„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფიზიკოსი ნინო ტუხაშვილი მათემატიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების მომზადების დონეზე წერს, გასული წლის მაგალითიც მოჰყავს და მიიჩნევს, რომ ვინც მათემატიკა არ იცის, ეს საგანი საერთოდ არ უნდა ჩააბაროს.
როგორც სპეციალისტი დღეს, 15 ივლისს, საკუთარ წერილში წერს, შარშან 13 000 აბიტურიენტიდან, რომლებიც მათემატიკას აბარებდა, 6500 -მა 16 ქულაზე ნაკლები მიიღო, დაახლოებით 3000 -მა კი 16-დან 24 მდე. ანუ 71-% მა დაბალი შეფასება დაიმსახურა.
ფიზიკოსი აღნიშნავს, რომ ზოგადად, საგნის საშუალო დონეზე ცოდნა ნიშნავს, რომ აპლიკანტმა ტესტირებაში მინიმუმ 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს.
“51 ქულიდან 10 ქულამდე ვინც იღებს, ითვლება, რომ საგანი საერთოდ არ იცის, ანუ წარმოდგენაც არ აქვს საგანზე, 11-დან 16 ქულამდე ვინც წერს გამოცდას, ცოტაოდენი არითმეტიკა იცის და გარტყმით მიღებული ქულებით არის ფონს გასული.
ასეთი აბიტურიენტები სტუდენტები თუ მაინც ხდებიან, უნივერსიტეტში ვეღარ ახერხებენ სწავლას და ან სტატუსს იჩერებენ, ან ირიცხებიან, ან პეპლებივით დაფრინავენ სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე იმ იმედით, რომ დარჩენილ საგნებს “ჩააბარებენ”. შედეგად ვიღებთ მარადმწვანე სტუდენტებს, რომელთა 90% ვერ ახერხებს უმაღლესი განათლების მიღებას”, – ამბობს ნინო ტუხაშვილი.
სპეციალისტი მისაღები გამოცდებისა და სკოლის სახელმძღვანელოების პროგრამების თანხვედრის საკითხსაც ეხება და აცხადებს, რომ ისინი ერთი და იგივეა. უბრალოდ, მოსწავლეთა 80%-მა მათემატიკა (და არა მარტო ეს საგანი ) საერთოდ არ იცის.
“მე-4 კლასის დონის არითმეტიკული მოქმედებების კეთებაც უჭირს, გეომეტრიულ ფიგურებს ვერ ცნობს, ერთეულთა გადაყვანა არ იცის, ფიზიკურ სიდიდეებს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს. ფუნქციებზე, პარამეტრულ განტოლებებზე, უტოლობებზე, ტრიგონომეტრიასა და ლოგარითმებზე საერთოდ არაა ლაპარაკი. ვინც მათემატიკა არ იცის, არ უნდა ჩააბაროს ეს საგანი.
სამწუხაროდ, აბიტურიენტთა დიდ ნაწილს ჰგონია, რომ მე-12 კლასში ისწავლის მათემატიკას 0-დან. ახლა ყველა რეპეტიტორობას იბრალებს. ეს ვაირეპეტიტორები უცოდინარ მოსწავლეებს ჰპირდებიან, რომ მაღალ ქულებს ააღებინებენ ეროვნულ გამოცდებზე, წლის ბოლოს კი გაწბილებულებს ტოვებენ აბიტურიენტებსაც და მათ ახლობლებსაც. მე არ ამყავს ის აბიტურიენტები, რომლებსაც არ აქვთ საფუძველი. სკოლაში უნდა ამაღლდეს სწავლის ხარისხი, ყველა კლასში უნდა ტარდებოდეს ობიექტური გამოცდები, ვინც ვერ ძლევს პრორამას, არ უნდა გადავიდეს შემდეგ კლასში. მაშინ პასუხისმგებლობაც გაიზრდება და მისაღებ გამოცდებსაც ღირსეული და მცოდნე აბიტურიენტები ჩააბარებენ”, – წერს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ასევე იხილეთ:
-
„ზოგი კითხვა ჩამჭრელი იყო“ – ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი დავალებებს იხსენებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტების 7%-მდე არ გამოცხადდა, 17% კი მასწავლებლის გამოცდაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ქიმიასა და მუსიკაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე