GE

„რეპეტიტორი, რომელიც სწავლების ერთსა და იმავე მეთოდს ყველა მოსწავლეზე იყენებს, იშვიათად აღწევს შედეგს“ – აბიტურიენტები გორიდან

საჯარო სკოლის დირექტორი აჭარიდან: “წელს, როდესაც მისაღები გამოცდები დამთავრდა და შედეგები გახდა ცნობილი, ყველა ტელევზიით თვალს ვადევნებდი, თუ რა პასუხებს სცემდნენ ჩარიცხული აბიტურიენტები ჟურნალისტებს. ყველა ამბობდა, რომ ისინი მადლიერები იყვნენ რეპეტიტორების და ერთი შემთხვევაც ვერ დავაფიქსირე, მადლობა მასწავლებლისთვის გადაეხადათ. გამოდის, რომ დღეს ჩვენი სისტემა ისეა აწყობილი, მოსწავლე იმ ცოდნას ვერ ღებულობს, რაც სკოლაში უნდა მიიღოს. ეს გლობალური საკითხია და სერიოზული დაფიქრება სჭირდება. რა მოცემულობა გვაქვს დღეს, ჯერ სკოლა არ დაწყებულა და მშობლები დაკავებულები არიან რეპეტიტორების ძებნით”.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განსაკუთრებით აბიტურიენტებისთვის, აქტუალური ხდება კარგი რეპეტიტორის პოვნა, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა დამატებით გაკვეთილებზე დადის და თითოეულ მათგანს ისეთი მასწავლებელი სურს, რომელიც არა მხოლოდ საგნის ცოდნას გაუღრმავებს, არამედ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველ შედეგზე გაიყვანს.

ანანო ქანაშვილი ერთ-ერთია, იმ აბიტურიენთაგან, რომელიც საკუთარი არჩევანით კმაყოფილია და კარგი რეპეტიტორის შერჩევაში გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს. პირველი და მთავარი პირობაა ის, რომ რეპეტიტორი ფლობდეს საგანს სრულყოფილად. თუმცა, ამბობს, რომ კარგი სპეციალისტის შესარჩევად ეს ერთადერთი კრიტერიუმი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ გადასცეს ინფორმაცია მოსწავლეს მარტივად, გამოცდილება კი ამ პროცესში ძალიან ფასეულია.

„ძალიან დიდ ხანს ვეძებდი კარგ რეპეტიტორს. მინდოდა საუკეთესო ყოფილიყო და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. კარგი რეპეტიტორი მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ უნდა ფლობდეს. მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება კონკრეტული საგნის სწავლების პრაქტიკაში და იცოდეს სხვადასხვა მეთოდი, რომლებსაც ბავშვების საჭიროებებს მოარგებს. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მასწავლებელს, რომელსაც საკუთარ თავს ანდობ, ჰქონდეს მაღალი შედეგები, იყოს გამოცდილი და საგანს სრულყოფილად ფლობდეს. უნდა იყოს მომთხოვნი და მოსწავლეს შეუქმნას კომფორტი, მოუხსნას დაძაბულობა და შეაყვაროს საგანი“.

კარგი რეპეტიტორის შერჩევისას საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს კიდევ ერთი აბიტურიენტი. ქეთევან აბალაკმა იცის, რომ რეპეტიტორი, რომელიც ერთსა და იმავე მეთოდს ყველა მოსწავლეზე იყენებს, იშვიათად აღწევს შედეგს. ამიტომ ფიქრობს, რომ აბიტურიენტმა პედაგოგი პირველივე გაკვეთილზე უნდა შეაფასოს თუ რა უნარებს ფლობს და შემდეგ გადაწყვიტოს, მიანდობს თუ არა მას საკუთარ ბედს.

ქეთევანი თქმით, მხოლოდ საგნის ცოდნა საკმარისი არ არის და რეპეტიტორმა უნდა შეძლოს მარტივად ახსნას სირთულეები, ჰქონდეს მოთმინება და მოსწავლის ნდობის მოპოვების უნარი. ხშირად, მოსწავლეები სწორედ იმიტომ იცვლიან რეპეტიტორს, რომ მათთან კომუნიკაცია ვერ დგება.

„უკვე დიდი ხანია ვემზადები ქართულში, ინგლისურში, მათემათიკასა და ფიზიკაში. მასწავლებლების შერჩევა არ გამჭირვებია და ისეთ პედაგოგებზე შევაჩერე არჩევანი, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომები აქვთ სწავლების მეთოდში. შერჩევამდე ჩემი პედაგოგები მოსწავლეებში გავიკითხე, გავარკვიე რამდენად კმაყოფილები იყვნენ და ჰქონდათ თუ არა მაღალი შედეგები. გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ცოდნა, შეიძლება, ბევრს ჰქონდეს, მაგრამ აბიტურიენტს ვერ გადასცეს. ყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, ვის ანდობენ მომავალს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია“, – გვიხსნის აბიტურიენტი.

ჩვენ მიერ გამოკითხული კიდევ ერთი აბიტურიენტი რეპეტიტორის შერჩევისას მეგობრების რჩევას ენდო. ამბობს, რომ გაარკვია ჯგუფში ბავშვების რაოდენობაც და მათ შეუერთდა, სადაც ცოტანი იყვნენ. ყვება, რომ გარემოს ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. სასწავლო სივრცეში უნდა იყოს სიმშვიდე, რადგან გონება არ გაეფანტოს და სათანადო სწავლა შეძლოს. რაც შეეხება მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებს, თიკო ფეიქრიშვილის თქმით, აუცილებელია გამოცილება და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, თუმცა იმასაც ამატებს, რომ შედეგის მიღება დიდწილად აბიტურიენტზეც არის დამოკიდებული.

„მე გავიკითხე პედაგოგები ჩემს უფროს თაობაში, რამდენად კარგი შედეგები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, დაახლოებით, მეც ვიცოდი ვის ვანდობდი ჩემს თავს, თუმცა მეგობრების რჩევებიც ძალიან დამეხმარა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ჯგუფში, რაც შეიძლება ცოტა მოსწავლე ყოფილიყო, რადგან გონება არ გამეფანტებოდა. ასევე, მნიშვნელობა მივანიჭე ბავშვებსაც, რამდენად მეგობრულები იყვნენ და ხომ არ დამაბულინგებდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. ასევე, პედაგოგების მიდგომებს ვაკვირდებოდი, როგორ უდგებოდნენ ბავშვებს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენზე, აბიტურიენტებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვისწავლით – თუ არა. მე ძალიან კმაყოფილი და მოტივირებული ვარ“, – გვითხრა თიკო ფეიქრიშვილმა.

მარიამ თულაშვილისთვის კი რეპეტიტორის შერჩევისას გადამწყვეტი როლი ითამაშა სპეციაალისტის ინდივიდუალიზმმა და გამოცდილებამ.

„შემიძლია გითხრათ, რომ მასწავლებელი ბერს ჰქვია, თუმცა ყველა როდია პედაგოგი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მასწავლებელი ყოფილიყო მეგობრული და მცოდნე. ძალიან მინდოდა, კარგი გადმოცემის უნარი ჰქონოდა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ რეპეტიტორს სხვადასხვა უნარები უნდა ჰქონდეს განვითარებული. უმთავრესია ინდივიდუალური მიდგომები ყველა მოსწავლის მიმართ. ამ კრიტერიუმებით შევარჩიე სამი მასწავლებელი და შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთზე უკეთესები არიან.

„კარგმა რეპეტიტორმა უნდა შეძლოს რთული თემების მარტივად ახსნა“, – ასეთია მარიამ ბაკურაძის პოზიცია, რომელიც გვიყვება, რომ რეპეტიტორების შერჩევისას სხვადასხვა კრიტერიუმებს მიაქცია ყურადღება.

მეგობრებსაც ჰკითხა, მაგრამ ბოლოს მაინც საკუთარ თავს ენდო და ფიქრობს, რომ საბოლოოდ, საუკეთესო არჩევანი გააკეთა.

მისი შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით, კარგ რეპეტიტორს მოთმინება უნდა შეეძლოს და მოსწავლისთვის სწავლის მოტივაციის ამაღლება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური