GE

პედაგოგებს და პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ სათანადო ცოდნა სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ

2019 წლის მონაცემით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები გაზრდილია. ამის შესახებ ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშშია საუბარი.

ნინო ლომჯარიას უწყებაში აცხადებენ, რომ  სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს არასრულწლოვანთა სუიციდის განმაპირობებელი ფაქტორების დროული გამოვლენა და პრევენცია.

„კვლავ გვხვდება ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა და მისი დაგვიანებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ამის თვალსაჩინო მაგალითია 15 წლის არასრულწლოვნის, ლ.ს.-ს საქმე, სადაც პასუხისმგებელ უწყებებს არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური საჭიროებების დროულად გამოსავლენად და სუიციდის თავიდან ასაცილებლად სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებიათ“,- ნათქვამია დოკუმენტში.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია მოზარდთა სუიციდის შემთხვევების სტატისტიკა და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დაცვას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

„2019 წლის მონაცემით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები; 2019 წელს ბავშვთა სუიციდის 22 და სუიციდის მცდელობის 69 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს სუიციდის – 12 და სუიციდის მცდელობის – 48 შემთხვევა. ამ შემთხვევების მატება საგანგაშოა და აჩვენებს, რომ სახელმწიფოში ბავშვთა დაცვის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნებში სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დაცვასა და დახმარებას. სახალხო დამცველი ყოველწლიურად შეისწავლის ბავშვთა სუიციდის ინდივიდუალურ შემთხვევებს და აანალიზებს სისტემურ ხარვეზებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ სკოლების პედაგოგებს და პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ სათანადო ცოდნა სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

„სამწუხაროა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა სათანადოდ არ არის სრულდება; კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები, ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. სუიციდის შესაძლო გავრცელების პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ საჯარო სკოლებში მოქმედი პრაქტიკა არ არის ორიენტირებული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენაზე; განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სკოლებში პედაგოგებსა და პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ სათანადო ცოდნა სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ. სკოლებში დროულად ვერ ხერხდება ძალადობის მსხვერპლი, რთული ქცევისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბავშვების გამოვლენა და კვალიფიციური დახმარება“,- ნათქვამია დოკუმენტში.

არასრულწლოვანთა სუიციდის გაშუქების კუთხით სახალხო დამცველი რეკომენდაციებს მედიასაც აძლევს და აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა ფაქტების გაშუქების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„არასრულწლოვანთა სუიციდის შემთხვევების შემცირების და პრევენციის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიასაშუალებების მიერ ამ შემთხვევების გაშუქებისას არსებული სტანდარტების გათვალისწინება; მედიასაშუალებებმა, სხვა არასრულწლოვნებში „მიბაძვის“ ეფექტის თავიდან ასაცილებლად, არ უნდა მოახდინონ მსგავსი შემთხვევების „რომანტიზება“; ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თემების გაშუქებით მედიამ ხელი არ შეუწყოს საზოგადოებაში სუიციდთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპებისა და მითების გაძლიერებას. გაშუქებისას, მომზადებულ მასალაში უნდა იკვეთებოდეს სუიციდის თავიდან აცილების და პრობლემის გადაჭრის მეთოდები“, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური