პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილს სტატუსი უკვე გაუუქმდა
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც შემოდგომაზე დაგეგმილ საგნის გამოცდაში არ მონაწილეობენ (არ დარეგისტრირებულან შესაბამის ვადებში) და ასევე 14 კრედიტზე ნაკლები აქვთ, სტატუსი უკვე გაუუქმდათ.
მასწავლებელთა ახალი სქემა აღნიშნულს ითვალისწინებს, თუმცა არაერთი მასწავლებელი ითხოვს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ გამოცდებზე გასვლის უფლება მიეცეთ და ამისათვის დამატებითი რეგისტრაცია გაიარონ.
“იმ მასწავლებლებს გაუუქმდათ პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსი, ვინც გამოცდაზე არ იყვნენ დარეგისტრირებული… ასევე გაუუქმდათ იმ პედაგოგებს, ვისაც აქვთ კომპეტენცია ნაწილობრივ დადასტურებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, დამატებითი და სავალდებულო აქტივობებით ჰქონდათ 14 ქულაზე ნაკლები. ამ კატეგორიის მასწავლებლები, რომ დარეგისტრირებულიყვნენ გამოცდაზე, არაფერი ემუქრებოდათ, იქნებ მაღალ შედეგზეც გადაებარებინათ. ვისაც 14 ქულა და მეტი აქვს, ის შეივსებს 5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგებით. სტატუსის გაუქმება არ გემუქრებათ გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს!”, – წერს ერთ-ერთი მასწავლებელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ჯერ არ იციან ზუსტად რამდენ მასწავლებელს გაუუქმდა სტატუსი.
ბოლო სტატისტიკის თანახმად კი, სისტემაში მყოფ მასწავლებელთა რიცხვი 58 815-ია, რომელთაგანაც 38 097 უფროსის სტატუსის მქონეა, 2 912 – წამყვანის, 262 – მენტორის, ხოლო პრაქტიკოსი პედაგოგების მთლიანი რაოდენობა სისტემაში 12 211-ს შეადგენს.
EDU.ARIS.GE დამატებითი დეტალებისა და მონაცემების მოპოვებას ცდილობს და იქამდე კიდევ ერთხელ გთავაზობთ როგორ არის გაწერილი ახალ სქემაში პრაქტიკოსი მასწავლებლის ბედი.
სქემის IX თავში გარდამავალი დებულებები აისახა. პირველ რიგში, განისაზღვრა სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები:
„პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2020 წლის შემოდგომაზე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.
იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე (გარდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.
ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, მათ აქვთ, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება.
იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს აცხადებს კონკურსს.
მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.
2020–2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.
სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 1-ლ იანვრის მდგომარეობით მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:
- გაიარონ ტრენინგ-მოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ 1-5 კრედიტქულა;
- დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით) დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს 2020 წლის ბოლომდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).
2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულით“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება