„ორიენტირდით საქმეზე, რომელიც ძალიან გიყვართ“ – რჩევები სტუდენტებს 2024 წლის მიზნების განსასაზღვრად
სტუდენტებისთვის საახალწლო არდადეგები ხანმოკლეა, მათ წლის დასაწყისიდანვე შემოდგომის სემესტრის კულმინაციასთან -ფინალურ გამოცდებთან გამკლავება უწევთ. მალე დაიწყება ახალი სემესტრიც, რომელსაც ენერგია, მოტივაცია და სწორი დაგეგმარება სჭირდება.
“ყოველთვის მოძებნი გზას, თუ ზუსტად გეცოდინება საით გაქვს გეზი აღებული”, – ფილოსოფოსისა და ჟურნალისტის, ნაპოლეონ ჰილის ეს ფრაზაც იმის დასტურია, რომ მიზნის განსაზღვრა შედეგის მიღწევაში გვეხმარება.
EDU.ARIS.GE გთავაზობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და ამავე ფაკულტეტის ლექტორის, სალომე დუნდუას რჩევებს, რომლებიც, მისი აზრით, 2024 წლის ნაყოფიერად დაწყებასა და მიზნების სწორად განსაზღვრაში დაგეხმარებათ :
– გააკეთეთ ზოგადი მონახაზი – დეტალური დაგეგმვა ცოტა რთულია და ხშირად ვერ სრულდება, ამიტომ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ვურჩევ შეადგინონ ზოგადი მონახაზი, თუ რის მიღწევა სურთ 2024 წელს და არა კონკრეტულად თვეებისა და კვირების მიხედვით. ეს უფრო შესრულებადი, მოქნილი და როგორც წესი, მეტად წარმატების მომტანია.
– ორიენტირდით საქმეზე, რომელიც ძალიან გიყვართ – მე ვფიქრობ და მგონია, რომ ეს იქნება ის პროფესია, რომელზეც ჩააბარეთ, რომლის დაუფლებასაც გეგმავთ. უპირველესად, ორიენტირდით იმაზე, რომ ჩადოთ მაქსიმუმი თქვენს საქმეში. რეალურად, შეიძლება იმ წუთას მაქსიმუმის ჩადებით ბევრი რამის დათმობა გიწევდეთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამას მიყავხართ წარმატების, წინსვლისა და იმ საქმის დაუფლებისკენ, რაც თქვენ ნამდვილად გიყვართ.
– არ თქვათ უარი ჰობიზე – სტუდენტებს ვურჩევდი არ თქვან უარი თავიანთ გატაცებებზე, შეძლონ ერთმანეთთან შეათავსონ სწავლის პროცესი და ის საყვარელი, არაპროფესიული საქმიანობა, რაც მათ აქვთ ცხოვრებაში, იქნება ეს: წერა, კითხვა, მოგზაურობა, თეატრი, კინო თუ სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, სწავლასთან ერთად მნიშვნელოვანია სხვა ტიპის აქტივობებიც და ძალიან კარგია, თუ სტუდენტი ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას შეძლებს.
– ისწავლეთ დროის სწორი მენეჯმენტი – თუ სტუდენტი ისწავლის დროის სწორ მენეჯმენტს, მას ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, აუცილებლად ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს. დროის სწორი მენეჯმენტი არის ისეთი უნარი, რომელიც, მე მგონია, რომ სწავლებადია. ჩვენც, ლექტორებიც ვცდილობთ სტუდენტები დროის მენეჯმენტს შევაჩვიოთ. ისინი გადიან სემესტრში რამდენიმე სალექციო კურსს მაინც, სადაც აქვთ გარკვეული დედლაინები დავალებების შესასრულებლად და მათ იციან, რომ არშესრულების, ან გადაცილების შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ამ დავალებას ჩააგდებენ, რაც მათთვისვე იქნება პრობლემა. ბევრი სტუდენტი მუშაობს, მათ აქვთ ამის გარდაუვალი აუცილებლობა, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის სწავლასთან შეთავსება, მაგრამ დროის სწორი მენეჯმენტის პირობებში შესაძლებელია.
2024 წელი თქვენს ხელშია, რჩევების გათვალისწინებითა და ძალისხმევით, შეგიძლიათ იგი სიახლეებისა და კარიერული წინსვლის მომტანად აქციოთ. დასასრულს კი გთავაზობთ ნაპოლეონ ჰილის კიდევ ერთ ფრაზას: “ყველაფრის მიღწევა შეიძლება, რასაც გონებით შეიცნობ და დაიჯერებ!“.
ავტორი: თამუნა კირკიტაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება