GE

იქნება თუ არა მოსწავლისთვის 10-წლიანი სავალდებულო სწავლა „ციხეში ჯდომა“ – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამტკიცებს, რომ სავალდებულო სასკოლო განათლების 10-წლამდე გაზრდის გადაწყვეტილება განათლების სამინისტროსგან არ ყოფილა ერთ კაბინეტში მიღებული და ცვლილება პარლამენტს პროფესიული წრეების ფართო ჩართულობის საფუძველზე წარედგინა.

კანონპროექტი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის 10-წლამდე გაზრდის შესახებ უკვე პარლამენტშია – დეტალები

ამის შესახებ მინისტრმა 13 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას დასმული კითხვის პასუხად მას შემდეგ ისაუბრა, რაც სხდომაზე მყოფმა ერთადერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, სავალდებულო სასკოლო განათლების 10-წლამდე გაზრდის გადაწყვეტილება მოსწავლეების “ციხეში” ყოფნას შეადარა და მინისტრისგან განმარტება ითხოვა.

მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მათ შორის გამოიწვია სასკოლო სტანდარტების გადამუშავებამ, დატვირთულობის გადანაწილებამ 9 წლიდან 10 წელზე და ასევე მოსწავლისთვის ერთი წლით მეტი გააზრების შესაძლებლობის მიცემამ, რათა მოზარდმა შემდგომი განვითარება და პროფესია უფრო გააზრებულად, სწორად დაგეგმოს.

“ციხეში ზიან ცოტა უხეში სიტყვაა, ალბათ… მაშინ, გამოდის, რომ 12 წელი ზიან ეს ბავშვები ციხეში. როგორც იცით, 12 წელია ზოგადი განათლება, თქვენ საბაზო განათლებაზე გააკეთეთ ამ შემთხვევაში აქცენტი – 9 და 10 კლასზე. ამ ცვლილებას ბევრი წინაპირობა აქვს, მათ შორის დატვირთულობა. საგნობრივი სტანდარტების გადახედვის დროს, ყველა განახლებულმა სტანდარტმა უფრო სწორი ხაზი – იერარქიული, საგნებს შორის ბმებისა, გვაჩვენა 10 წელზე, ვიდრე ცხრაზე; ეს პირდაპირ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო კვალიფიკაციების აღიარებასთან, ვინაიდან დღეს 9-წლიანებს აღიარებაში ძალიან უჭირთ და 10+2 საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა, მაგრამ ჩვენ ეს პრაქტიკის გამო არ გაგვიკეთებია, ეს გავაკეთეთ სხვადასხვა შინაარსობრივი გადაწყობების გამო”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრმა განმარტა, რომ მოსწავლეთა 97% აგრძელებს სწავლას საბაზოდან საშუალო საფეხურამდე, იმ მოსწავლეებსაც შეეხო, ვისაც საბაზო საფეხურიდან სკოლის დატოვება სურს და მათთვის მიცემულ შესაძლებლობაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას სკოლაში აჩენს და არც უმაღლესში ტრანზიციას უზღუდავს მოსწავლეს.

“თუ ვიღაცას გასვლა უნდა სკოლიდან, ამის გაკეთება ყოველთვის შეუძლია. ჩვენ ჯამი არ გაგვიზრდია, ვინაიდან როგორც იყო 12 წელი, რჩება. ახლა გააზრებულია საბაზოს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების საკითხიც, ვინაიდან ერთი წლის დამატება, პირველ რიგში, მათი ცოდნის შემეცნებას შეუწყობს ხელს, შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას იმის თაობაზე, სად აგრძელებენ პროფესიას და მესამე – დიდი ნაწილი ამ ბავშვებისა, თუ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა გზა გაეხსნებოდათ პროფესიული განათლებისკენ, იმიტომ, რომ საბაზო განათლებით უმაღლესში ტრანზიცია ვერ ხერხდება, ჩვენ კი პირდაპირ ვპასუხობთ და სკოლებში შეგვაქვს პროფესიული განათლება… თქვენ ამ რეგულაციის მიღმა გინდათ თავისუფლება მივცეთ ბავშვებს, თუმცა ჩვენ ასე არ ვხედავთ”, – მიმართა გიორგი ამილახვარმა კითხვის ავტორს.

განათლების მინისტრმა დასძინა, რომ ჯერ საბაზოზე მუშაობენ და შემდგომში უკვე საშუალო საფეხურის განვითარებაზეც დაიწყება მუშაობა. მინისტრი თვლის, რომ “საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან გააზრებული, ჩართულობითი გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში, პირდაპირ პასუხობს მოსწავლის ინტერესებს”.

ასევე იხილეთ:

1 წლის დაკარგვა თუ „უკეთესი“ არჩევანი? – მოსწავლეები სკოლაში 9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხურის იდეაზე

9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხური სკოლაში – „ფუნდამენტური ცვლილება“ განათლების სამინისტროში განიხილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური