GE

პრინციპები, რომლებიც აბიტურიენტს და არამხოლოდ, ნებისმიერ ტექსტზე მუშაობისას გამოადგება – აკადემიური წერა დამწყებთათვის

ავტორები: ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი

განსაზღვრეთ მიზანი

პროფესიული ურთიერთობა სასურველი შედეგის მიღწევას გულისხმობს. წერილობით დოკუმენტს იმისთვის ქმნით, რომ რაღაც უნდა მოხდეს ან შეიძლება მოხდეს. ამიტომ, როდესაც რაიმეს დაწერას გადაწყვეტთ, კარგად განსაზღრეთ, რის გაკეთებას აპირებთ. მაშინაც კი, როდესაც ვინმესთვის მხოლოდ რაიმეს შეტყობინებას აპირებთ, მას ეს ინფორმაცია ისე უნდა მიაწოდოთ, რომ საკუთარი გეგმების შეცვლა თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად მოუნდეს. თუ მიგაჩნიათ, რომ მისი მხრიდან რაიმე ქმედება არ არის საჭირო, მაშინ ეს შეტყობინება მას არც უნდა გაუგზავნოთ.

იყავით კონკრეტულნი

მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ მაქსიმალურად კონკრეტულნი იყოთ. სამოქმედო ფორმულა, რომელიც საქმის წარმოებაში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება ასეთია: „ვინ რას როგორ როდის სად და რატომ აკეთებს. ვინაიდან ყველა სამოქმედო გეგმა ამ ფორმულაში კარგად ჯდება, ის უკლებლივ ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ.

წერეთ მკითხველისთვის

ეს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენ მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ვინ იქნება თქვენი მკითხველი და რატომ გაეცნობა ის თქვენ მიერ მომზადებულ დოკუმენტს. წერის დაწყებამდე მოიფიქრეთ, საჭიროა თუ არა პოტენციური მკითხველის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება. მკითხველის გათვალისწინების შემთხვევაში გაგიადვილდებათ დოკუმენტში ჩასართავი დეტალების განსაზღვრა, რადგან თქვენთვის ერთნაირად წამგებიანი იქნება როგორც ზედმეტი, ისე _ მწირი ინფორმაციის მიწოდება.

ძირითადი აზრი დასაწყისშივე წარმოადგინეთ

ეს პრინციპი გამოიყენება ესეს, მოხსენებითი ბარათის, ოფიციალური წერილების შედგენისას და კითხვებზე პასუხის გაცემისას. პირველი რიგში, წარმოაჩინეთ ძირითადი აზრი და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდეთ დამატებითი მოსაზრებები, რომლებიც ძირითად იდეას მეტ საფუძვლიანობას შესძენს. სხვა სიტყვებით, ჯერ გადმოეცით დასკვნა და შემდეგ დაასაბუთეთ მისი სისწორე. ამასთან, ნუ შეაწუხებთ მკითხველს თქვენი ფიქრის პროცესით, ვინაიდან ამ პროცესისთვის თვალის მიდევნება რთულია და დიდ დროსაც მოითხოვს, რის გამოც დიდია ალბათობა, რომ ადრესატის ყურადღებას ვერ მიიპყრობთ. ამიტომ დაიწყეთ დასკვნებით.

გამოიყენეთ დოკუმენტის შედგენის სტანდარტული მეთოდი „განსაზღვრეთ დაალაგეთ-დააჯგუფეთ-დაახარისხეთ-გადახედეთ

ესაა ფორმულა, რომელიც ნებისმიერ რთული ტექსტის შესადგენად გამოგადგებათ და რომელიც თანმიმდევრულად განსახორციელებელ ქმედებებს მოიცავს: (ა) განსაზღვრეთ მიზანი, (ბ) დაალაგეთ აზრები და ინფორმაცია, (გ) დააჯგუფეთ აზრები, (დ) ორგანიზებული სახე მიეცით თქვენს აზრებს და (ე) გადახედეთ შედეგს.

ასევე იხილეთ:

„რეპეტიტორი, რომელიც სწავლების ერთსა და იმავე მეთოდს ყველა მოსწავლეზე იყენებს, იშვიათად აღწევს შედეგს“ – აბიტურიენტები გორიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური