„ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, მშობლებმა ბავშვების თანდასწრებით არ უნდა გამოხატონ შფოთვა“
ამერიკასა და ინგლისში უკვე დაიდო კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ მშობლის ჩართულობის გარეშე, ონლაინ სწავლება ეფექტური არ არის, რადგან არ არის ფიზიკური კონტაქტი სკოლასთან, არ გამოდის ეს სწავლება ეფექტური და ასევე დისტანციური სწავლების ხელმისაწავდომობა სერიოზული პრობლემაა. ამ საკითხზე საუბრობს პროფესორი, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე და მშობლებს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს.
სწავლის გადადება სასკოლო სივრცეში განსაკუთრებით მტკივნეული პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის აღმოჩნდა. ბავშვები მერხების ნაცვლად კომპიუტერის ეკრანებს მიუსხდნენ და ამ რეალობაში ჩაიარა მასწავლებლის, კლასელების გაცნობამ და პირველმა გაკვეთილმაც.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ფსიქოლოგების რჩევა მშობლების მიმართ არ შეცვლილა, არ გამოხატონ თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ბავშვების თანდასწრებით დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით.
ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძის თქმით, მას ესმის მშობლების, ასევე ამბობს, რომ არც თავად არის ონლაინ სწავლების მომხრე, მაგრამ რადგან ასეთი მოცემულობაა ურჩევს მშობლებს, რომ ნაკლებად აგრძნობინონ ბავშვებს თავიანთი შფოთვა.
„მესმის მშობლებისაც, განსაკუთრებით, ვინც მუშაობს. ასევე წარმოიდგინეთ პირველკლასელები, რომლებიც ელოდებოდნენ სკოლაში წასვლას, ეს ხომ განსაკუთრებული მოვლენაა ცხოვრებაში და უცებ ეს საშინელი იმედგაცრუება, მაგრამ ეს არის მოცემულობა. როცა ჩვენ ვართ კიდევ უფრო გაღიზიანებულები, ამით ხომ ბავშვებს კიდევ უფრო ვსტრესავთ. როდესაც ბავშვს ესმის მშობლის გაღიზიანებული სიტყვები რა დამოკიდებულება შეექმნება მას სკოლის მიმართ? მშობლების პოზიციიდან რომ ვისაუბრო, მე არ ვარ მომხრე ონლაინ სწავლების, მე თვითონ ვარ მსხვერპლი ამ ონლაინ სწავლების როგორც უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელი და ჩემზე კარგად არავინ არ იცის რა დამღლელი და გამომფიტავია ეს მასწავლებლისთვის. ამ პროცესს სერიოზული ემოციური პრობლემები ახლავს ამას თან – დაძაბულობა, უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა და ა.შ.“, – აცხადებს თამარ გაგოშიძე.
მისი თქმით, ვინაიდან პირველკლასელებისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, წამყვანი უფრო სოციალური აქტივობებია, განსაკუთრებით რთულია დისტანციური სწავლების რეჟიმი.
„პირველკლასელებისთვის და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის არავერბალური კომუნიკაცია და სოციალური ურთიერთობები არის წამყვანი, ვიდრე შინაარსი. რეალურად ამ ასაკის ბავშვისათვის შინაარსი და ცოდნა მოყვება ამ რეალურ ურთიერთობებს, კომუნიკაციას მასწავლებელსა და ბავშვებს შორის. 6 წლის ბავშვს სჭირდება ფიზიკური კონტაქტი, დედა უნდა ჩაანაცვლოს მასწავლებლით და მისი ნდობა უნდა მოიპოვოს მასწავლებელმა. ახლა რადგან რეალობა ვირტუალურია, ჩემი რჩევაა მშობლებისთვის, რომ ბავშვებს ნუ ვაჩვენებთ ჩვენს გადარევას. მასწავლებლებისთვის კი ჩემი რჩევა იქნება, რომ ჯერ ეს ერთი ცოტა ბავშვი უნდა იყოს კლასში, რომ ყველას სახეს ხედავდეს და ასევე, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს არაფრომალური კონტაქტი ამ ვიდეო ჩართვის საშუალებით“, – განაცხადა თამარ გაგოშიძემ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება