პროფესია, როგორც გა(უ)აზრებელი არჩევანი საქართველოში
რა გინდა, რომ გამოხვიდე? – ეს ერთ-ერთია იმ კითხვებს შორის, რომელზე პასუხსაც ახლობლები ფეხისადგმიდან სკოლის დამთავრებამდე, ხან ხუმრობით, ხან კი სრული სერიოზულობით გვთხოვენ.
ერთი შეხედვით, ყველა ადამიანს საკმარისი დრო აქვს, სასურველი პროფესიის ასარჩევად, თუმცა როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ დროის სიჭარბე არჩევანის გააზრებულობას და თავისუფლებას არ განაპირობებს.
„სკოლაში არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი“, – ამბობს ევა ზაუტაშვილი. ევა ახლა მეცხრე კლასშია. ვარაუდობს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლას სოციალოგიური ან იურიდიული მიმართულებით გააგრძელებს.
„მოსწავლეები იშვიათად აკეთებენ არჩევანს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. რასაც ვაკვირდები, უმრავლესობა იმ პროფესიას ირჩევს, რომელიც მისი და მისი გარშემომყოფების აზრით პერსპექტულია. ხშირადმსმენია, რომ ასეთ პროფესიად ითვლება ბუღალტრობა, აუდიტორობა, იურისტობა, ეკონომისტობა და ექიმობა’’,- გვეუბნება ევა და ფიქრობს, რომ ერთი შეხედვით, იმაში ცუდი არაფერია, რომ ახალგაზრდა საკუთარი მომავალი პროფესიის პერპექტივებს აანალიზებს. უბრალოდ, ევას აზრით, ეს მიდგომა საზიანო მაშინ ხდება, როცა ამას საკუთარი ინტერესების უგულებელყოფით ვაკეთებთ.
ევას პროფესიის ასარჩევად კიდევ 3 წელი აქვს. მისგან განსხვავებით, ეს არჩევანი უკვე გააკეთეს გორში მცხოვრებმა იმ სტუდენტებმა, რომლებსაც edu.aris.ge ესაუბრა.
გიორგი მეტონიძე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი:
„ადამიანი ბუნებით ისწრაფვის რაიმეს შემეცნებისკენ. სწორედ ამ შემეცნების გზაზე აღმოაჩენს ინდივიდი, რომის სფერო, რომელიც ყველაზე მიმზიდველია მისთვის და შესაბამისად, უფრო მარტივად შემეცნებადიც, შეიძლება გახდეს მისი პროფესია.
თუმცა ეს ერთგვარი თეორიაა, რომელიც პრაქტიკაში ხშირად სხვა ფორმით ვლინდება. ჩემი აზრით, არსებობს ახალგაზრდების სამი ჯგუფი: პირველი, რომლებიც თავად იღებენგადაწყვეტილებას და დამოუკიდებლად ირჩევენ მომავალ პროფესიას; მეორე, რომლებიც ვინმეს/რაიმეს გავლენის ქვეშ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და მესამე, ვინაიდან და რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მატერიალური პირობებია საჭირო სწავლისთვის, ზოგჯერ ვერ ახერხებს ინდივიდი აირჩიოს მისთვის სასურველი პროფესია.“
მარიამ მასურაშვილი, გორის უნივერსიტეტის სტუდენტი: „სიმართლე გითხრა, მე არ ვაპირებდი ამ ფაკულტეტზე ჩაბარებას. მინდოდა ჯავახიშვილში ისტორიულზე ჩაბარება, რადგან ძალიან მიყვარს ისტორია და ამ კუთხით მინდოდა გაგრძელება, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ გორის უნივერსიტეტი მეწერა.
ვიცი, რომ სხვა სტუდენტებსაც აქვთ ჩემი მსგავსი ისტორია. ზოგადად კი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ახალგაზრდების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ჩამონათვალში 10-ზე მეტ უნივერსიტეტს წერენ და “ლიჟბი სადმე მოვხვდეს” პრინციპით მოქმედებენ. ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ პირველ ადგილზე დაწერილ ფაკულტეტზე ვერ მოხვდე.
ზოგ შემთხვევაში სასურველ პროფესიაზე მოსახვედრად ქულები არ ყოფნით. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახი წყვეტს მოზარდის პროფესიას და აბიტურიენტისთვის არასასურველ ფაკულტეტზე აბარებინებენ. კიდევ არსებობენ სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური.”
თეო მკალავიშვილი, გორის უნივერსიტეტის სტუდენტი:
„ხშირ შემთხვევაში მშობლები ახდენენ გავლენას შვილებზე. გამიგია, ხშირად მშობელი შვილს იმ პროფესიის არჩევას აიძულებს, რომელიც ბავშობაში თავად მოსწონდა.
კიდევ ხშირია, როცა ახალგაზრდები „მოთხოვნად“ პროფესიას ანიჭებენ უპირატესობას. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ინტერესის სფეროს ირჩევენ, თუმცა აქ სხვა პროლემაც იჩენს თავს – ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტი მათ მოლოდინებს არ ამართლებს და იმედები უცრუვდებათ ხოლმე.
ერთ-ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით, რას გვასწავლიან და რა დაგვხვდება უნივერსიტეტში.’’
ლექსო ლობჟანიძე, თსუ-ს სტუდენტი:
„მიუხედავად იმისა, რომ პროფესიათა შესწავლის დიდი არჩევანი გვაქვს საქართველოში, მაინცდამაინც არ ვერგებით ამ მრავალფეროვნებას და ამიტომაც, 3-4 პროფესიაა ისეთი, რომელსაც სტატისტიკის მიხედვით, უამრავი ამომრჩეველი ჰყავს.
ცხადია, ასეთი სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ არაა გააზრებული და არც თავისუფალი გადაწყვეტილება. ხშირად ვაწყდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც მშობლის გავლენა უფრო იმარჯვებს პიროვნებაზე, ვიდრე ინდივიდუალური ნება.
ეს ერთ-ერთი ფსევდოფასეულობაა, რომელიც საბჭოთა კავშირმა შემოგვინახა და ვიმედოვნებ, დარეგულირდება პროფესიათა ამორჩევის ბალანსი და აღარ დაიბადება კითხვა: ,, ამდენი იურისტი და ექიმი სად უნდა წაიყვანოს ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა?!”,- ამბობს ლექსო.
ამ გამოწვევასთან გამკლავება ხელისუფლებამ 2013 წელს უკვე სცადა. (ასევე, სხვადასხვა სამინისტროების ჩართულობით მოთხოვნადი პროფესიების დადგენა ხორციელდება). რაც შეეხება 2013 წელს განხორციელებულ პროექტს, 3 წლის წინ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მუშაობა დაიწყო ახალ პროგრამაზე, რომლის მიზანი მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაა. პროგრამაში სკოლების ჩართვა სხვადასხვა ფორმით ხდება, თუმცა მის ეფექტიანობაში ახალგაზრდების ნაწილს ეჭვი ეპარება. ისინი ფიქრობენ, რომ იქამდე, სანამ არსებობს პრივილეგირებული და ნაკლებად პრივილეგირებული პროფესიები, სანამ მშობლის ჩარევა პროფესიის არჩევის პროცესში ნორმად ითვლება, სანამ განათლების მიღებას სესხის აღების გარეშე, მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, მანამ არჩევანის თავისუფლად და გააზრებულად გაკეთების საშუალება თავისთავად შეზღუდული იქნება.
რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობის კვლევის შედეგი
გვანცა დოლუაშვილი – გორი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება