GE

პარლამენტის განათლების კომიტეტს ახალი წევრი ჰყავს

ევროკავშირის ეგიდით გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტს, რამდენიმე დღეა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეუერთდა. მათგან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გაწევრიანების სურვილი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვახტანგ მეგრელიშვილმა გამოთქვა.

„გირჩის“ წარმომადგენელი, უკვე ოფიციალურად, აღნიშნული კომიტეტის წევრია. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საიტზე 19 მაისს განთავსდა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ კომიტეტი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წევრებსაც ელოდება.

„ოპოზიციიდან ალეკო ელისაშვილი უკვე არის კომიტეტის წევრი, დავით ზილფიმიანიც იყო და ვახტანგ მეგრელიშვილს ჰქონდა გამოხატული სურვილი და ფორმალური პროცედურები იყო დარჩენილი. სხვა ოპოზიციური პარტიებიდან  ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს და წევრები არ არიან, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინიც დაგვემატონ“, – ამბობს გიორგი ამილახვარი ჩვენთან საუბარში.

დღეს არსებული მონაცემებით, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტი მმართველი პარტიის რვა და სამი ოპოზიციონერი დეპუტატისგან შედგება.

კომიტეტის წევრები არიან: შალვა პაპუაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), გიორგი ამილახვარი (თავმჯდომარის პირველი მოადგილე), თამარ ტალიაშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი, მაია მენაღარიშვილი, გივი მიქანაძე, ალექსანდრე ელისაშვილი (პარტია „მოქალაქეები“), დავით ზილფიმიანი (პარტია „ევროპელი სოციალისტები“), ვახტანგ მეგრელიშვილი (პარტია „გირჩი“).

„ზოგად განათლებაზე პანდემიის გავლენას პარლამენტი შეისწავლის“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური