GE

პასუხი აბიტურიენტებს – საქართველოში დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამა აღარ არსებობს

საქართველოში დაწყებითი განათლებისა და ვეტერინარიის საბაკალავრო პროგრამა აღარ არსებობს

საქართველოს უნივერსიტეტებში ბაკალავრიატზე დაწყებითი განათლება აღარ ისწავლება. ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს, რომელთაც სურთ დაწყებითი კლასების პედაგოგები გახდნენ, ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ. 2018 წელს აღნიშნულ პროგრამაზე მიღება არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს არ გამოუცხადებია.

ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებითი განათლების მიმართულება 8 უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ასევე რვა-ცხრა უნივერსიტეტს ჰქონდა  აღნიშნული სპეციალობა წინა წლებშიც.

ფაქტია, რომ აბიტურიენტების ნაწილისათვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან EDU.ARIS.GE-ს გაურკვევლობაში მყოფმა არაერთმა მათგანმა მიმართა კითხვით თუ სად გაქრა დაწყებითი განათლების მიმართულება ქართულ უნივერსიტეტებში და რატომ აღარ წერია 2018 წლის აბიტურიენტთა ცნობარში დაწყებითი განათლებისა და ვეტერინარიის მიმართულებები.

შევეცადეთ მათ კითხვაზე პასუხი გვეპოვნა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული გაურკვევლობა საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესულმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც დაწყებითი განათლების პროგრამა ვეღარ განხორციელდება იმ სახით, რა სახითაც აქამდე მოქმედებდა, ანუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სახით.

კერძოდ, 89-ე მუხლში – მასწავლებლის განათლება (მილევად რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები) – წერია: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტები მიიღოს 2017 წლის ჩათვლით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2022-2023 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა, რომლებსაც 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად.“

როგოც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელი შალვა ჭკადუა განმარტავს, დაწყებითი განათლების სამაგისტრო პროგრამაზე 2017 წელს ჩარიცხული სტუდენტების ნაკადი უკანასკნელი იყო.

„წელსვე გამოცხადდება ახალი პროგრამა – უკვე ახალი სტანდარტით შემუშავებული ერთსაფეხურიანი, ინტეგრირებული 300-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც არის ერთ საფეხურიანი, ანუ  ბაკალავრიატი ცალკე აღარ იქნება და მისი დიპლომი მაგისტრის ხარისხთან იქნება გათანაბრებული. იგი ახლა მუშავდება. 15 მარტს აკრედიტაციაზე უნდა შევიტანოთ განაცხადი“, – ამბობს ჭკადუა.

შესაბამისად, მათ, ვისაც აღნიშნული სპეციალობის არჩევა უნდათ, ჭკადუას თქმით, შეუძლიათ სხვა პროგრამაზე დარეგისტრირდნენ და მოგვიანებით, როცა აღნიშნული პროგრამა მომზადდება, საკუთარ არჩევანში ცვლილება განახორციელონ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ცვლილება ვეტერინარიის სპეციალობასაც შეეხო. კერძოდ, კანონი ადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ვეტერინარი ექიმის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ცნებებსა და ამ პროგრამების მარეგულირებელ ნორმებს. ვეტერინარების მომზადება მთლიანობაში მოიცავს სწავლების არანაკლებ 5-წლიან სრულ თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს სასწავლო კრედიტების ექვივალენტური რაოდენობით უნივერსიტეტში ან იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს შესაბამისი დონის სასწავლო პროგრამას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ვინც უკვე სწავლობს ამ საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულებს.

“2015 წელს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომელმაცგანსაზღვრა მასწავლებლის განათლების პირობა. მასწავლებელი უნდა იყოს განათლების მაგისტრი, რომლის მომზადება უნდა განხორციელდეს 300 კრედიტიანი საბაკალავროსამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. ამავე წელს აღნიშნულ კანონის გარდამავალ მუხლში ჩაიწერა, რომ 2017 წლიდან ჩარიცხვა აღარ უნდა განხორციელდეს დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამაზე და ბაკალავიატის ფარგლებში სტუდენტებმა აღარ უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამაში ინტეგრირებული 60–კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა.

ვინც სწავლობს დაწყებითი განათლების მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამაზე და უკვე არჩეული აქვთ ბაკალავრიატში მასწავლებლის მომზადების პროგრამა, მათ სწავლა უნდა დაასრულონ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. ვინც ამ დროისთვის ვერ დაასრულებს ამ პროგრამებს, ისინი გადაყვანილ უნდა იქნან განათლების მაგისტრის 300 კრედიტიან პროგრამაზე. რაც შეეხება მასწავლებლის განათლებას, ის განხორციელდება 300–კერდიტაინი საბაკალავროსაგამისტრო პროგრამის დაძლევის საფუძველზე, ან სულ მცირე ბაკლავრის აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს და გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ჩააბარონ საგნის გამოცდა. საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ პირმა უნდა ჩააბაროს საგნის შესაბამის მასწავლებლის მომზადების 60–კრედიტიან პროგრამაზე მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად”,– განგვიმარტეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური