GE

„ონლაინ გამოცდაზე საერთოდ საუბარიც არ არის“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში, ეროვნული გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას გამორიცხავენ. უწყების სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია აცხადებს, რომ გამოცდების ჩვეულ რეჟიმში ორგანიზებისთვის სამუშაოები დიდი ხანია დაწყებულია.

„ეს შესაძლებლობა გამორიცხულია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოცდების ჩატარების დროისთვის, ეპიდსიტუაცია ნორმალური იქნება. ცენტრი მუშაობს, ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვასრულებთ გამოცდებს და მეორე დღიდანვე უკვე ვიწყებთ ახალი გამოცდებისთვის მზადებას. მიმდინარეობს მეთვალყურე-კურატორთა ტრენინგები ონლაინ რეჟიმში. ჯგუფები მზად არიან იმისთვის, რომ დროულად ჩაბარდეს საგამოცდო ტესტები. ასე რომ, ცენტრი ყველანაირად მზად არის, იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ  გასულ წელს ჩავატარეთ, ჩავატარებთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ონლაინ გამოცდაზე საერთოდ საუბარიც არ არის“, – განაცხადა მაია გაბუნიამ აჭარის ტელევიზიასთან საუბარში.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდა და 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი -12 800-ზე მეტი კანდიდატი. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური