GE

პროფესიული განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი 1,8 მილიონ ფუნტს დახარჯავს

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძის განცხადებით, პროფესიული განათლების სფეროში, აქამდე არ არსებობდა მასწავლებლების გადამზადების სისტემა, რაც მალე შეიცვლება. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ანაზღაურებასაც და ის გარკვეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, პროფესიულ-ტექნიკური განათლების და ტრენინგის განვითარების შესახებ ახალი პროექტის პრეზენტაციის დროს ისაუბრა. პროექტი გაერთიანებული სამეფოს „კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ 1,8 მილიონი ფუნტი სტერლინგით ფინანსდება და მას მსოფლიო ბანკი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებს.

„მიუხედავად იმ ძალიან სწრაფი ნაბიჯებისა, რაც სახელმწიფომ გადადგა პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ შევფერხდით და თუ სადმე რამე ვერ გაკეთდა, ეს სწორედ ადამიანური კაპიტალის გამო ვერ მოხდა. მასწავლებელი არის საკვანძო ფიგურა და ასევე ხელმძღვანელი ამ ორგანიზაციების. მასწავლებლებთან დაკავშირებით გამოწვევებით სავსეა პროფესიული განათლების სისტემა, თუ სკოლის სივრცეში ჩვენ გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და ასე თუ ისე განსაზღვრული გვაქვს მოსწავლეების მისაღწევი შედეგები, პროფესიულის შემთხვევაში, სირთულე იმიტომაა, რომ ძალიან სპეციფიკურია და სფეროები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. პრაქტიკულად პროფესიული განათლების სფეროს არ ჰქონია სისტემა, სადაც მოამზადებდნენ პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებს, ზოგადი განათლების სფეროში ეს მაინც გვქონდა.

„სრულიად გაურკვეველია, პრაქტიკულად ვინ ასწავლის დღეს კოლეჯში, ასე რომ, ძალიან კარგად გასაანალიზებელია როგორი მასწავლებელი გვჭირდება ჩვენ იმ პროგრამებისთვის და იმ შედეგებისთვის, რა მიზნებიც გვაქვს. როგორი ბალანსი უნდა დავიცვათ თეორიულ და პრაქტიკულ მასწავლებელს და სწავლებას შორის. ერთია გქონდეს პროგრამა, მეორეა – გყავდეს კარგი მასწავლებელი, რომელიც მას მსმენელამდე მიიტანს. ჩვენ აქცენტი გვაქვს პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, გადავდივართ მოდულურ სწავლებაზე, რომელიც მაქსიმალურად უნარებზე და კომპეტენციებზეა დაფუძნებული და ნაკლებად საგნობრივ და ვიწრო დისციპლინის ჭრილში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, უნდა შემუშავდეს პროფესიული განვითარების ისეთი სქემა, რომელიც სისტემაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი კადრების შემოსვლა პროფესიაში, მოვახდინოთ ბიზნესის და კერძო სექტორის ჩართულობის და მათ ბაზაზე სწავლების სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება პროფესიული განვითარების ისეთი სქემა, რომელიც ერთის მხრივ მოიზიდავს ასეთ კადრებს და მეორეს მხრივ შეუნარჩუნებს მათ ღირსეულ ანაზღაურებას, ამიტომ სახელფასო ზრდა ცხადია მოჰყვება ამ პოლიტიკას, რასაც სამინისტრო განსაზღვრავს.მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე პირველი ეტაპზე ვახორციელებთ მცირეოდენ, 30%-იანი სახელფასო მატებას. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ და ვხედავდეთ ესა თუ ის მასწავლებელი რა შედეგზე გაიყვანს და უნდა გაიყვანოს მოსწავლე, ამიტომ სახელფასო ზრდა არის ჩვენი პრიორიტეტი, თუმცა ეს უნდა იყოს მიბმული შედეგებთან,“ – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა ხელფასის ზრდა მათთვის შექმნილი მასწავლებელთა სქემით განხორციელდება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური