„პანდემიამ პედაგოგებს ჩამოგვართვა ის სადამსჯელო იარაღი, რასაც ნიშნების დაწერა ჰქვია, აღარ არის დაძალების მომენტი“
დისტანციური სწავლების ირგვლივ საზოგადოებაში დისკუსია არ წყდება. მასწავლებლები, ექსპერტები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები განსხვავებული პოზიციების მიუხედავად თანხმდებიან ერთ საკითხზე, რომ დისტანციური სწავლების ფორმა ჩვენს რეალობაში პანდემიის გადავლის შემდეგაც დარჩება. თუმცა სწავლების ახალმა ფორმამ პრობლემებთან ერთად შესაძლებლობებიც წარმოშვა. ამ თემასთან დაკავშირებით დისტანციური ფორმატის დისკუსია სოციალურ ქსელში განათლების სპეციალისტებს შორის გაიმართა.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ კარგი მასწავლებლებისთვისაც კი რთულია ამ პროცესის მართვა, რადგან უწევთ განსხვავებული აქტივობები დაგეგმონ და განსხვავებულად იურთიერთონ მოსწავლეებთან. მისი აზრით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემა დისტანციური სწავლების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ტექნოლოგიების სასიკეთოდ გამოყენება ჩვენს რეალობაში მრავალი კუთხით იქნება შესაძლებელი.
„იმის მიუხედავად, რომ ერთის მხრივ გამძაფრდა უთანასწორობა მოსწავლეებს შორის, იმიტომ რომ ხელმისაწვდომობა ტექნოლოგიებზე არის განსხვავებული, მეორეს მხრივ აქტუალიზება მოხდა ამ საკითხის. გამოჩნდა, რომ ჩვენს სკოლებში სწავლობენ განსხვავებული სოციალური შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები და მათ სჭირდებათ მიხედვა. თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში ტექნოლოგიები განიხილება სოციალური დაშორების საშუალებად, ახლა უნდა შევხედოთ პირიქით – ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ, რომ დავაახლოვოთ ამ ადამიანების შესაძლებლობები. სრულიად შესაძლებელია დისტანციური კურსების საშუალებით თბილისელმა მასწავლებელმა ასწავლოს მაღალმთიანი სოფლის მოსწავლეს და იმ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თუ იქ სკოლაში არ ჰყავთ მასწავლებელი და შეუძლებელია მისთვის საგნის სწავლა, ამის გამო პრობლემა არ შეექმნას“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.
დისტანციური სწავლების პრობლემებზე საუბრობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის ათეულის წევრი, მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, ასევე პედაგოგი მე-5 საჯარო სკოლაში თემურ სუყაშვილიც, თუმცა ამასთან დასძენს, რომ მასწავლებლებისთვის ეს ერთგვარი ნიშანია, რომ გაიხედონ სახელმძღვანელოს მიღმა და სხვა ტიპის ურთიერთობები ჩამოაყალიბონ მოსწავლეებთან.
„გარკვეული პრობლემები დისტანციური სწავლების მიმართულებით ნამდვილად გამოჩნდა. მაგრამ ამასთან ერთად გამოჩნდა, რომ ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა გავიხედოთ სახელმძღვანელოს მიღმა. დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად, გადაშალე წიგნი და წაიკითხე, საკმარისი აღარ არის. მოსწავლეს სახლშიც უდევს წიგნი და აღარ დასჭირდება მეგაბაიტების დახარჯვა და ჩვენი მოსმენა. მას აქვს კონკრეტული მოთხოვნა – ინტერნეტი არ არის უფასო ჩვენს ქვეყნაში. ოჯახები იხდიან ამაში ფულს, შესაბმისად, იმ ნახევარსაათიან პერიოდში მოსწავლეებთან არ შევდივართ ხელცარიელი, იქმნება რესურსები, რომლებიც პანდემიის დასრულების შემდეგაც გამოგვადგება. დისტანციური სწავლება მოიაზრებს ორ ნაწილს – ერთი პირისპირ შეხვედრას, როდესაც ჩვენ ვიკრიბებით კლასთან და რაღაც გარკვეულ საკითხებზე ვმსჯელობთ, ვუზიარებ ჩემს მიერ შექმნილ რესურსს და მეორე კომპონენტი არის დავალების ნაწილი. მასწავლებლები უკვე ცდილობენ შექმნან ისეთი დავალება, რომელიც მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს თვითსწავლის უნარს, აღარ არის დაძალების მომენტი, ნიშნის გამო აღარ აკეთებენ ამას. ამ პანდემიამ პედაგოგებს ჩამოგვართვა ის სადამსჯელო იარაღი, რასაც ნიშნების დაწერა ჰქვია“, – თქვა თემურ სუყაშვილმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გვერდზე გამართული დისკუსიის მიმდინარეობისას.
ალბათ, უმრავლესობა თანხმდება, რომ განათლების სამინისტროს, პანდემიის დასრულების შემდეგაც მოუწევს დისტანციური სწავლების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე მუშაობა. პრობლემა კი უამრავი შეიძლება იყოს – მასწავლებლების მიერ ტექნოლოგიური უნარების ფლობიდან დაწყებული, პროცესში მოსწავლეების სრული ჩართულობით დამთავრებული. რაც ყველაზე მთავარია, გამოწვევად რჩება ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც დისტანციური სწავლების შედეგების შეფასებას შესაძლებლად აქცევს.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება