GE

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპმა მშობლების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო და პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, საჭირო დოკუმენტების წარდგენა კი შესაძლებელი იქნება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით.

რეგისტრაციის ეტაპები, ვადები და ინფორმაცია დოკუმენტების შესახებ

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, პირველ ეტაპზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდენენ და მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა, რაც შეეხება ვაკანტურ ადგილებს – ეს მონაცემი საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინაიდან მეორე ეტაპზე მხოლოდ გარკვეული სტატუსის მქონე მოსწავლეები რეგისტრირდებიან.

“პირველ ეტაპზე სპეიალური საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდნენ, ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა. სკოლებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებს მას მერე ვითვლით, რაც მესამე ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდება, ახლა მიმდინარეობს მეორე ეტაპი, რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა უკვე სწავლობენ სკოლებში”, – განაცხადეს ემის-ში.

აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით არ ხორციელდება, რაც მშობლების ნაწილში გაურკვევლობას იწვევს.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მშობლები აღნიშნავენ, რომ გარკვეული დეტალების დაზუსტებას მაინც საჭიროებენ.

ირმა ჭელიძე ერთ-ერთი მათგანია. ის დილიდან ცდილობდა რეგისტრაციის ელექტრონულად გავლას.

“მეორე ბავშვი შემყავს სკოლაში, დილიდან ვცდილობდი ემის.გე- ზე რეგისტრაციას, მაგრამ არ იხსნებოდა, ძალიან ვინერვიულე. ჩვენი ბაღის სხვა მშობლებიც მწერდნენ, რომ ვერ რეგისტრირდებოდნენ. სკოლის განცხადება კი ვნახე, სადაც ეწერა, რომ ელ-ფოსტაზე უნდა გადაგვეგზავნა დოკუმენტები, მაგრამ მაინც დავეჭვდი. შემდეგ მეგობარს დავურეკე, რომელიც ასეთ საკითხებში ერკვევა და ამიხსნა, რომ მეორე ეტაპზე ბავშვებს სკოლა არეგისტრირებს. უკვე გადავგზავნე დოკუმენტები და ალბათ პასუხსაც მივიღებ“, – აცხადებს ირმა ჭელიძე.

ნინო კლდიაშვილს მსგავსი პრობლემა არ შექმნია, თუმცა რეგისტრაციის დეტალების დასაზუსტებლად სხვადასხვა წყაროების მოძიება დასჭირდა.

“მეორე შვილი შემყავს საჯარო სკოლაში, მეორე ეტაპის რეგისტრაციის ყველა დეტალი მაინტერესებდა. სკოლის ფეისბუქ გვერდს ხშირად ვათვალიერებდი, რომ არაფერი გამომპარვოდა. ამ დროისთვის უდევთ განცხადება, დოკუმენტების ჩამონათვალი და მითითებული აქვთ სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაზეც უნდა გავგზავნოთ დოკუმენტების ასლები. სხვა არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვთ გამოქვეყნებული, რომ დავრეკო და დამატებითი დეტალები გავარკვიო. მაგალითად, მაინტერესებდა ბავშვის დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული უნდა ყოფილიყო თუ არა. მოვიფიქრე ასეთი რამ, თავად სკოლის დირექტროს დავუკავშირდი სოციალური ქსელით, ამიხსნა რომ არ არის საჭირო ნოტარიუსი. მხოლოდ უნდა გადავუღო ფოტო ბავშვის დაბადების მოწმობას, მშობლების პირადობებს, ხელმოწერილ განცხადებას და გადავგზავნო სკოლის ელექტრონულ მისამართზე. სიმართლე გითხრათ, ბავშვის იგივე სკოლაში შეყვანა აღარ მინდოდა, მაგრამ საყოველთაო რეგისტრაციის დროს არ ვიცი როგორი სიტუაცია იქნება, ამიტომ მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ვარჩიე, რადგან უფრო მარტივი პროცედურაა. თუ იქნება შესაძლებლობა შემდეგ სხვა სკოლაში გადავიყვან”, – ნინო კლდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

1. რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
2. მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
3. ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური