GRUNI-ში მედიაციის დისციპლინის შუალედური გამოცდა პრაქტიკული კომპონენტის შესრულებით ჩატარდა
მედიაცია დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმია საქართველოში, რომლის მიმართ ყოველდღიურად იზრდება საზოგადოების ინტერესი.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან მალევე, მედიაციის სწავლება, როგორც სავალდებულო დისციპლინა, ჩართო საგანამანათლებლო პროგრამებში და ამავდროულად, უნივერსიტეტის ბაზაზე დააფუძნა მედიაციის ცენტრი. სტუდენტები მედიაციის რეალურ საქმეებს ესწრებიან და სწავლა – სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით ეუფლებიან ახალ დისციპლინას.
სულ ახლახან მედიაციის ცენტრმა კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი განახორციელა, კერძოდ, სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის მედიაციის დისციპლინის შუალედური გამოცდა პრაქტიკული კომპონენტის შესრულებით ჩაატარა. სტუდენტები შეფასდნენ პრაქტიკული, იმიტირებული სამედიაციო სესიის დაკვირვების ფარგლებში შესრულებული წერილობითი ანალიზის საფუძველზე, რაც საუნივერსიტეტო სწავლებაში შუალედურის შეფასების უნიკალური საერთაშორისო მეთოდია.
საინტერესო, შემოქმედებითი, ინოვაციური- ასე შეაფასეს სტუდენტებმა მედიაციის ცენტრის ახალი პროექტი.