„ჩანთაში საჭმელი ძალიან ბევრჯერ მქონია, მაგრამ სხვებს არ ჰქონიათ და ამიტომ არც მე მიჭამია“ – სასკოლო კვების პრობლემას კვირეული მიეძღვნა
სასკოლო კვების პრობლემას მრავალფეროვანი აქტივობებისგან შემდგარი კვირეული მიეძღვნა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას სასკოლო კვების პროგრამის მნიშვნელობის შესახებ. განსაკუთრებით, სასკოლო დონეზე და სათემო ინიციატივების განხორიცელების ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის კი კიდევ ერთხელ მინიშნებას იმისას, რომ მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის, საზოგადოებრივი და კერძო სექტორისთვის ეს საკითხი იქამდე იქნება პრიორიტეტული, სანამ სასურველი შედეგით-საყოველთაო სასკოლო კვების პროგრამით არ დასრულდება. ამ მოწოდებას იზიარებდნენ არა მხოლოდ კვირეულის მონაწილეები, არამედ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სოციალური კამპანიის ფარგლებში საკუთარი მხარდაჭერას გამოხატავდნენ.
განათლების კოალიციისა და ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ მიერ ორგანიზებულმა კვირეულმა სტარტი 14 მარტს, სასკოლო კვების საერთაშორისო დღეს აიღო. პირველ დღეს ფორუმი გაიმართა, რომელმაც განათლების, ჯანდაცვისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა, ამას მოჰყვა აქცია „საზოგადოება სასკოლო კვების მხარდასაჭერად” და ყოველდღიური აქტივობები საქართველოს არაერთ სკოლაში, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად, მთელი სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული.
14 მარტს გამართულ ფორუმზე განათლების კოალიციამ სოციალური ლაბორატორიების ანგარიში „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი’’ წარმოადგინა, ხოლო პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართა მსჯელობა როგორც არსებული გამოწვევების, ისე მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების შესახებ. ფორუმის ფარგლებში, აუდიტორიას მიმართა სუზან მაიერმა, სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციის მრჩეველმა და ისაუბრა როგორც სასკოლო კვების ქსელის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს გაწევრიანებისა და სახელმწიფოს მიერ ასაღები ვალდებულებების თაობაზე.
ფორუმი „განათლების კოალიციის” გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ გახსნა და ვრცლად მიმოხილა როგორც სასკოლო კვების არარსებობით გამოწვეულ სირთულეები, ისე საზოგადოების დამოკიდებულება საკითხის მიმართ. მისი თქმით, ყველა აღიარებს, რომ სკოლებში მშიერი ბავშვების ყოფნის ნორმალიზება დაუშვებელია, გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები და დაპირებებიც ამისი დასტურია, თუმცა პროგრამის ამოქმედებისთვის უფრო მეტი ძალისხმევა და ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
„უკვე წლებია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მიზნით, სწავლა-სწავლების მიმართულებით, მრავალნაირ პროგრამას ვახორციელებთ: ვცვლით კურიკულუმებს, ვამზადებთ მასწავლებლებს, ვცდილობთ შემოვიყვანოთ ახალი კადრები და ა.შ. თუმცა, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის უმთავრესია ბავშვების კეთილდღეობაზე მეტად ვიზრუნოთ. ეს იმას ნიშნავს რომ მათ, მინიმუმ, არ უნდა სციოდეთ და არ უნდა შიოდეთ. ამის შემდეგ უკვე ემოციურად უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს და ინფრასტრუქტურული გარემო, რომელიც სკოლაში ხვდებათ, კომფორტული იყოს. ეს მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ბავშვი მოტივირებული იყოს და სწავლებაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ირინა ხანთაძემ.
კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ იმ ძალისხმევაზეც ისაუბრა, რაც სასკოლო კვების დანერგვის ადვოკატირებისთვის გასწიეს. მისი თქმით, თემა იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ მოიცავს თითქმის ყველა სფეროს და შესაბამისად, უნდა აინტერესებდეს თითქმის ყველა მიმართულებით მომუშავე ადამიანს. აქვე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლის 14 მარტს, სასკოლო კვების საერთაშორისო დღეს, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი უკვე თვალსაჩინო იქნება და მსჯელობაში ღიად ჩაერთვებიან გადაწყვეტილების მიმღები პირებიც – იმ ინსტიტუციებისა და უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკას ქმნიან.
„სასკოლო კვება უნდა გაინტერესებდეს თუ მუშაობ ჯანმრთელობის საკითხებზე, სოციალურ პოლიტიკასა და ბავშვთა კეთილდღეობაზე; თუ ეკონომიკის სფეროს წარმოადგენ, რა თქმა უნდა, უნდა გაინტერესებდეს, რადგან საქმე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ეხება. განათლების სფეროში თუ მუშაობ – მითუმეტეს. სახელმწიფო, უარს აღარ ამბობს ამ პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა გეგმა ჩვენთვის უცნობია. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში მომუშავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინსტიტუციები ამ საკითხს სხვა თვალით შეხედავენ და დაინახავენ რომ ეს მათაც ეხებათ”, – დასძინა ირინა ხანთაძემ.
კვირეული 17 მარტს, აქციით „საზოგადოება სასკოლო კვების მხარდასაჭერად” გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზატორებმა და მოხალისეებმა მოქალაქეებს კვების პროგრამის იდეა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნეს. ამავდროულად, 14-დან 19 მარტის ჩათვლით, 20-ზე მეტმა სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციამ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასკოლო კვების პროგრამის მხარდასაჭერად სხვადასხვა თემატური ღონისძიება გამართეს. კვირეულს ვიდეო გზავნილებით შემოუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
“ამ დღის დანიშნულება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“ – ასე იწყებს კვირეულის არსსა და მიზანზე საუბარს ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ხელმძღვანელი მეგი კავთუაშვილი და დასძენს, რომ სასკოლო კვების პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი წარმოდგენები არსებობს.
როგორც იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ათასობით მშობელს ერთიანებს, მეგი ამბობს, რომ სკოლებში კვების საკითხი მოსწავლეთა მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და 2022-2023 წლის გამოწვევების ნუსხის სათავეშიც მოექცა.
„თითქმის ყველა სივრცეში, სადაც მშობლებს ვხვდებით, აუცილებლად დგება ვინმე და ამბობს – „რაზე ვსაუბრობთ, როცა სკოლებში ბავშვებს შიათ და გაკვეთილები მშიერ ბავშვებს უტარდებათ?!“ სასკოლო კვების პროგრამას, მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, რადგან იგი განათლების მიღების, სიღარიბის შემცირების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის შესაძლებლობად განიხილება. გვინდა ჩვენმა საზოგადოებამაც შეხედოს ამას ისე, როგორც მთელი მსოფლიო უყურებს,“ – აღნიშნავს მეგი კავთუაშვილი.
ის განათლების სამინისტროს პრობლემის გადაჭრის მიზნით რეალური სამუშაოების დაწყებისა და მხარეებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.
„მთავრობისგან ორი რამ გვინდა – ოპერატიულად დაიწყოს პრობლემაზე მუშაობა და გაგვაცნოს გეგმა, თუ რას აკეთებენ, როგორ და ვისთან ერთად. როცა დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ პროგრამის შესახებ პირველად ესმის, უკვე ცხადია – განათლების სამინისტროს მუშაობა არც ერთ მხარესთან არ დაუწყია. სამინისტროს, ჩვენი მოთხოვნის საპასუხოდ, შეუძლია გახსნას დიალოგი კარი. ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ შინაარსობრივ მხარეზე და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ სად რა მოდელი გვინდა, რა გვიჯდება, საიდან მოგვაქვს თანხა და ა.შ.“ – დასძენს მეგი.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც პრობლემის სიმწვავეს ყოველდღიურად, სამუშაო პროცესში, ყველაზე ცხადად გრძნობენ, რადგან გაკვეთილების ჩატარება, მათივე თქმით, მშიერი ბავშვებისთვის უწევთ. ერთ-ერთი მათგანი სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი კახა გალდავაა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია დაბალანსებული კვება მოსწავლისთვის მოტივაციის, ორგანიზებულობის, ჩართულობისთვისა და პროდუქტიულობისათვის.
მისი თქმით, განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში არიან 2 ცვლიანი სკოლები, მით უფრო, თუ იქ არ არის სასადილო. ბავშვები შიმშილის დასაკმაყოფილებლად იძულებულები ხდებიან ახლო მდებარე მაღაზიებსა და სწრაფი კვების ობიექტებს მიმართონ. ამბობს, რომ ხშირად ჭამას ვერც ასწრებენ და ენერგეტიკულ სასმელებს სვამენ, რაც მათ შფოთვას, რომელიც შიმშილისგანაა გამოწვეული, კიდევ უფრო ზრდის.
„ბავშვების დიდი ნაწილი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს თუნდაც სწრაფი კვების ობიექტებში საჭმლის შეძენას და ეს მათ ფსიქო-ემოციური მდგომარეობაზეც აისახება. ყველამ კარგად ვიცით, რომ შიმშილის მოთხოვნილება არის ის საფეხური რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ყველა დანარჩენი საფეხური აზრს კარგავს. თუ ბავშვს შია, სწყურია, ან სცივა, გაკვეთილში სრულყოფილად ჩართული ვერ იქნება, არც მოტივაცია ექნება შესაბამისი“, – მიიჩნევს იგი.
სასადილო, ანუ ბუფეტი არც აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლაშია, სადაც მელორ ცქვიტაია სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მოსწავლეები ახლოს მდებარე საცხობით სარგებლობენ, სადაც ცომეულს ყიდულობენ. თუმცა, როგორც პედაგოგი ჰყვება, ამ არაჯანსაღი პროდუქტის მიღებაც კი ბავშვებისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან დროის სიმცირის გამო, ყიდვასაც ვერ ასწრებენ. ამიტომ, ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეები გაკვეთილიდან ადრე ითხოვენ გასვლას, რათა საცხობის რიგში ჩადგომა მოასწრონ.
„ჩვენი სკოლაც ორცვლიანია. ასეთ სკოლებში დასვენება კიდევ უფრო პატარაა- ხუთი წუთიანი, რაც ბავშვებს კვებისთვის არ ყოფნით. თანაც გაკვეთილი ხომ ცოცხალი პროცესია, ხშირად ერთი წუთი გადამიცდება ხოლმე და ის ხუთი წუთიც აღარ რჩებათ სრულად. ოთხ წუთში უნდა მოასწრონ ჩასვლაც, ყიდვაც და ჭამაც. თუ გაუმართლათ და ლობიანი, ან ხაჭაპური შეხვდათ, ფაქტობრივად ყლაპავენ, დაღეჭვასაც ვეღარ ასწრებენ. მშიერ ბავშვს, რა თქმა უნდა, გაკვეთილზე არ აქვს განწყობა და შესაბამისად, მეც ხელი მეშლება“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.
ფორუმში მონაწილეობას მოსწავლეები და მათი მშობლებიც იღებდნენ, რომელთაც საკუთარი თვალით დანახულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის იყო ქეთო ჩიკვილაძე, თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, რომლის სკოლაშიც, როგორც აღმოჩნდა, არც ბუფეტი ფუნქციონირებს და ბავშვებს გარეთ გასვლისა და მაღაზიით სარგებლობის შესაძლებლობაც არ ეძლევათ. ეს რომც მოახერხონ, ქეთოს თქმით, მის კლასში ბავშვების უმეტესობას არ შეუძლია ყოველ დღე მაღაზიაში საკვების შეძენა, რაც მათ დაძაბულობას იწვევს.
„ამ დროს ვერაფერს ვაკეთებთ, ყველანაირად ვცდილობთ საჭმელი გავუნაწილოთ, მაგრამ იმდენიც არ გვაქვს, რომ ყველას ეყოს. მე პირადად, სახლიდან დამაქვს ხოლმე „ლანჩ-ბოქსი“, მაგრამ ყველას ვერ დააქვს და ჩემთვისაც უხერხულია, რომ ვჭამო, როცა სხვა მიყურებს. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩანთაში საჭმელი მქონია, მაგრამ სხვებს არ ჰქონიათ, ამიტომ არ ამომიღია და არ მიჭამია.
„კარგი იქნებოდა სკოლაში ყოფილიყო ბუფეტი, სადაც საჭმელი მომზადებოდა და იქნებოდა უფასო, ან მინიმალური ღირებულების, რათა ყიდვა ყველას შესძლებოდა. ღონისძიებაზე იმიტომ მოვედი რომ მინდა სკოლებში ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანსაღი კვება იყოს. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება რაიმე შეიცვალოს. ამის დიდი იმედი მაქვს“, – ამბობს EDU.ARIS.GE – სთან ინტერვიუში ქეთო.
განათლების კოალიცია სასკოლო კვების პროგრამის ადვოკატირების კამპანიას, პარტნიორ საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, 2022 წლიდან ეწევა. იგი წელსაც განაგრძობს როგორც სასკოლო კვების პროგრამის შესახებ საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვას ისე, როგორც პროგრამის დანერგვისათვის გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგს. სასკოლო კვების პროგრამის ადვოკატირების კამპანია ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
სტატია მომზადდა განათლების კოალიციის მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია განათლების კოალიცია. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”