GE

წარჩინებულებს ისევ ლოდინი მოუწევთ – ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ტენდერის ჩაშლის სავარაუდო მიზეზი სახელმწიფო ვალუტის არასტაბილური კურსია, რის გამოც მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ნივთების დამზადების სურვილი არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა.

როგორც 21 მაისს EDU.ARIS.GE-ს სატენდერო კომისიის აპარატში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და მიზეზების დადგენა, თუ რატომ არ მოხდა ინტერესის გამოხატვა, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში ტენდერი თავიდან გამოცხადდება.

2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთების დამზადებისა და მოწოდებისთვის ტენდერი 2021 წლის 20 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 3 მაისს დაიწყო და 6 მაისს დასრულდა, თუმცა მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს.

წარჩინებული მოსწავლეები, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე სტუდენტია, მედლების გადაცემას განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან რამდენიმე წელია ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტენდერი წარმატებულად დასრულდება, ახალგაზრდებს დაპირებულ ჯილდოს რამდენიმე თვეში გადასცემენ.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ აპრილში გამოცხადებული ტენდერის თანახმად, შესყიდვის ობიექტის დასახელებაა: 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლების და მედლის ჩასადები ყუთების დამზადება და მოწოდება.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა: 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი. ჩასადები ყუთების საერთო რაოდენობა კი 8735-ია.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დასამზადებელი მედლების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებული ფირმა გამოვლინდება, მან მედლების დამზადება და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეძლოს. პროექტისთვის სახელმწიფო ჯამში 275`650.00 ლარის გადახდას აპირებს.

წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა, შესაძლოა, ახალი სასწავლო წლისთვის გადაიწიოს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური