GE

ქართული ციფრული სახელმძღვანელოები, ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის

11 დეკემბერს, CK-12-ის ქართული ციფრული რესურსების პოპულარიზაციისა და მათი სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვის მიზნით, კონფერენცია „CK-12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“ გაიმართა. იგი ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იყო იმ სამუშაოსი, რომელიც CK-12-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ქართულ ენაზე ნათარგმნი და ეროვნულ სასწავლო გეგმას მორგებული ციფრული რესურსების განთავსებისათვის განხორციელდა.

პანდემიით გამოწვეული პრობლემებისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და მხარდაჭერით, Ck-12-ის ფონდსა და განათლების კოალიციას შორის თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. 2007 წელს დაარსებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის Ck-12-ის მიზანი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. დღემდე, Ck-12-ის რესურსით, მსოფლიოს მასშტაბით, 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა. ხოლო პანდემიის პერიოდში ვებ-გვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა.

განათლების კოალიციისა და პროექტში ჩართული სხვა მხარეების შრომატევადი და ინტენსიური მუშაობის შედეგად, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, ქართულ ენაზე ითარგმნა და პლატფორმაზე განთავსდა 15 სახელმძღვანელო, საბაზო და საშუალო საფეხურზე STEM-ის საგნების მიმართულებით. თითოეული სახელმძღვანელო მოიცავს თეორიულ მასალას, ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და სხვა პრაქტიკულ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს განხილული საკითხების გააზრებასა და ათვისებას გაუადვილებს. ელექტრონული სახელმძღვანელოები, სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე www.ck12.edu.ge, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, სრულიად უფასოდ, უკვე ხელმისაწვდომია. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებულია მასალის გამოყენების ინსტრუქციებიც.

როგორც განათლების კოალიციაში განმარტავენ, პირველი პრიორიტეტი სახელმძღვანელოების თარგმნა იყო, შემდეგ კი აქტიური მუშაობა მათი პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო. ამისთვის 30 კონსულტანტ-მასწავლებელი შეირჩა, რომელთაც, თავის მხრივ, 200-მდე სკოლასთან ითანამშრომლეს და პედაგოგებს ციფრული რესურსების გამოყენებასა და სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვაში დაეხმარნენ. კოალიციაში იმასაც აცხადებენ, რომ 200-მა მასწავლებელმა, დახლოებით, 10 000-მდე მოსწავლე მოიცვა და ჯამში, CK-12-ის ქართულ რესურსებს უკვე, მინიმუმ, 10 000 მოსწავლე იცნობს.

მართალია, სამუშაოს პირველი ეტაპი დასრულდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. შემდგომი მიზანი პლატფორმის გამოყენების არეალის გაფართოება და მისით მოსარგებლე პედაგოგებისა და მოსწავლეების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდაა. კოალიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ გააადვილებს სწავლა-სწავლების პროცესს, არამედ ბევრად სახალისოსა და ეფექტურს გახდის.

„CK-12, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. ვფიქრობთ, რომ საქართველოში მისი დანერგვა დიდი დახმარება იქნება STEM-ის მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესისთვის. მეორე სემესტრის დასაწყისისთვის მასწავლებლებს ვპირდებით, რომ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება სიმულაციები ფიზიკისა და ქიმიის საგნებში. ეს სიმულაციები ინგლისურ ენაზეც უკვე საკმაოდ პოპულარულია, ბევრმა მასწავლებელმა გამოიყენა. თუმცა, მალე ქართულ ენაზეც გვექნება“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

მისივე თქმით, იდეა, რომ CK-12-ის რესურსი ქართული სკოლებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო, პანდემიამ და ჰიბრიდულმა სწავლებამ განაპირობა. ამ დროს უფრო მწვავედ გამოჩნდა, რომ ხარისხიანი ქართული ციფრული მასალების ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდული იყო, რამაც მათ ახალი გზების ძიებისკენ უბიძგა.

„ჩავთვალეთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული დახმარების გაწევა შეგვეძლო. თუმცა, ეს რესურსი ჩვეულებრივი, საკლასო სწავლების პირობებშიც ძალიან სასარგებლო იქნება. მათი სხვადასხვა ფორმით გამოყენება სწავლების პროცესს ნამდვილად გაამდიდრებს და საინტერესოს გახდის. ჰიბრიდულ პროცესში კი იგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და შეუცვლელიც კი შეიძლება იყოს“, – დასძენს ირინა ხანთაძე.

კონფერენციაზე, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, რომელმაც პროექტში ჩართულ მხარეებთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ძალისხმევა არ დაიშურეს. მან, აგრეთვე, იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პანდემიამ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში შემოიტანა და დასძინა, რომ ახალ რეალობასთან ადაპტირება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ყველა მოსწავლე და მასწავლებელი, საქართველოში, გმირია, რადგან მათ შეძლეს ამ ცვლილებებთან ადაპტირება და ეს წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა გადავიაზროთ განათლების ცნება. ახალი უნარ-ჩვევები გვჭირდება და რა თქმა უნდა, ლოგიკური აზროვნება. ციფრული სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს იმ საგანმანათლებლო კალათისა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები სარგებლობენ. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას სკოლის მასწავლებლებსა და მათ ხელმძღვანელებს, რომ ck-12-ის პლატფორმის გამოყენებისას აქტიურად იმოქმედონ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ციფრული სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება ვისწავლოთ“ , – აღნიშნა თავის სიტყვაში ღასან ხალილმა.

პანდემიით გამოწვეულ გლობალურ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება, კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამაც და დასძინა, რომ შექმნილი მდგომარეობა საგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაკუთრებულად მძიმედ დააწვა მხრებზე. უნივერსიტეტებიცა და სკოლებიც, მისი თქმით, უდიდესი პრობლემების წინაშე დგანან. ამ ყველაფერმა კი, რექტორის აზრით, უნდა გვიბიძგოს თავიდან დავიწყოთ მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა და სასკოლო განათლება.

„გადარჩენა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანწილად იმ ტექნოლოგიურ საშუალებებშია, რომლებიც მოდერნიზაციის პროცესმა მოიტანა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიურ საშუალებებს სკოლაში იმისთვის, რომ დავძლიოთ არა მხოლოდ პანდემიით გამოწვეული, არამედ ისტორიული პრობლემებიც. ის პრობლემები, რომლებიც ხარისხიან სასწავლო მასალებთან დაკავშირებით გვაქვს. მოხარული ვარ, რომ ორგანიზაციები, რომელთაც ეს პროექტი დაიწყეს -განათლების კოალიცია, მასწავლებლის სახლი, გაეროს ბავშვთა ფონდი, აქტიურად არიან ჩართულები, რადგან ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებულები გამოვიდეთ. Ck-12, რომელიც, როგორც აღმოვაჩინე, უკვე 200-ზე მეტ სკოლაში გამოიყენება, შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალ დასაწყისზე ვიფიქროთ “, – განაცხადა ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ.

სახელმძღვანელოების თარგმნასა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ადაპტირებაზე ოთხი ინსტრუქტორ-მასწავლებელი მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი ანა კინწურაშვილია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ფინალისტი, მათემატიკის პედაგოგი. რესურსი, რომელიც მათი მუშაობის შედეგად პლატფორმაზე განთავსდა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში, მოიცავს თეორიულ მასალას, სავარჯიშოებს, ინტერაქტივებს, ქვიზებსა და ერთგვარ თამაშებს, რომელთა დახმარებითაც ბავშვები თავად ხდებიან მკვლევარები. პედაგოგის შეფასებით, ეს ყველაფერი მათ მოტივაციას ბევრად ამაღლებს.

„ეს მასწავლებლებისთვისაც ძალიან სასარგებლო რესურსია, რადგან ზოგავს დროს, ენერგიას და ამავდროულად, ძალიან ადვილი გამოსაყენებელია როგორც დისტანციური, ისე პირდაპირი სწავლებისას. სიმარტივე იმაშიც გამოიხატება, რომ ვებ-გვერდს რეგისტრაცია არ სჭირდება და ზემოთხსენებული მასალა, ქართულ ენაზე, ერთ სივრცეშია თავმოყრილი. იგი მასწავლებლისთვის ერთგვარი წყაროა, როგორც კომპლექსური დავალებების მხრივ, ისე პროექტებისთვის. შესაბამისად, ხელს გვიწყობს ფორმალური და არაფორმალური განათლების კუთხითაც“, – ამბობს პედაგოგი ჩვენთან ინტერვიუში.

მათემატიკის პედაგოგი, ქუთაისიდან, ნინო საღარაძე კი პროექტში კონსულტანტ-მასწავლებლის სტატუსით იყო ჩართული და კოლეგებს პლატფორმის პრაქტიკაში დანერგვაში ეხმარებოდა. მისი შეფასებით, გაწეული სამუშაო, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და სკოლის სივრცეს მოწყვეტილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესს მრავალფეროვანი მეთოდებით უადვილებს.

„ვინაიდან ქართული პლატფორმა ახალი შექმნილია, ქართველი მასწავლებლები მას ნაკლებად იცნობდნენ და ჩვენ მათთვის ერთგვარი გიდები ვიყავით, რათა გაგვეცნო და სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვაში დავხმარებოდით. პედაგოგებს 24 საათიან რეჟიმში ვუწევდით კონსულტაციებს, ვპასუხობდით კითხვებს და პლატფორმის გამოყენებაში ვეხმარებოდით. იყო კითხვები, თუ როგორ ჩავრთოთ ეს რესურსი სასწავლო პროცესში და ამავდროულად, ფეხი ავუწყოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას. სწორედ ამ მხრივ ვმუშაობდით მათთან“, – გეუბნება პედაგოგი.

კონფერენციაზე შეკრებილ და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ჩართულ მონაწილეებს სიტყვით აგრეთვე მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა სარა ფულერმა და ა.შ. ღონისძიებაზე განათლების კოალიციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, Ck-12-ის რესურსების განვითარებისა და პოპულარიზების კუთხით, თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ და ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ მოაწერეს ხელი.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში. იგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას ისახავს. დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

კონფერენცია „CK12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური