, მუხლმოდრეკილმა და თავდახრილმა გითხრათ მადლობა ასეთი დაფასებისა და საპატიო ჯილდოს გადმოცემისთვის. არასდროს არანაირი სიმდიდრე არ მიძებნია, მაგრამ ყოველთვის მდიდარი ვიყავი ჩემი აღზრდილებით.

„როდესაც ამ ჯილდოს შესახებ მაუწყეს, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, თუმცა ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ დიდი ადამიანის სახელობის პრემიის მფლობელი გავხდებოდი. უბედნიერესი ვარ, რომ იგი სწორედ აქ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, გადმომეცა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ამ საზოგადოების წინაშე გამოსვლა“, – განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე ნათელა ვასაძემ.

უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე პრემიის შესახებ გვესაუბრება და ამბობს, რომ ეს იდეა გრიგოლ რობაქიძის სახელის უკვდავყოფისა და დამსახურებული ადამიანების სათანადოდ დაფასების სურვილმა გააჩინა. ის გადაეცემა იმ მოღვაწეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ახალ სიმაღლეზე აიყვანეს ქართული განათლების, მეცნიერების, მწერლობისა და, ზოგადად, საზოგადოების განვითარება, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პროფესიონალთა და მეცნიერთა თაობის აღზრდის, ერის სულიერი და ზნეობრივი ბაზისის ჩამოყალიბების საქმეში. პრემიის პირველი მფლობელი, ნათელა ვასაძე კი თავისი მოღვაწეობით, თვალსაჩინო მიღწევებით, განათლების სფეროს განვითარებისა და ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პირველ რიგში იმსახურებდა ამ პრემიას.

„გვინდოდა, რომ ამ პრემიის თამასა ძალიან მაღლა აგვეწია, ამიტომ ყურადღება ქალბატონ ნათელაზე შეჩერდა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში მას უნიკალური როლი აქვს შესრულებული”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში მამუკა თავხელიძე.

საზეიმო ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ხონელიძემაც მიმართა, რომელმაც ქალბატონ ნათელასთან მუშაობის წლები და ის მიღწევები გაიხსენა, რომელთაც მეცნიერებისა და პედაგოგიკის დარგის წინსვლასა და განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. როგორც რექტორმა განაცხადა, ნათელა ვასაძის მსგავსი ბიოგრაფიის მქონე მოღვაწე საქართველოს არც ისე ბევრი ჰყავს და მისი ღვაწლისა და რესურსის სათანადოდ დაფასებაა საჭირო.

„თუ ამ დარგსა და სფეროში რაიმე ჯილდო არსებობს, ეს ქალბატონი ყველას იმსახურებს… ზოგ ადამიანს ბიოგრაფია ქმნის და ზოგი ადამიანი თავის ბიოგრაფიაზე უფრო დიდია. ასეთივეა ქალბატონი ნათელაც. ის ყველა ასაკში ლიდერი იყო – როგორც მეცნიერი, როგორც პედაგოგი და ორგანიზატორი. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ადამიანის მოწიწებასა და პატივისცემას იმსახურებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა არც მათ ასაკს და არც თანამდებობას.

„მუდამ იყო და არის ობიექტური, მკაცრი და მომთხოვნი, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი თავისადმი. განათლების მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას არ ვაპირებდი, რადგან ეს უდიდესი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, იგი ხომ ნათელა ვასაძესთან არის დაკავშირებული. თუმცა, ქალბატონმა ნათელამ ისე დამისაბუთა ამის საჭიროება, რომ უარის თქმის უფლება აღარ მქონდა. მაქვს სურვილი რომ სოხუმის უნივერსიტეტში ქალბატონი ნათელა ვასაძის სახელობის კაბინეტი შეიქმნას, სადაც მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იქნება ასახული და იმედია, ამას ძალიან მალე განვახორციელებთ“, – აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში ზურაბ ხონელიძემ.

პრემიის გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით, აგრეთვე, გამოვიდნენ ქართველი დიპლომატი ქალი, პროფესორი ნათელა ლაღიძე და საქართველოს კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია, პროფესორი ზურაბ შხვაცაბაია, პროფესორი ინდირა ძაგანია, საქართველოს განათლების აკადემიის სწავლული მდივანი პროფესორი ლუბა ბიბილეიშვილი, გრიგოლ რობაქიძის პრემიის კომიტეტის წევრები, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური