ორი გამოცდა და სწავლის დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობები – რეკომენდაციები განათლების სამინისტროს ეროვნული უმცირესობებისთვის
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, „საშეღავათო პოლიტიკის ეფექტურობისა და შედეგების კვლევა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში 2010-2019 წლების ჭრილში“ რომელიც მისაღებ გამოცდებზე 2009 წელს ინიცირებული ეროვნული უმცირესობებისთვის კვოტირების სისტემის 10-წლიანი გამოცდილების შეჯამების მცდელობაა, არაერთ პრობლემას ავლენს.
კვლევის ერთ-ერთი ნაწილი წარმოადგენს საბაკალავრო დონეზე კვოტირების სისტემით ჩარიცხული სტუდენტების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების კვლევას, და ამ კუთხით გამოვლენილი უთანასწორობის გათვალისწინებით, ავტორები განათლების სამინისტროს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს პოლიტიკის დონეზე არსებული ხარვეზი საბაკალავრო საფეხურის დაფინანსების შესახებ. 2013 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც ე.წ. უფასო ფაკულტეტების პროგრამის სახელითაა ცნობილი. 2013 წლიდან დღემდე არ ხორციელდება ამ პროგრამაში კვოტირების სისტემით ჩარიცხული სტუდენტების ჩართვა, ანუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე სწავლის გადასახადს არ იხდიან მისაღები გამოცდების სრული სპექტრით ჩარიცხული სტუდენტები, ხოლო კვოტირების სისტემით ჩარიცხული და ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადია დაწესებული”, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ავტორები წერენ, რომ საბაკალავრო საფეხურზე არსებული პრობლემური საკითხების ანალიზი აჩვენებს, რომ პოლიტიკის დონეზე კვლავ არსებობს ხარვეზი, რომელიც ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს არ აძლევს საშუალებას, ჩაირიცხონ ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც ნეგატიურად მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების პროგრამაზე მოზიდვის კუთხით, არამედ აფერხებს ეთნიკური ჯგუფების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სასკოლო განათლების საფეხურზეც.
მათი ინფორმაციით, კვლევაში იკვეთება სტუდენტების მიერ საბაკალავრო საფეხურზე სწავლის მიტოვების მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებული გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ მიტოვების მაჩვენებელი ზოგადად მაღალია ქვეყანაში, ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, მიტოვების მიზეზები სპეციფიკურია და ხშირად არის გამოწვეული ადრეული ქორწინების მაღალი სტატისტიკით, აკადემიური და ენობრივი ტიპის პრობლემებისა და ქვეყნის დატოვების მაღალი მაჩვენებლით.
„კვლავაც აღინიშნება საუნივერსიტეტო და სოციალური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები და განსხვავებული შემთხვევები, რაც საუნივერსიტეტო დონეზე არაერთგვაროვან, მეტ-ნაკლებად არასაკმარის მზაობასთან, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის საუნივერსიტეტო სივრცეში არასრულ ინტეგრირებასთან არის დაკავშირებული. საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პროცესში, ქართული ენის პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის მძაფრად დგას ახალი ფორმატის სწავლასთან, აკადემიურ და სასწავლო მასალების სირთულესთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ, უნივერსიტეტებს განსხვავებული მზაობა და მიდგომები გააჩნიათ”, – წერია ანგარიშში.
რეკომენდაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
(ა) დაფინანსება – სახელმწიფოს ან უსდ-ის მიერ განსაზღვრული უმაღლესი განათლების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დაფინანსების გავრცელება კვოტირების სისტემით ჩარიცხულ სტუდენტებზეც; სასურველია, სახელმწიფო დაფინანსება გავრცელდეს კვოტირების სისტემის შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებზე იმ კვოტების პროპორციულად, რაც დადგენილია კანონმდებლობით (დაფინანსებული საერთო ადგილების 5% სომხურენოვანთათვის, 5% – აზერბაიჯანულენოვან-თათვის, 1% – აფხაზურენოვანთათვის და 1% – ოსურენოვანთათვის). – დაფინანსების სისტემის მოდიფიცირება და მისი გაზრდა აბიტურიენტების და სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებისთვის; – სასტიპენდიო ფონდის შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სტუდენტთა ცხოვრებისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფარვის ხელშესაწყობად.
(ბ) მისაღები სისტემა – მნიშვნელოვანი იქნება, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მოხდეს იმ ეთნიკური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებაც, რომლებიც არ მოიაზრებიან ახლანდელი საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში და, შესაბამისად, იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. სასურველია, რომ რუსულ სკოლებსა და რუსულ სექტორებში გაერთიანებული მოსწავლეებისათვის ასევე გამოიყოს შესაბამისი კვოტა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად. ამასთან, სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და სხვა სკოლებიდან შეღავათით სარგებლობის მოტივაციით მოსწავლეების ტრანსფერის საშეღავათო პოლიტიკისეფექტურობისა და შედეგების კვლევა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში 126 თავიდან ასაცილებლად, განისაზღვროს დამატებითი კონტროლის მექანიზმი მოსწავლეების საშეღავათო პოლიტიკით სარგებლობის ვალიდურობის დასადგენად და საშეღავათო პოლიტიკის პირობებით მოსარგებლედ ჩაითვალოს მოსწავლეების ის ნაწილი, რომელიც, მინიმუმ, ბოლო 5 წლის მანძილზე სწავლობს რუსულ სკოლასა ან რუსულ სექტორზე.. რუსულენოვანი აბიტურიენტების კვოტა შესაძლებელია იყოს 1% ან ნაკლებიც გამოყოფილი საერთო ადგილებიდან.
აღნიშნული ცვლილება სასარგებლო იქნება რამდენიმე მიმართულებით: (ა) ხელს შეუწყობს სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტების მოზიდვას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომელთაც რუსულენოვანი განათლება აქვთ მიღებული და თანაბარ პირობებში ჩააყენებს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლადამთავრებულ თანატოლებთან; ბ) ხელს შეუწყობს დისპერსიული განსახლების სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სამოქალაქო ინტეგრაციას და მათ თანაბარ პირობებში ჩაყენებას კომპაქტური განსახლების არაქართულენოვან აბიტურიენტებთან; (გ) საგულისხმოა, რომ რუსულენოვანი კვოტირების სისტემის შემოღება შეიძლება პოზიტიური ნაბიჯი აღმოჩნდეს აფხაზი და ოსი აბიტურიენტების ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოსაზიდადაც; (დ) გადაწყვეტილებამ შეიძლება პოზიტიური როლი შეასრულოს რუსეთთან პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისითაც.
– მისაღები გამოცდების სისტემა შეიცვალა 2019 წლიდან და ზოგადი უნარების გამოცდა აღარ არის სავალდებულო გამოცდათა ნუსხაში; შესაბამისად, გარკვეული მოდიფიცირებაა საჭირო კვოტირების სისტემით ჩარიცხულთათვისაც. კვლევამ გამოკვეთა, რომ სტუდენტები, რომლებიც საერთოდ ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას სწავლის დასაწყისში, ვერ ძლევენ პროგრამას და პრობლემები ექმნებათ საბაკალავრო საფეხურზე სწავლისას, რადგან საკომუნიკაციო უნარებიც კი არ აქვთ საკმარისად განვითარებული ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ და სერიოზული პრობლემები აქვთ აკადემიური ენობრივი კომპეტენციების თვალსაზრისით.
შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება ორი გამოცდის შემოღება: (ა) ზოგად უნარებსა და (ბ) ქართულ ენაში.
ზოგადი უნარების გამოცდის გამოყენება მოხდება დაფინანსებისა და პროგრამაზე მოხვედრის თვალსაზრისით, ხოლო ქართული ენის გამოცდა წაახალისებს ქართული ენის სწავლის პროცესს აბიტურიენტებში და, ამავე დროს, ტესტის შედეგებიდან გამომდინარე, უმაღლეს სასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას, პროგრამები დიფერენცირებული მიდგომებით დანერგონ;
– მისაღებ გამოცდებზე ქართულის ენის გამოცდის კვალდაკვალ, მიზანშეწონილია ცვლილებები შევიდეს მე-12 კლასის ეროვნულ სასწავლო გეგმაში და დაემატოს აბიტურის საათები ქართულ ენაში მოსამზადებლად, რაც უზრუნველყოფს საშეღავათო პოლიტიკისეფექტურობისა და შედეგების კვლევა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში 127 აბიტურიენტთა უკეთ მომზადებას ქართული ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამისთვის.
(გ) ქართული ენის ფლობის დონეების განსაზღვრა – ქართული ენის შეფასების ინსტრუმენტის შექმნა; – შეფასების ინსტრუმენტზე დაყრდნობით ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის მოდიფიცირება სტუდენტთა საჭიროებებიდან გამომდინარე;
– ქართული ენის ფლობის დონეების შეფასების სისტემისა და შეფასების ინსტრუმენტის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ქართული ენის ფლობის სერტიფიკატის გაცემის სამართლებრივი მექანიზმების ამუშავება; მათ შორის, სერტიფიკატის მოქმედების ვადის განსაზღვრა; – ენის ფლობის დონის შეფასებისა და შესაბამისი ინსტრუმენტის შემუშავების კვალდაკვალ, დადგინდეს სამართლებრივი მექანიზმები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ენის ფლობის დონით განსაზღვრულ კომპეტენციას; მიეცეთ უფლება: ნებისმიერ დროს გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გააგრძელონ სწავლა საბაკალავრო პროგრამაზე (რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ დაკარგავენ ზედმეტ წელს და არ დაიხარჯება დამატებითი ერთი წლის ფინანსები ამ ტიპის სტუდენტთა ერთწლიან პროგრამაზე სწავლებისთვის).
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება