„პანდემიის პირობებში მოსწავლეთა მხრიდან სკოლის მიტოვების მაჩვენებელი გაიზრდება“
პანდემიის პირობებში მოსწავლეების მხრიდან სკოლის მიტოვების მაჩვენებელი გაიზრდება, ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ საჯარო ლექციაზე „განათლების უფლება პანდემიის პირობებში“ ისაუბრა. მან მსოფლიოსა და საქართველოში COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევები მიმოიხილა.
„არსებობს პროგნოზები, რომ პანდემიის გამო, განათლება მსოფლიოში აღარ იყოს პრიორიტეტებს შორის, რადგან მოსახლეობა გარკვეული, რაღაც საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იქნება ორიენტირებული. ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არსებით გავლენას ახდენს განათლების უფლებაზე და საქართველოს შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის, როგორც ამ მიმართულებით არამდგრადი ქვეყნისთვის, ცხადია ეს არის ძალიან დიდი დარტყმა და შემდეგ წელს სავარაუდოდ, იქნება უფრო მეტი ზიანი ამ მიმართულებით. მათ შორის სკოლის და სწავლის მიტოვების მაჩვენებელთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია ზრდა“, – ამბობს ომბუდსმენის მოადგილე.
მისივე თქმით, ქვეყანაში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ინტერნეტსა და კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა, რაც პირდაპირ კავშირშია დისტანციურ განათლებასთან.
„ისევ დიდი გამოწვევაა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და კომპიუტერის ფლობა, ეს პანდემიამდე პერიოდშიც საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 20%-ს არა აქვს წვდომა ინტერნეტზე და დაახლოებით 64%-ია მოსახლეობის ის როდენობა, რომელსაც აქვს კომპიუტერი. რაც შეეხება პედაგოგებს, საწყის ეტაპზე მათ ჰქონდათ შიშები, რომ შესაძლოა, სამსახურები დაეკარგათ, რადგან არ ფლობდნენ შესაბამის უნარ-ჩვევებს, არ გაუვლიათ სპეციალური გადამზადება და უცებ აღმოჩნდნენ რეალობის წინაშე, როდესაც პროგრამა და მთლიანად მათი სასწავლო გეგმები უნდა გადაეწყოთ ონლაინ სწავლებაზე. ეს ყველაფერი ცხადია, გავლენას ახდენს როგორც სწავლების ხარისხზე, ასევე სწავლებაში ჩართული მოსწავლეების და სტუდენტების რაოდენობაზე, იქნება ეს ინტერნეტზე და კომპიუტერზე წვდომის არარსებობა, თუ არასამკარისი უნარ-ჩვევები ამ საშუალების გამოსაყენებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი გამოყენებული ყოფილიყო პროფესიული გადამზადებისთვის, მოსწავლეების მზაობის შექმნისთვის, თუმცა სამწუხაროდ, კვლავ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, – ამბობს ეკატერინე სხილაძე.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება