GE

„ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“ – კსუ-ის უნიკალური გამოცემა

„ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“ – ასე ეწოდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ნაშრომს, რომლის ავტორებიც პროფესორი ვახტანგ მაისაია და კსუ-ის დოქტორანტი ალიკა გუჩუა არიან.

წიგნი საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, გეოსტრატეგიული კვლევებისა და სპეცსამსახურების ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე, ძალოვანი და თავდაცვითი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ამ მიმართულებით, ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. მონოგრაფია საქართველოში ქართულ ენაზე გამოცემული პირველი ნაშრომია და მისი გამოყენება სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოდაც შეიძლება.

ავტორების თქმით, აღნიშნული მონოგრაფია წარმოადგენს სრულფასოვან კვლევას, რომლის მსგავსიც საქართველოში პირველად განხორციელდა, თანაც სისტემური ანალიზის ფორმატით. წიგნში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ასიმეტრიული ომი, მეოთხე თაობის ომის თეორია, ჰიბრიდული ომი, ბიოლოგიური და ენტიმოლოგიური ომების არსი, ტერორისტულ ორგანიზაციებში მოქმედი სპეცსამსახურების მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა, ნატოს სტრატეგიული მიდგომები მეოთხე თაობის ომების წარმოებისას და ალიანსის ბირთვული დაგეგმარების სტრატეგიის რეალური არსი და ა.შ.

-ვახტანგ მაისაია: კვლევის უნიკალურობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ მასში კარგად არის ასახული ახალი ტექნოლოგიების გავლენა საერთაშორისო წესრიგის პირობებზე და მასობრივი განადგურების იარაღის ფაქტორისა და ბირთვული უსაფრთხოების მნიშვნელობა. ასევე, ამ მხრივ ნატოს ახალი გეოსტრატეგიული ამოცანების განხორციელება გლობალური სტაბილური პირობების მისაღწევად.

-ალიკა გუჩუა: წიგნში მოცემული საკითხები საკმაოდ აქტუალურია და საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ფონზე მათი მნიშვნელობა და როლი სულ უფრო იზრდება, რადგან ზუსტად აღნიშნული საკითხები ახდენს უდიდეს გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიგნში საკმაოდ კომპლექსურადაა განხილული გლობალური უსაფრთხოება და მოსალოდნელი რისკები.

-როგორც აღინიშნა, წიგნი ამ მიმართულებით ქართულ ენაზე დაბეჭდილი პირველი ნაშრომია. კონკრეტულად რა საკითხები წარმოადგენდა კვლევის ობიექტს?

-ვახტანგ მაისაია: კვლევის ობიექტია სამხედრო უსაფრთხოების თეორია და სამხედრო სტრატეგია, ისევე როგორც გეოპოლიტიკური თეორიების მიმოხილვა და მისი მოდელირება. აღნიშნული კვლევა ასევე პირველი გამოცემაა საქართველოში, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს არასახელმწიფოებრივი სამხედრო აქტორების არსი, ისეთების, როგორებიცაა: „დაეში“ და „თალიბანი“ და აჩვენოს, რა კავშირშია მათ მიერ განხორციელებული მიზნები და ამოცანები მეოთხე თაობის ომის სტარტეგიასთან. მოცემულ სიღრმისეულ კვლევაში ძირითადად დესკრიფციული მეთოდის გამოყენებით, მიმოხილულია სამხედრო სტრატეგიისა და სამხედრო ხელოვნების გეოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და გაანალიზებულია მსოფლიო პოლიტიკურ დონეზე არსებული პროცესები, გლობალური და რეგიონული სამხედრო უსაფრთხოების ფარგლებში.

-რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კვლევა?

-ალიკა გუჩუა: საქართველოში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, თანდათანობით მკვიდრდება ტენდენცია სამხედრო კვლევებისა და სამხედრო ხელოვნების, როგორც გლობალური, რეგიონული და ლოკალური ანალიზის დონეებზე შესწავლის, ამ მხრივ კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეულია. საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა აღნიშნულ საკითხებზე კვლევების ჩატარება, რადგან მონოგრაფიაში წარმოჩენილ თემებზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება დაცული გლობალური უსაფრთხოება. კვლევების ჩატარების გარეშე კი შეუძლებელია აღნიშნული საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა, მათი დარეგულირება, რეკომენდაციების შემუშავება, პრევენციული ზომების მიღება, რისკების მართვა და საერთოდ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა.

-რა მეცნიერულ სიახლეს სთავაზობს წიგნი საკითხით დაინტერესებულ მკითხველს?

-ვახტანგ მაისაია: მოცემულ წიგნში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე სიახლე, რომელიც მკითხველს და განსაკუთრებით აკადემიური და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს ნამდვილად დააინტერესებს:

  • პირველად საქართველოში აღნიშნულ მონოგრაფიაში წარმოჩენილია, თუ რას წარმოადგენს მეოთხე თაობის ომის კონცეფცია და სტრატეგია და მისი მნიშვნელობა სამხედრო სტრატეგიული კულტურის, ხელოვნებისა და სამხედრო პოლიტიკის განვითარების საქმეში, რომელმაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების დინამიკაზე;
  • წარმოჩენილია, თუ რას ნიშნავს ახალი აქტორის რაობა _ არასახელმწიფოებრივი რელიგიური აგრესიული აქტორი და, კონკრეტულად, დეტალურად არის გაანალიზებული ისეთი აქტორების საქმიანობა, მათი იდეოლოგია, სამხედრო დოქტრინები, სპეცსამსახურების სტრუქტურები, მათგან მომდინარე საფრთხეების მასშტაბები და ა.შ. როგორებიცაა: „ისლამური სახალიფო-დაეში“, „ალ-კაიდა“ და „თალიბანი“;
  • პირველად, პოლიტიკური მეცნიერების მეთოდების _ „შემთხვევის გარჩევისა“ და „მოვლენათა ანალიზის“ ფარგლებში, განხილულია ასეთი საშიში აგრესიული ტერორისტული გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და მათი განვითარების პროცესები სპეციალური ახალი ქვემეთოდის გამოყენებით _ კონკრეტული მოვლენების ანალიზით რეალური დროის ფარგლებში, ანუ აწმყო დროის ფორმატით, რათა უკეთ წარმოჩენილიყო მათი მნიშვნელობა იმდროინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების პირობებში და როგორ უნდა ემოქმედათ მაშინდელ ლეგიტიმურ აქტორებს. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებას, მათგან წამოსული საფრთხეების აღმოსაფხვრელად;
  • პირველად სრულად არის წარმოჩენილი, როგორია მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი და განსაკუთრებით კი მისი კომპონენტის, ბიოლოგიური აგენტებისა და ბიოლოგიური ომის ფენომენი, რომელიც ამ ეტაპზე, COVID-19 ასიმეტრიული საფრთხის გლობალური დონის განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოადგენს უაღრეს საინტერესო მოვლენას და სუპერ აქტუალურ თემას;
  • ფუნდამენტური კვლევის ფორმით არის გადმოცემული ნატოს თანამედროვე გეოსტრატეგიული ამოცანები და მიზნები და მისი მისი მიდგომა მეოთხე თაობის ომის წარმოების მიმართ. აქვე აღნიშნულია ნატოს გეოპოლიტიკური განვითარების ტენდენციები პოსტბიპოლარულ ეპოქაში;
  • პირველად საქართველოში შესრულებულია სრულმასშტაბიანი კვლევა, რომელიც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში პროცესების ანალიზს სამხედრო უსაფრთხოების კუთხით და კარგად და სრულად არის წარმოჩენილი ნატოს ბირთვული სტრატეგიის დეტალები, ნატოს როლი და ადგილი მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის განმტკიცებაში. მონოგრაფია თავისუფლად შეიძლება განიხილოს როგორც საქართველოში ევროატლანტიკური ღირებულებების გავრცელების ხელშემწყობი და ნატოს თემატიკის პოპულარიზაციის პროექტი, განხორციელებული სტრატეგიული კომუნიკაციის სტრატეგიის ფორმატში.

-რაში მდგომარეობს მეოთხე თაობის ომის კონცეფცია?

-ალიკა გუჩუა: თანამედროვე ეტაპზე სამხედრო სტრატეგიის ტრანსფორმაცია ახალი სამხედრო აზროვნებისა და ხელოვნების მოდელთან ასოცირდება, რომელსაც მეოთხე თაობის ომის კონცეფცია ეწოდება. მეოთხე თაობის ომი განისაზღვრება როგორც სამხედრო კონფლიქტები, რომლებიც შემდეგ ელემენტებს მოიცავს: მაღალი დონის ტექნოლოგიებს; ტერორიზმს; არაეროვნულ ბაზისს ან ტრანზიციულ კომბინირებულ ბაზისს; პირდაპირ შეტევას მტრის კულტურასა და იდეოლოგიაზე; მაღალი დონის ფსიქოლოგიური ომის ხელოვნებას, რომელიც ხორციელდება მედიასაშუალებების მანიპულაციით; მოწინააღმდეგზე მოკლევადიანი და მაღალი ინტენსივობის შეტევის განხორციელებას, რომლის მიზანია მისთვის მოწყვლადობის, სისუსტისა და გამოფიტვის შეგრძნების თავმსმოხვევა.

-რა კავშირშია „დაეშისა“ და „თალიბანის“ მიერ განხორციელებული მიზნები და ამოცანები მეოთხე თაობის ომის სტარტეგიასთან?

ვახტანგ მაისაია: დღევანდელ სამხედრო მოქმედებათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ უკვე ადაპტირებულია ასიმეტრიული ომის თეორია, რომელიც გამოიყენება მოდელში: აქტორი (ქვეყანა ან კოალიცია) vs არასახელმწიფოებრივი აქტორი (მაგალითად, „თალიბანი“) და საინტერესოა ის გარემოება, რომ ორივე მეომარი მხარე იყენებს სწორედ მეოთხე თაობის ომისთვის დამახასიათებელ სტატეგიასა და ტაქტიკას.

საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო კონტრტერორისტულ კოალიციაში „ისლამური სახალიფოს-დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მეოთხე თაობის ომის კონცეფციას აუცილებლად უნდა გაეცნოს საქართველოს თავდაცვითი ძალების ხელმძღვანელობა და ყველა რგოლის წარმომადგენელი, რადგანაც ნაშრომში ასევე კარგად არის წარმოჩენილი, თუ როგორ იყენებს ამ კონცეფციას რეალურ ცხოვრებაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობა.

-თქვენ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რამდენად რეალურია რადიკალურად განწყობილი რელიგიური აქტორების მხრიდან არსებული საფრთხეების თავიდან არიდება და სიტუაციის ნორმალიზება?

-ალიკა გუჩუა: საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, თუმცა სიტუაციის ნორმალიზება შეუძლებელი არაა, რადგან საერთაშორისო თანამშრომლობის მრავალი მაგალითი მეტყველებს წარმატებით ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებზე, რომელთა შედეგადაც თავიდან აირიდეს ტერორისტული აქტები და უამრავი ადამიანის მსხვერპლი. ქვეყნები საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, თუმცა არიან ე.წ. თავხედი სახელმწიფოები, რომლებიც თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, ანდა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ერთმანეთთან თანამშრომლობის მიუხედავად, ტერორისტულ ორგანიზაციებს ფარულ მხარდაჭერას უცხადებენ, რაც საფრთხეების თავიდან არიდებასა და სიტუაციის ნორმალიზებას ართულებს.

-კონკრეტულად რომელი სასწავლო კურსების ფარგლებში შეიძლება ამ სასწავლო რესურსის ინტეგრირება?

 -ვახტანგ მაისაია: მონოგრაფია შეიძლება განვიხილოთ როგორც „სამხედრო სტრატეგიის საფუძვლების“ სახელმძღვანელო. ის შეიძლება ამ თემატიკასთან დაკავშირებული ახალი სასწავლო კურსის კურიკულუმის შემუშავების საფუძველიც კი გახდეს.

-აპირებთ თუ არა სამომავლოდ ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებას?

-ვახტანგ მაისაია: ვაპირებთ აღნიშნული კვლევა კიდევ უფრო დავხვეწოთ და, რა თქმა უნდა, გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებიც შეიძლება პირველ გამოცემაში გამოვლინდეს. ვგეგმავთ მეტი ყურადღება გავამახვილოთ თანამედროვე საერთშორისო უსაფრთხოების ისეთი ახალი ტიპის ასიმეტრიული სახის სამხედრო გამოწვევაზე, როგორიცაა ბიოლოგიური აგენტების გავრცელება და ასევე ბიოტერორიზმის ფენომენი.

ამავე დროს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული კვლევა ინგლისურ ენაზე თარგმნოს და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარადგინოს, რაც საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო-ანალიტიკური სოციუმის მხრიდან დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური