GE

NDI-ს კვლევა: სკოლა სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს, განათლების კუთხით სასწრაფო რეფორმებია საჭირო

„სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს… საჯარო განათლებაში დროული რეფორმები აუცილებელია,“ – მსგავსი ტიპის დასკვნებს ამოიკითხავთ ეროვნულ დემოკრატიული ინტიტუტის  (NDI) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ყველაზე პარადოქსული, რაც ამ კვლევამ აჩვენა ისაა, რომ ერთის მხრივ, პირდაპირ დასმულ კითხვებზე, რომლებიც განათლების სფეროს მდგომარეობას ეხება, მოქალაქეები დადებით პასუხებს სცემენ, თუმცა დამატებითი კითხვებიდან გამოსჭვივის, რომ სფერო არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია.

მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (47 პროცენტი) მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას „კარგად“ ართმევს თავს. 27 პროცენტისათვის მთავრობა ამ კუთხით დაკისრებულ მოვალეობას თავს „ცუდად“ ართმევს,  7 %-ის  აზრით „ძალიან ცუდად“, 3% თვლის, რომ „ძალიან კარგად“, 15 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავენ (58 პროცენტი). აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში – 61 %. თუმცა, თბილისის მოსახლეობის 57 პროცენტი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით მთავრობას „ცუდად“ აფასებს.

მასწავლებლების ცოდნისა და პროფესიონალიზმზე საუბრისას უმრავლესობა ამბობს, რომ ამ ყველაფერს “საშუალოდ” (43 პროცენტი) აფასებს.  42 პროცენტის აზრით  კი მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი მისაღებია.

როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეების სკოლებს შერჩევისას, სადაც შვილებს მიიყვანენ, მთავარი კრიტერიუმი სახლთან სიახლოვეა ( 49%) და არა განათლების ხარისხი (27%) ან ინფრასტრუქტურა (1%). კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებთან შედარებით, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში უკეთესად აფასებენ: უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისხი, კლასგარეშე აქტივობები, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი და პროფესიული კარიერისთვის მომზადება. აღნიშნული მაჩვენებლები განსხვავებულია კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში. სკოლებისაგან განსხვავებით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ უსაფრთხოების, განათლების ხარისხის, ლექტორების პროფესიონალიზმის,  კლასგარეშე აქტივობებისა და კარგი სამუშაო ადგილის შოვნის შესაძლებლობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მეტია, ვიდრე კერძოში.

კვლევამ ცხადყო, რომ მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია სკოლაში კარგად სწავლისთვის (47 პროცენტი), სკოლის საატესტატო გამოცდებისა (55 პროცენტი) და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად (73 პროცენტი).

„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სახელმწიფო განათლების სისტემას ნეიტრალურად ან კარგად აფასებს, რეპეტიტორების ასეთი საჭიროება იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს.

„საჯარო განათლებაში დროული რეფორმები აუცილებელია, განსაკუთრებით იმისათვის, რომ აღმოიფხვრას უთანასწორობა იმათ შორის ვისაც ხელი მიუწვდება კერძო სკოლებსა და რეპეტიტორებზე და ვისაც ამისი შესაძლებლობა არ გააჩნია, “ – განაცხადა ლორა თორნტონმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

საქართველოში მიღებული განათლებით გამოკითხულთა 5% საქმდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური