GE

პედაგოგის სტატუსი და ახალი სტანდარტები – რა სიახლეები ელით წელს ბაგა-ბაღებს?!

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ახალი სასწავლო წლიდან სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებაში დამატებით 1 000-მდე ბავშვს მიიღებენ.

იმ მშობლების საყურადღებოდ კი, რომლებმაც შვილების დარეგისტრირება ივლისში ვერ შეძლეს სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში შეუძლიათ მივიდნენ მათ მიერ არჩეულ საბავშვო ბაღში და დაწერონ განცხადება ბავშვის გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში ჩარიცხვის თხოვნით. ამისათვის სააგენტო რამდენიმე ათას დამატებით ადგილს გამოყოფს.

წელს თბილისის საბავშვო ბაღებში უკვე 12 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული. საააღმზრდელო პროცესი კი 165 საბავშვო ბაღში დაიწყება

გარდა იმისა, რომ სექტემბერში ორი ახალი ბაღის გახსნა იგეგმება და ახალი პროექტის მიხედვით აშენებული ბაღები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, ბაგა-ბაღებისთვის წელს დიდი სიახლე განხორციელდა – შეიქმნა კანონი სკოლამდე განათლების შესახებ. აღნიშნული სფერო აქამდე კანონით არ რეგულირდებოდა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი უკვე დამტკიცდა.

სანამ უშუალოდ კანონზე ვისაუბრებთ, EDU.ARIS.GE-მ სკოლამდელი განათლების შეფასება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, განათლების ერთ-ერთი ყველა სუსტი რგოლი სწორედ ბაღებია.

,,სკოლამდელ განათლებაში ერთი დიდი სიცარიელე გვაქვს. ერთის მხრივ არის ,,სიჩუმის გაკვეთილები” მეორეს მხრივ კი ჩვენს შვილებს ,,მაშა და დათვი” ზრდის”.

მინისტრის თქმით, კანონი, რომელიც სულ ცოტახნის წინ ძალაში შევიდა და სკოლამდე აღზრდას არეგულირებს, სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

აღნიშნულ საკითხზე EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავასაც ესაუბრა.

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კანონში არ განხორციელებულა ცვლილება. აქამდე კანონი, რომელიც ამ სფეროს არგეულირებდა არ არსებობდა. ასე რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. უკვე გვაქვს სისტემის მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი. დოკუმენტის შემუშავებაში ძალიან ბევრი უწყება იყო შექმნილი და დიდი ექსპერტული გზა გაიარა. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს ჩარჩო დოკუმენტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს მძლავრი და ეფექტური ინსტიტუტცია. ეს არის ამ კანონის მთავარი არსი. ის, რომ სკოლამდელი აღზდა უნდა მოიცავდეს განათლების კომპონენტსაც ამაზე კანონის სათაურშიც არის გამახვილებული ყურადღება და, ზოგადად, განათლების კომპონენტი პირველად გაჩნდა სკოლამდელი აღზრდის სისტემის სივრცეში,“ – განაცხადა თორდინავამ.

მისივე თქმით, დოკუმენტში გამიჯნულია ყველა უწყების ფუნქცია.

კანონში გაწერილი ტერმინოლოგიით, ბაღის აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი უნდა მიენიჭოთ ე.წ. ძიძებს კი აღმზრდელების. სტატუსის განსაზღვრა მათ სახელფასო პოლიტიკაზეც უნდა აისახოს, თუმცა როდიდან ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი EDU.ARIS.GE–ს არ გასცეს.

,,კანონის არსი არის, რომ აღმზრდელს მიენიჭოს სტატუსი ამაზე მიდის მუშაობა. შესაბამისად, როგორც კი ეს მოცემულობა დადგება შემდგომში ეს აისახება მათ ხელფასებზეც. სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეიქმნას სტანდარტი თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს აღმზრდელი. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.”

EDU.ARIS.GE ასევე დაინტერესდა, რამდენად განსხვავებული იქნება ბაღისა და სკოლის პედაგოგების სტანდარტები ერთმანეთისგან. ამ კითხვის საპასუხოდ კი ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა შემდეგი შინაარსის პასუხი გაგვცა:

,,თუ ჩვენ ვამბობთ რომ ბაღის პედაგოგების სტატუსები უნდა გაუთანაბრდეს სკოლისას, და იდეაც ეს არის, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიმართულებით შეიქმნება ერთიანი სტანდარტი და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის პროცესი და ამ პროცესს თვალი უნდა ვადევნოთ.”

აღნიშნულ საკითხზე EDU.ARIS.GE-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სამინისტროს პასუხი ასეთია:

,,სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შემუშავდა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი. სტანდარტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობას იღებდა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ფსიქოლოგების, ზოგადი და სკოლამდელი განათლების ექსპერტებისგან, პედიატრებისა და პრაქტიკოსი აღმზრდელ-პედაგოგებისაგან. გარდა ექსპერტული ანალიზისა, სტანდარტი განხილულ იქნა რამდენიმე ფოკუს-ჯგუფშიც, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, პრაქტიკოსმა აღმზრდელ-პედაგოგებმა და მეთოდისტებმა, მშობლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,“- აცხადებენ უწყებაში.

თუმცა, უფრო დეტალურად, რას მოიცავს სტანდარტი არ კონკრეტდებიან. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016 წლის სექტემბრიდან განხორციელდება სტანდარტის პილოტირება თბილისისა და რეგიონების საბავშვო ბაღებში მათი წარმომადგენლების მხრიდან უკუგების მოპოვებისა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით. ხოლო შემდგომ, განხორციელდება მისი საბოლოო სახით დამტკიცება.

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიზანია, განსაზღვროს აღმზრდელი პედაგოგის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და კომპეტენციები, თუ რა ტიპის ცოდნას უნდა ფლობდეს ადრეული და სკოლამდელი განათლების დონეზე სრულფასოვანი საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასებისთვის. განსაზღვრულია აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაცია და იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგი.

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი მოიცავს ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:

  • სტანდარტის ძირითადი პრინციპები

განმარტებულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს სტანდარტში მოცემულ თითოეულ დებულებას.

  • აღმზრდელ-პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია

მოცემულია კვალიფიკაციის მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღმზრდელ-პედაგოგი

  • აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კომპეტენცია

მოცემულია აღმზრდელ-პედაგოგის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომელთა ერთობა ქმნის მის პროფესიულ კომპეტენციას.

  • საგანმანათლებლო გარემო და პროცესი

განსაზღვრულია სტანდარტები, რომლებიც ეხება საგანმანათლებლო გარემოს (როგორც ფიზიკური, ისე სოციალური) ორგანიზებას და ასევე სასწავლო პროცესის წარმართვას.

  • აღმზრდელ-პედაგოგის უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება

მოცემულია სტანდარტები, რომლებიც აღწერს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ფორმებს და საშუალებებს.

და ბოლოს, მოემატებათ თუ არა ხელფასი ბაღის პედაგოგებსა და აღმზრდელებს?

აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში.

სტანდარტში მოცემულია საკვალიფიკაციო მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღმზრდელ-პედაგოგი, რათა განაგრძოს/დაიწყოს მუშაობა შესაბამის დაწესებულებაში; საკვალიფიკაციო მაჩვენებლები გაყოფილია 2 ნაწილად; პირველი ნაწილი ეხება იმ პირებს, ვინც 2020 წლის 1 სექტემბრამდე უკვე მუშაობდა/დაიწყებს მუშაობას აღმზრდელ-პედაგოგად. მეორე ნაწილი კი ეხება მხოლოდ მათ, რომლებიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დასაქმდებიან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭებათ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური