„ნუ შეეცდები მათთან დამეგობრებას – რჩევები, ანუ მითითებები ჩემი კლასის მომავალ დამრიგებელს“
ქართული ენის კონსულტანტ მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, გიორგი ჭაუჭიძე, საკუთარი კლასის მაგალითზე, მომავალ კლასის დამრიგებლებს საინტერესო რჩევებს აძლევს.
გასულ თქვეში გამოქვეყნებულ წერილში თითოეული ის ნაბიჯია განხილული, რომელიც, გიორგი ჭაუჭიძის აზრით, დამრიგებელმა უნდა გადადგას:
რჩევები ანუ მითითებები ჩემი კლასის მომავალ დამრიგებელს:
– განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ერთ მოსწავლეს. ამის შესახებ კიდევ აღვნიშნავ რჩევების ბოლოს.
– პირველივე საათებში დარწმუნდები, რომ მსოფლიოში საუკეთესო მოსწავლეების დამრიგებლობა გერგო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს შეხედულება შეგეცვლება და აღმოაჩენ, თუ რა ხათაბალაში გაგიყვია თავი. დარწმუნდები, რომ დიდი ძალიასხმევა და ყურადღებაა საჭირო მათთან სამუშაოდ… მაგრამ ხუთიოდე წლის შემდეგ, ისევ პირველ შეხედულებას დაუბრუნდები და მართლაც საუკეთესო მოსწავლეებს დაულოცავ გზას სკოლის დამთავრებისას.
– დიდი დრო დაუთმე ბავშვებთან ურთიერთობასა და საუბარს თუ ჯგუფურად, თუ ინდივიდუალურად. საუბარს განყენებულ, ყოფით, მათთვის საინტერესო თემებზე. ჩემი ერთ-ერთი შეცდომა ისიც იყო, რომ ამას სათანადოდ ვერ ვახერხებდი.
– შეეცადე, აარიდო ბავშვები აგიტაცია-პროპაგანდას. არ გეგონოს, რომ აგიტაციით მოახერხებ მათში პატიორტიზმის გრძნობის გაღვივებას ან პროპაგანდით ჩამოუყალიბებ შეგნებული მოქალაქის უნარებს. ხელი შეუწყვე ერთმანეთთან მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ამის შედეგად, პატრიოტული გრძნობაც თავს იჩენს მათში დროთა განმავლობაში და მოქალაქეობრივი შეგნებაც.
– ნუ შეეცდები მათთან დამეგობრებას — მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მეგობრობა ხომ შეუძლებელია… ნუ შეუბღალავ მათ ამ წრფელ გრძნობას. დიდი მიღწევა იქნება, თუკი მათს ნდობას მოიპოვებ. ამ შემთხვევაში მათი მეგორბული წადილებიც თავისით მოვა. მეგობრობისთვის კი დრო 5-10 წლის შემდეგ დაგიდგებათ, რასაკვირველია, თუკი ამის სურვილი და ინტერესი გექნებათ.
– არ ინერვიულო მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილის აკადემიური შედეგების გამო. ეს მათი ბრალი კი არა ჩვენი ცენტრალიზებული კურიკულუმებისა და სტანდარტების ბრალია — განა კლასების უმეტესობაში მოსწავლეთა ნაწილისთვის საგანთა ნახევარი მხოლოდ შორიდან არ ჩაივლის ხოლმე? დიდი მიღწევა იქნება, თუკი თითოეული მასწავლებლის მიმართ პატივისცემისა და დაფასების ჩვევის გამომუშავებაში შეუწყობ ხელს. შენ ხომ პირველ რიგში შენი კოლეგის მიმართ გამოვლენილი ზერელე დამოკიდებულება თუ უპატივცემულობა უნდა გაღელვებდეს…
– ხელი შეუწყვე აკადემიურად წარმატებული მოსწავლეების სწორი პრიორიტეტების განსაზღვრას. ასეთი მოსწავლეების ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა იყოს დახარჯული მათი აკადემიური შედეგების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
– ითანამშრომლე მასწავლებლებთან აკადემიურად დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეების სხვადასხვა არაფორმალური აქტივობებით დასატვირთად. შეუთანხმე მათ ასეთი გადაწყვეტილებები.
– გაუფრთხილდი და დააგემოვნე მათთან გატარებული საათები, შეეცადე ინტერესითა და ზომიერი ხალისით დატვირთო ეს დრო. ასეთ შემთხვევაში იგრძნობ, როგორ მოუხარიათ ამ ბავშვებს შენთან სკოლაში და როგორ მიგიხარია შენც მათთან.
– ყურადღებით იყავი. მშობლებიც ნახე და ესაუბრე ხოლმე. არ დაგიმალავ და ამ კომპონენტის მიმართულებითაც მეტის გაკეთება იყო საჭირო ჩემ მიერ.
წარმატებას გისურვებ! დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო ურთიერთობა გელოდებათ წინ!
დიდი მოკითხვა და სიყვარული ბავშვებს ჩემგან!
P. S. ზემოთ რომ გითხარი განსაკუთრებული ყურადღება ერთ მოსწავლეს მიაქციე-მეთქი, ყველას ვგულისხმობდი. სათითაოდ, თითოეულ მათგანს.
ასევე იხილეთ: