GE

„პროგრამული ხარვეზის გამო, მასწავლებელთა გამოცდა საათ-ნახევრის დაგვიანებით დაიწყო“

147-ე საჯარო სკოლაში, სადაც დღეს მასწავლებლები ეროვნულ გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებდნენ, დილის სესიის გამოცდა საათნახევრიანი დაგვიანებით დაიწყო.

როგორც EDU.ARIS.GE– ს გამოცდაზე მყოფმა სპორტის მასწავლებელმა განუცხადა, ამის მიზეზი პროგრამული ხარვეზი იყო.

,,გამოცდა დავიწყეთ საათნახევრიანი დაგვიანებით, როდესაც ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია მასწავლებლების მხრიდან აგვიხსნეს, რომ სისტემაში იყო პროგრამული ხარვეზი. როგორც აღმოჩნდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად საათზე მეტი დასჭირდათ. როცა წინ ხუთსაათიანი გამოცდა გაქვს, ემოციური ფონიც მაღალია, რა თქმა უნდა, ასეთი ინციდენტი გამაღიზიანებელია. ჯამში გამოვიდა, რომ 7 საათი ვიყავით საგამოცდო ცენტრში”, – განგვიცხადა მასწავლებელმა.

გამოცდის დაგვიანებით დაწყების შესახებ სხვა მასწავლებლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია. უმეტესობისთვის, როგორც ამბობენ, ეს დამატებითი სტრესი იყო.

“დღეს 09:00 საათზე დასაწყები გამოცდა საათი და 20 წუთის მერე დაიწყეს, იქამდე გვალოდინეს ისე, რომ არც ვიცოდით რა ხდებოდა, იმედია ჩემი ნამუშევარი უსაფრთხოდაა. ძალიან დავისტრესეთ”, – გვითხრა კიდევ ერთმა პედაგოგმა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, “საგამოცდო პროცესი თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი ქსელური აპარატურის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.”

“ამ შემთხვევის გამო, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას საფრთხე არ შექმნია. პროცესი ცენტრებში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს”, – დასძინეს ცენტრში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური