GE

„Qart NLP – ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი” – ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროექტი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროექტი „Qart NLP – ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი” საერთაშორისო ჟიურიმ 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წარსადგენად შეარჩია.

კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტი 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება და აერთიანებს პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებს, მათ შორის მოქმედი და ყოფილი მთავრობების მეთაურებს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებიდან.

სამიტი დემოკრატიული სამყაროს წინაშე მდგარი აქტუალური საკითხების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევების ანალიზის, აგრეთვე ტექნოლოგიისა და დემოკრატიული ნორმების ურთიერთქმედების ანალიზის მთავარი საერთაშორისო ფორუმია.

პროექტი „Qart NLP“ შექმნას ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების მენეჯერი თემო ჩიჩუა ხელმძღვანელობდა. მასში აქტიურად იყვნენ ჩართულები ილიაუნის სტუდენტები, რომლებსაც სტუდენტური პროექტის „ილიაუნი+“ ფარგლებში უნილაბის პითონის კურსი გაიარეს.

პროექტს „Qart NLP“ შეუძლია გაიგოს თუ რა რაოდენობით შეიცავს ახალი ამბავი ყალბ ინფორმაციას. პროგრამას ასევე გააჩნია ქართული ენის ციფრული დამუშავების მრავალი სხვა ხელსაწყო.

„პროექტის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი სწავლების კომპიუტერული მოდელი არის ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი. ჩვენ ვაშენებთ პლატფორმას, რომელზეც როგორც მკვლევარს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება გაარკვიოს, თუ რა რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს ესა თუ ის ახალი ამბავი ყალბ ნიუსს. ეს პროექტი წარდგენილია 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე“, – განაცხადა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროექტის ხელმძღვანელმა თემო ჩიჩუამ.

„პლატფორმაზე შესაძლებელია ქართული ენის ლინგვისტური დამუშავების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. მათ შორის არის ლემატიზაცია, ტოკენიზაცია, სიხშირის მაჩვენებლის გამოთვლა, სოფორთებისგან გასუფთავება და ფოსთთეგირება. ამჟამად ვმუშაობთ დამოკიდებულების ხის აგებაზე და მანქანური სწავლების მოდელის შექმნის ავტომატიზაციაზე“, – ამბობს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მკვლევარი ნინა დარსაველიძე.

 

„მნიშვნელოვანია როცა სტუდენტები ერთვებიან საერთაშორისო პროექტებში, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ერთი მხრივ, შეუძლიათ თავისი შესაძლებლობები ანახვონ თავის თანატოლებს, უცხოელ კოლეგებს და მეორე მხრივ, მიიღონ გამოცდილება, გამოცდილება, რომელიც ისევ და ისევ მათ გამოადგებათ მომავალში სხვა დიდ პროექტებში მუშაობისას“, – განაცხადა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორმა სანდრო ასათიანმა.

 

11 მაისს თემო ჩიჩუა კოპენჰაგენში, დემოკრატიის ყოველწლიურ სამიტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით პროექტს „Qart NLP“ ფართო საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენს.

პროექტის გუნდი

ხელმძღვანელი – თემო ჩიჩუა, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების მენეჯერი

მკვლევრები:

ნინო მარიდაშვილი , ილიაუნის სტუდენტი – პროექტის ფარგლებში იმუშავა ვებგვერდზე, ტექსტის დამუშავების ფუნქციონალზე

ნინა დარსაველიძე, ილიაუნის სტუდენტი – პროექტის ფარგლებში მოამზადა დოკუმენტაცია და ვიზუალური მასალა

თემურ ქიტოშვილი, ილიაუნის სტუდენტი – პროექტის ფარგლებში შექმნა ვებგვერდის ფუნქციონალი

მარიამ კვანტალიანი, ილიაუნის სტუდენტი – პროექტის ფარგლებში შექმნა ვებგვერდის მომხმარებლის ავტორიზაცია / რეგისტრაციის ფუნქციონალი

ალისა სანაკოევი, ილიაუნის სტუდენტი – პროექტის ფარგლებში იმუშავა მონაცემთა ბაზებზე;

თენგიზ პატარაია, ილიაუნის სტუდენტი – პროექტის ფარგლებში იმუშავა ვებგვერდის ბექენდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი