GE

პრემიერის თხოვნა განათლების მინისტრს – გავააქტიუროთ საუბრები ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ დასკვნები

სახელმწიფომ, პირველ რიგში, და მთლიანად საზოგადოებამ უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს, რათა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, როგორ უყურებენ ამ პრობლემას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე სკოლის მოსწავლეების ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სთხოვა, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გაააქტიუროს საუბარი ახალგაზრდებთან – „გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს.“

„შსს-მ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და მგონი, ყველას გაუქრა ის ეჭვი, რომ ვინმე ამ ტრაგედიის მერე შეიძლებოდა დარჩენილიყო დაუსჯელი. ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ ამით. მთავარია, გავაანალიზოთ ახლა ის ფონი, რაც არის შექმნილი,  საზოგადოების დამოკიდებულება, თვითონ ეს ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე უწყების ან ხელისუფლების მხრიდან მისაღები. ჩვენ გვჭირდება, რომ  კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიდოში შევძლოთ რომ ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომელიც  პირველ რიგში თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს. მხოლოდ და  მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები და  დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები. მთავარი მაინც არის ის, რომ მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ სწორი გზები, რათა ასეთი ტრაგედია ავიცილოთ თავიდან,“ –  განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ ტომებად დაწერილი სტრატეგიები არაა ეფექტური გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ჩვენ გვჭირდება ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ სკოლა, მისი შემოგარენიც იყოს დაცული და იმისთვის, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვის გაშვება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ახალგაზრდებთან. საჭიროა მუშაობა ალბათ კანონდმებლობის კუთხითაც, მინდა რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

სკოლების მონიტორინგში პოლიციის ჩართულობას სახალხო დამცველი არ მიესალმება

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური