GE

„ონლაინ სწავლება სრულიად უშედეგო იქნება ჩვენს შემთხვევაში“ – რა სირთულეებს აწყდებიან სპეცმასწავლებლები დისტანციური სწავლებისას

სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გადასვლის გამო სირთულეების წინაშე სპეცმასწავლებლებიც აღმოჩნდნენ. იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც განათლების მისაღებად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები უნდა გააჩნდეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიროება სწორედ მასწავლებელთან უშუალო კომუნიკაციაა. ამ ფაქტს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სპეცმასწავლებლებიც აღნიშნავენ.

ირმა დევიძე ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელია, მისი თქმით, ამ სკოლაში 7 სსსმ მოსწავლე ჰყავთ, ძირითადი სირთულე კი რაც დისტანციური სწავლების პროცესში შეექმნათ, ინტერნეტთან წვდომის პრობლემაა.

„ჩვენს სკოლაში სპეციალური საჭიროების 7 მოსწავლე სწავლობს, ჩემს კოლეგასთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დისტანციურ სწავლებაშიც იმ შედეგებს მივაღწიოთ, რასაც უშუალოდ სწავლის პროცესში გავაკეთებდით. პრობლემად ამ პროცესში მხოლოდ ინტერნეტთან არასრული წვდომაც შეიძლება ჩავთვალოთ. ყველა ვერ ახერხებს სისტემატურად დაესწროს საგაკვეთილო პროცესს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს, რა თქმა უნდა, ბავშვებს ურჩევნიათ ჩვენთან უშუალო კავშირი ჰქონდეთ, მაგრამ მშობლების დახმარებით ვცდილობთ, რომ ეს დანაკლისიც მეტ-ნაკლებად ავუნაზღაუროთ. ამ პროცესში გვეხმარებიან სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები. ისინი გვეხმარებიან თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის აქტივობების დაგეგმვაში, რომლებიც შერჩეულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან, ჩვენს პრობლემად მასწავლებელთა სქემა რჩება. ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სამინისტროსგან შესაბამის ცვლილებებს ველოდებით“, – განაცხადა ირმა დევიძემ.

მანანა ბ. -ც სპეციალური მასწავლებელია, რომელიც ფიქრობს, რომ დისტანციურად მუშაობა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან კიდევ უფრო ნაკლები შედეგის მომტანი იქნება, რადგან არც მშობლების ჩართულობაა ამ პროცესში და კომუნიკაციის პრობლემაც დგას.

„სირთულეებს ვაწყდებით მაშინ, როცა ბავშვს არა აქვს კომპიუტერი, არა აქვს ინტერნეტი და ტელეფონი. ამიტომ ძნელია, რადგან ვერანაირი საშუალებით ვერ ხერხდება დაკავშირება. ზოგადად კი, კომპიუტერითაც რთულია, როცა ბავშვებს ვადგავართ თავზე, ვმუშაობთ მათთან ერთად და მაინც ვერ ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც გვინდა, მით უმეტეს, დისტანციურად ჭირს მიზნების მიღწევა. ვფიქრობ, ონლაინ სწავლება სრულიად უშედეგო იქნება ჩვენს შემთხვევაში. მშობლები ნაწილობრივ გვეხმარებიან, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც თვითონაც არ იცის წერა-კითხვა, არათუ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. სამინისტროსთან ვურთიერთობთ ამ პროცესში მულტიდისციპლინური გუნდის საშუალებით, კვირაში სამჯერაც გვაქვს კონტაქტი, სადაც ვუზიარებთ მათ რა გვიჭირს, რა გვილხინს. ზოგადად კი, ყველაზე დიდ პრობლემად რაც მიმაჩნია, არა მხოლოდ ამ პირობებში, არიან მშობლები, რომლებიც არ აღიარებენ რომ მათ შვილებს სპეციალური საჭიროებები გააჩნიათ, რის გამოც ბევრი ბავშვი რჩება შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე. ჩვენს დროში კი, განათლებულ ადამიანებსაც უჭირს ცხოვრებაში თავის გატანა“, – აცხადებს მანანა ბ.

სპეციალური მასწავლებლების გარკვეული ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში გამოთქვამდა შიშს, რომ შესაძლოა მათ აპრილში ანაზღაურება ვერ მიეღოთ, რადგან მათი ნაწილი მოსწავლეებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა. თუმცა ამ ეტაპზე ეს შიში არ გამართლდა. როგორც სპეცმასწავლებლებმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს აპრილის თვის ანაზღაურება სრულად ჩაერიცხათ.

მართალია, განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ შეიმუშავეს სპეციალური რეკომენდაციები სსსმ მოსწავლეების სასწავლო პროცესისთვის, თუმცა როგორც რეალური სურათი ცხადყოფს რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაშიც კი, მიზნების მიღწევა გართულებული და ბევრ შემთხვევაში შეუძლებელიცაა. რა მექანიზმებს წარმოადგენს ამ მიმართულებით შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად განათლების სამინისტრო, დაანონსებულ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაში, ეს იმედია, უახლოეს ხანში გვეცოდინება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური