GE

ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად სამინისტროს 59 ათასი ლარის დამატება დასჭირდა – მოსწავლეები კუთვნილ ჯილდოს პირველ სექტემბრამდე მიიღებენ

ოქროსა და ვერცხლის მედლების პრეტენდენტები, რომელთა ნაწილიც უკვე სტუდენტია, სახელმწიფოსგან ჯილდოს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე მიიღებენ. ამის შესახებ დაჩქარებული შესყიდვის შესახებ დოკუმენტაციაშია საუბარი, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 24 მაისს გამოაცხადა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, განათლების უწყებას წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად ბიუჯეტის გაზრდა 59 695 ლარით მოუხდა და თავდაპირველ ტენდერში დაფიქსირებული 275`650.00 ლარის ნაცვლად, 333 345 ლარს გადაიხდის.

შესყიდვის ობიექტია 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლების და მედლის ჩასადები ყუთების დამზადების და მოწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა: 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი. ჩასადები ყუთების საერთო რაოდენობა კი 8735-ია.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო, დაჩქარებული შესყიდვის განაცხადში აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს მედლები 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადაეცეს.

„სასწავლო პროცესში სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისათვის, მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება კი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენაა. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლის მხრიდან აკადემიური მოსწრებისადმი დაინტერესებას და საბოლოო ჯამში, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად და იმისათვის რომ მოსწავლეებში ამაღლდეს აკადემიური მოსწრებისადმი დაინტერესება, წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები უნდა გადაეცეთ 2021 წლის 01 სექტემბრამდე. ამდენად, წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათის ღონისძიებაა და ამ ღონისძიების შეზღუდულ ვადაში, შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი შესყიდვის პროცედურა განხორციელდეს შემჭიდროებულ ვადებში“, – ნათქვამია სააგენტოს განაცხადში.

ტენდერის გამოცხადების დროს, ცნობილი იყო, რომ ინტერესი რამდენიმე კომპანიას ჰქონდა, თუმცა განაცხადი არავინ შეიტანა. უწყებამ მიზეზების დასადგენად მოკვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ ტენდერის უშედეგოდ დასრულება დაბალმა სავარაუდო ღირებულებამ და ბაზარზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ფასები მასალებზე და დამუშავებაზე გაიზარდა 40%-ით ხოლო ტრანსპორტირებაზე 60%-ით,  პროდუქციის შეძენა ხდება უცხოურ ვალუტაში, ხოლო ტენდერი არ ითვალისწინებდა ლარის კურსის ცვალებადობას.

სააგენტომ დაასკვნა, რომ ხელახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ვადების გამო, არსებობს საფრთხე, რომ ბაზარზე ფასები კვლავ გაიზარდოს და კომპანიებმა კვლავ ვერ შეძლონ ტენდერში მონაწილეობის მიღება, რაც რისკის ქვეშ დააყენებს „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის” წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამის განხორციელებას.

დაინტერესებულ კომპანიებთან კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა შვიდი პრეტენდენტი, რომლებმაც მედლების დამზადების სურვილი გამოთქვეს და სახელმწიფოს თავის ფასიც წარუდგინეს. მათ შორის არის ეროვნული ზარაფხანა, რომელიც პროდუქციის დამზადებაში 631 599 ლარს ითხოვს, კომპანიებიდან ყველაზე დაბალი ფასი შპს „მერიდიან+“-მა წარადგინა 333 345 ლარი და შესყიდვის ღირებულებადაც ეს თანხა განისაზღვრა.

შესყიდვების სააგენტომ გამარჯვებული კომპანიის შესახებ გადაწყვეტილება 28 მაისს უნდა მიიღოს. მედლები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღეში, 69 რესურსცენტრში უნდა განაწილდეს.

ამავე თემაზე:

წარჩინებულებს ისევ ლოდინი მოუწევთ – ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური