პანდემიისას სსსმ მოსწავლეებს ღარიბი ქვეყნების 40%-მა კონკრეტული მხარდაჭერა არ გაუწია – იუნესკოს ანგარიში
იუნესკოს ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის კრიზისის დროს, ყველაზე ღარიბი ქვეყნების 40%-მა არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეებს მხარდაჭერა არ გაუწია.
იუნესკოს 2020 წლის განათლების მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ქვეყნების მხოლოდ 10%-ში არსებობს კანონები, რომლებიც განათლებით სრულად უზრუნველყოფას ხელს უწყობენ.
ანგარიში მსოფლიოში მოსწავლეების იზოლაციის საკვანძო ფაქტორების გაღრმავებულ ანალიზს მოიცავს, მათი წარმომავლობისა და შესაძლებლობების ჩათვლით (სქესი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, სიღარიბის დონე, ინვალიდობა, ეთნიკური კუთვნილება, ენა, რელიგია, ემიგრანტის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობის გამოხატვა).
ანგარიშის თანახმად, COVID-19 პანდემის დროს, მოსწავლეების იზოლაცია განსაკუთრებით გაიზარდა. ამ მონაცემებით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დაახლოებით 40% სკოლების დროებით დახურვის დროს მოსწავლეებს მხარს არ უჭერდნენ.
2020 წლის განათლების მონიტორინგის მსოფლიო ანგარიშში ქვეყნებს სკოლების გახსნის შემდეგ ამ ბავშვებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევისკენ დაჟინებით მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ამგვარად ისინი უფრო მყარი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს.
„ჩვენი დროის პრობლემების გადასაჭრელად ინკლუზიურ განათლებაზე გადასვლა არის საჭირო. პანდემიის შემდეგ განათლების სფეროს სამომავლო გეგმების გადახედვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უმოქმედობა საზოგადოების პროგრესს ხელს ძალიან შეუშლის“, -განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ.
მიმდინარე წლის ანგარიში იუნესკოს რიგით მეოთხე მოხსენებას წარმოადგენს. მისი მთავრი მიზანი ქვეყნების მიერ განათლების სფეროში მიღწეული წინსვლის მონიტორინგში მდგომარეობს. მასში ხაზგასმულია, რომ პანდემიის დროს 258 მილიონი ბავშვი და ახალგაზრდა საგანმანათლებლო პროცესს მთლიანად გამოეთიშა, რის მთავარ მიზეზად სიღატაკე და სიღარიბე სახელდება. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, ყველაზე მდიდარი ოჯახების ბავშვებს სხვებთან შედარებით საშუალო განათლების მიღების სამჯერ მეტი შანსი აქვთ. ამჟამად, მსოფლიოს სულ მცირე ოც ქვეყანაში, ღარიბ სოფლებში მცხოვრები პრაქტიკულად არც ერთი ახალგაზრდა ქალი საშუალო სკოლას არ ამთავრებს. გარდა ამისა, აფრიკის ორ ქვეყანაში ფეხმძიმე გოგონებისთვის სკოლაში სიარული აკრძალულია. 117 ქვეყანაში კი ბავშვთა ქორწინება კვლავ არის ნებადართული.
„პანდემიამ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემების გადახედვის რეალური შესაძლებლობა მოგვცა. მაგრამ იმ რეალობაში გადასვლა, რომელიც აფასებს და მიესალმება მრავალფეროვნებას, ერთ დღეში ვერ მოხდება. ამ რთულმა პერიოდმა გვაჩვენა, რომ ყველას ერთიანი ძალებით და შეთანხმებით მუშაობა შეგვიძლია“, – განაცხადა მანოშ ანტონინისმა განათლების მონიტორინგის მსოფლიო ანგარიშის დირექტორმა.
ანგარიში აჩვენებს, რომ განათლების სისტემები ხშირად არ ითვალისწინებენ მოსწავლეების განსაკუთრებულ მოთხოვნებს. მხოლოდ 41 ქვეყანა ცნობს ოფიციალურად ჟესტების ენას. დაახლოებით 335 მილიონი გოგონა დადის სკოლებში, რომლებიც წყლით, სანიტარული და ჰიგიენური საშუალებებით არ არის უზრუნველყოფილი. მასწავლებლებს უნდათ და სჭირდებათ ინკლუზიური განათლების მოსამზადებელი კურსის გავლა. ის დაწყებითი სკოლების ათიდან მხოლოდ ერთმა პედაგოგმა გაიარა.
გუნდმა, რომელმაც ანგარიში მოამზადა, ასევე შექმნა ვებ-გვერდი PEER https://education-profiles.org/. აქ განთავსებულია ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების შესახებ.
მოამზადა თეა ინაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება