GE

პრაქტიკული კვლევები, რომლის დაწერაშიც მასწავლებლები ფულს იხდიან

„მეც და სხვა ტრენერებსაც პირდაპირ გვთავაზობენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ კვლევა დავუწეროთ“, – აღნიშნულ განცხადებას EDU.ARIS.GE -სთან არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ანა კვიჟიაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლები ფულს იხდიან იმაში, რომ პრაქტიკული კვლევა მათ მაგივრად სხვამ დაწეროს.

ცნობისთვის, პრაქტიკული კვლევის ჩატარება მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების სქემაში შემავალი ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომლის საშუალებითაც მათ სტატუსის ამაღლება, ანუ სქემაში დაწინაურება შეუძლიათ. მაგალითად  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა, რასაც ის პედაგოგის პრაქტიკის კვლევით, გარე დაკვირვების გავლით სამოდელო გაკვეთილის ჩატარებითა და სხვა ტიპის აქტივობებით იღებს.

პრაქტიკული კვლევის ჩატარებით პედაგოგს 2 კრედიტქულა ენიჭება.

ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში მისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც ერთ-ერთი პედაგოგი მას თანხის სანაცვლოდ კვლევის დაწერას სთხოვდა.

„გამარჯობათ, ძალიან კარგია ტრენინგებს რომ ატარებთ, მივესალმები თქვენ ამ ნაბიჯს, ერთი კითხვა მაქვს, შესაძლოა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ, რომ დამიწეროთ კვლევა და თანხა რამდენი იქნება გადასახდელი?…“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ანა კვიჟინაძის თქმით, მასწავლებლების მხრიდან პრაქტიკული კვლევის გაკეთების სანაცვლოდ ფულის შეთავაზების შემთხვევა პირველი არ არის და მასწავლებლებიც ამბობენ, რომ მათი იციან შემთხვევები, როცა პედაგოგები კვლევას სხვას აწერინებენ.

„მეც და სხვა ტრენერებსაც პირდაპირ გვთავაზობენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ  კვლევა დავუწეროთ. ასევე ტრენინგზე ჩვენი მონაწილეებისგან გაჟღერდა, რომ ქუთაისში ხშირია შემთხვევები, როცა პედაგოგს სხვა უწერს კვლევას, რაზეც ძალიან დიდი პროტესტის განცდა ჰქონდათ მასწავლებლებს, რომ არ არის ჯანსაღი კონკურენცია.

„ძალიან შევწუხდი, ზოგი მთხოვს, რომ არ გავასაჯაროო ასეთი ამბები, მაგრამ ეს ყველაფერი ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ვფიქრობ, ჯანსაღი გარემო უნდა შეიქმნას, მათ შორის სკოლებშიც და პედაგოგი რომ იტყუება და რაღაცებს აყალბებს, ძალიან დიდი სირცხვილია. 90-იან წლებიდან მოყოლებული საქართველოს ჰქონდა ეს პრობლემა – დიპლომების გაყალბება და ალბათ, იმ პედაგოგების ნაწილსაც, რომლებიც ახლა თავს არიდებენ მუშაობას, შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ, რომ დიპლომებიც ასე აქვთ ნაყიდი“, – აცხადებს კვიჟინაძე.

მისივე თქმით, აუცილებელია ამ თემის გახმაურება და შეფასებისა და კონტროლის კრიტერიუმების გამკაცრება. ამასთან, აღნიშნავს, რომ მეორე მნიშვნელოვან პრობლემას თავად შემფასებლები წარმოადგენენ, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისინი არ ფლობენ იმ ცოდნას, რომელიც მასწავლებლის პრაქტიკული კვლევის დროს უნდა გამოიყენონ. არ იციან დეტალები და ზედაპირული თეორიული ცოდნა აქვთ მიღებული.

„პრობლემა კონტროლის მექანიზმშია. უმაღლესმა სასწავლებლებმა ახლა შეიმუშავეს გარკვეული კრიტერიუმები, რომ არ შეიძლება პლაგიატი და ა.შ. სკოლის დონეზე ეს არის დაურეგულირებელი. აუცილებელია შეფასების მექანიზმის გაძლიერება, ვინმე სხვა უნდა ჩაერთოს ამ მიმართულებით, არა მარტო კვლევების მიმართულებით, არამედ გაკვეთილების დაგეგმასა და ატვირთვასთან დაკავშირებით. კონტროლის მექანიზმი შეცვლილი და გამკაცრებული უნდა იყოს.

„ამასთან, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ჩემთან მოდიან დირექტორები და შეფასების ჯგუფის წევრები, რომლებმაც TBTC-ში (თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი) გაიარეს ტრენინგი, მაგრამ გაიარეს თეორიულ დონეზე და არ უწარმოებიათ პრაქტიკული კვლევა, შესაბამისად მათი შეფასებული ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნება?!“,- გვითხრა არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა აღნიშნული ფაქტების შესახებ განათლების სამინისტროსთან საუბარი და მიაწოდეს თუ არა მათ ეს ინფორმაციები რეაგირებისთვის, რაზეც ანა კვეჟინაზემ გვიპასუხა, რომ თანხის შეთავაზების სანაცვლოდ კვლევების დაწერის შეთავაზების ფაქტზე განათლების სფეროს წარმომადგენლებთან აქვს საუბრები და შესაბამისი ტექსტური შეტყობინების ფოტო ფეისბუქზეც აქვს გამოყენებული, თუმცა სამინისტროში ფაქტს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია.

„მე ვისაც ვესაუბრე, განათლების სფეროში მომუშავეებსა და ექსპერტებს, ისინიც მიუთითებენ, რომ ჩვენ ხშირად ვცდილობთ გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, თუმცა რასაკვირველია, სამინისტროში აკეთებენ კომენტარს, რომ ესეთი რაღაცები არ ხდება და გამორიცხულია. მაგრამ როგორც ჩემს საჯარო „facebook“ სტატუსს აქვს კომენტარები და გაზიარებულ სურათზე წერენ, იქიდანაც ჩანს, რომ ეს არ არის ახალი და მასწავლებლებსაც დიდი ხანია სმენიათ ამაზე. სამინისტრომ იცის და დარწმუნებული ვარ, რომ იცის, მაგრამ ამის რეაგირებას არ და ვერ ახერხებს“, – აცხადებს კვიჟინაძე.

EDU.ARIS.GE შეეცადა საკითხთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლს დაკავშირებოდა და გაეგო არის თუ არა ცნობილი მათთვის აღნიშნული ფაქტების შესახებ და როგორ აპირებენ პრობლემის მოგვარებას, ასეთი კომენტარის მიღების შემთხვევაში, ჩვენ მასწავლებლის სახლის შეფასებას დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური