„სკოლაში, ფაქტობრივად, მშიერი ბავშვები მოდიან“ – განათლების კოალიციამ სასკოლო კვების დანერგვის ადვოკატირება დაიწყო
განათლების კოალიცია სასკოლო კვების დანერგვის ადვოკატირების კამპანია დაიწყო, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და საკითხის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად მეტი ადამიანის ინფორმირებულობასა და მობილიზებას გულისხმობს. ამ მიზნით განათლების კოალიციის წარმომადგენლებმა უკვე ჩაატარეს სოციალური ლაბორატორიები საგანმანათლებლო და საზოგადოებრიც ორგანიზაციებთან, ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებების წარმომადგენლებთან მარნეულში, ონში, ჩხოროწყუში, თელავში, ქუთაისში.
კოალიციის საბოლოო მიზანია „აიძულოს“ სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს, სასკოლო კვების საკითხი საშუალო განათლების სისტემაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქციოს და მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით კონკრეტული პროგრამა შეიმუშაოს. იგი უკვე შეუერთდა ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ პეტიციას, რომელმაც სამიოდე კვირაში ათი ათასი მოქალაქის ხელმოწერა მოაგროვა.
როგორი უნდა იყოს, საწყის ეტაპზე, სასკოლო კვების პროგრამა და ვინ უნდა ჩაერთოს მის შემუშავებაში, კოალიციის განმარტებით, სამუშო პროცესის შედეგად უნდა გამოიკვეთოს. მათ უკვე გააჩნიათ სხვადასხვა მოდელის ფინანსური გაანგარიშება, თუმცა კიდევ უფრო ზუსტი სურათის შესაქმნელად რეგიონებში სასკოლო საზოგადოებებთან, ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან შეხვედრებს მართავენ, რათა თითოეული რაიონის სპეციფიკა, ადგილობრივი კონტექსტი და საჭიროება გამოარკვიონ.
„ამის საჭიროება რომ არსებობს, ფაქტობრივად, არავინ უარყოფს. ბავშვები, პირდაპირი გაგებით, შიმშილობენ. თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულის წასვლა სკოლებში ჩვეულებრივი ამბავია და ამაში ამ შეხვედრების შედეგადაც ვრწმუნდებით. არის კიდევ ფარული შიმშილის პრობლემა, როცა ბავშვებმა, შეიძლება, შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილონ, მაგრამ საჭირო ვიტამინებს, მიკროელემენტებს ვერ იღებდნენ. ეს კონცენტრაციის დეფიციტს იწვევს და ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზეც მოქმედებს“, – აცხადებს განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია.
რეგიონებში ჩატარებული შეხვედრები კამპანიის პირველი ნაწილია. მეორე ნაწილი კი საკომუნიკაციო მხარეა. მას შემდეგ, რაც თითოეული რეგიონის საჭიროებების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ, კოალიცია საინფორმაციო მასალების – ვიდეორგოლების, სტატიების დამზადებას გეგმავს, რათა მეტი ადამიანის ინფორმირებულობა მოხერხდეს და „მეტმა ადამიანმა გაგოს, რომ მსოფლიოს 90%-ში სასკოლო კვების პროგრამა, სხვადასხვა ფორმით, არსებობს და საქართველო იმ დარჩენილ 10 პროცენტშია“, – გვეუბნება კოალიციის დირექტორი.
კითხვაზე, როგორი უნდა იყოს სასკოლო კვების პროგრამა, მათი წარმოდგენით და რა გამოარკვიეს ჩატარებულმა სამუშაომ, თუ გამართულმა შეხვედრებმა, იგი გვპასუხობს, რომ პროგრამა სხვადასხვა რაიონისთვის თუ სკოლისთვის ინდივიდუალურად უნდა შემუშავდეს, რადგან თითოეულ სკოლას განსხვავებული პირობები და საჭიროებები გააჩნია. ამბობს იმასაც, რომ სკოლების უმეტესობაში საკვები, ადგილზე, ჯერ-ჯერობით, ვერ დამზადდება, რადგან საამისო ფართი და ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტად კი სკოლების სადილის ყუთებით, ე.წ. ლანჩ ბოქსებით მომარაგება ესახებათ. მისი თქმით, მოდელის შერჩევა ბევრი სტრუქტურისა და სპეციალისტის ჩართულობას მოითხოვს.
„რაც შეეხება ამ ყველაფრის საფასურს, ბუნებრივია, სასკოლო კვება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, საპილოტე პროექტის განხორციელება, რათა ყველა ტიპის გამოწვევა დავადგინოთ და შემდეგ უკვე მასშტაბებზე გავიდეთ. მოხარულები ვართ, რომ ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის” ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ცოტა ხნის წინ ჩვენ მათ პეტიციას შევუერთდით და 10 000 ხელმოწერა უკვე მოგროვდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც აჩვენებს, რომ ამის საჭიროება არსებობს და საზოგადოება ამას ითხოვს“, – აღნიშნავს ჭანტურია.
პეტიცია სახელწოდებით „ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს“, ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ მიერ manifest.ge-ზე 25 სექტემბერს გამოქვეყნდა და 10 000 ხელმოწერა სამ კვირაში მოაგროვა. პეტიციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს: დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და განათლების სამინისტრომ ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა დაჩქარებული წესით დანერგოს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეგი კავთუაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ პეტიციის მიზანი იყო გადაწყვეტილების მიმღები პირებს ენახათ რამდენად ბევრ ადამიანს აწუხებს სკოლაში მშიერი ბავშვების ყოფნის საკითხი.
„ჩვენი შემდგომი ნაბიჯი, მას შემდეგ, რაც 10 000 ხელმოწერა შეგროვდა იყო ის, რომ ფართო საზოგადოებას პრესკონფერენციის მეშვეობით გავუზიარეთ ამ ნაბიჯის დასრულება, რის შემდეგაც წერილი და 10 000 ხელმოწერა, დანართის სახით, განათლების სამინისტროში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, განათლების საპარლამენტო კომიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატში შევიტანეთ. ვაპირებთ, რომ განათლების კოალიციასთან ერთად ამ თემაზე მუშაობა გავაგრძელოთ“, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.
ამ პროცესში კი, მისი თქმით, საზოგადოების ჩართულობა აქტიურობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სასიკეთო ცვლილებები მხოლოდ ასე მიიღწევა. ფიქრობს, რომ ესაა თემა, რომელმაც ყველა უნდა გააერთიანოს, მიუხედავად მსოფლმხედველობისა.
„სპეციალისტებთან ერთად უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს საკითხი, როგორმე, ბოლოში გავიყვანოთ. თან, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. ჩვენი, მშობლების მოტივაციაა ის, რომ ეს სიკეთე იმ ბავშვებსაც მოესწროს, ვინც დღესაა სკოლაში. წლები არ უნდა დასჭირდეს იმას, რომ ბავშვებმა თავიანთი უფლებით სარგებლობა შეძლონ, რადგან სასკოლო კვება არ არის ფუფუნება, იგი ბავშვების უფლებაა“, – დასძენს მეგი კავთუაშვილი.
კვების პრობლემა, სკოლებში, მწვავედ რომ დგას, ამაზე აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მელორ ცქვიტაიაც საუბრობს. მის სკოლას, ისევე როგორც სკოლების უმეტესობას, ბუფეტი არ გააჩნია. თუმცა, დასძენს იმასაც, რომ ბუფეტებში მხოლოდ არაჯანსაღი პროდუქტი იყიდება: ჩიფსები, ე.წ. სუხარიკები, ჟელიბონები, გაზიანი სასმელი, მდარე ხარისხის ტკბილეული, რომელთაც, მისი შეფასებით, კვებასთან აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვთ და როგორც მასწავლებელი, ბავშვებისთვის ამგვარი საკვების მიწოდებას ეწინააღმდეგება. აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახლომდებარე საცხობით სარგებლობენ, სადაც ცომეული ცხვება და ბავშვებსაც მისი ჭამა უწევთ.
მელორცქვიტაიას თქმით, როცა დასვენება 5-10 წუთიანია, საცხობში დასწრებაზეა ვინ შეძლებს და იყიდის ლობიანს. ბავშვები, ხშირად, გაკვეთილის დასულებამდეც კი ეთავისუფლებიან პედაგოგებს, რათა რიგი დროულად დაიკავონ და ჭამა მოასწრონ, რადგან შეუძლებელია, 5 წუთში ყიდვაც მოასწრო და ჭამაც. შესაბამისად, ფიქრობს, რომ დასვენების დროც უნდა გაიზარდოს და დიდი დასვენება 15-20 წუთიანიც კი უნდა იყოს.
მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან მძიმე ფაქტებს იხსენებს და გვიყვება, რომ მოზარდების დიდი ნაწილი დილით საუზმესაც ვერ ახერხებს, სხვადასხვა მიზეზის გამო. სკოლაში ფაქტობრივად, მშიერი ბავშვები მოდიან და სადილი სახლიდან ბევრს ვერ, ან არ მოაქვს, რადგან ზოგს აქვს შესაძლებლობა, ზოგს – არა.
“ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია და ეს სოციალურ დისბალანსსა და ბულინგსაც კი იწვევს. ხშირია შემთხვევები, როცა ბაშვების სტკივდებათ თავი, მუცელი, აქვთ სისუსტე, გონებაც დაუკარგავთ და სასწრაფოც კი გვყოლია გამოძახებული. რა თქმა უნდა, აღმოჩნდა, შიმშილის გამო. ხშირად, მოსწავლეები იმასაც კი ამბობენ, რომ დიეტაზე არიან, მაშინ, როცა არ აქვთ საშუალება, ლობიანი იყიდონ და შეჭამონ. ამის ხმამაღლა თქმა, რა თქმა უნდა, ეუხერხულებათ და თავიანთ უჭმელობას დიეტით ამართლებენ. ეს მხოლოდ ჩვენთან კი არ ხდება, რაიონის მასშტაბით რომ შევკრებილვართ პედაგოგები, სხვებიც იგივეს ამბობენ.
„მასწავლებლები ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზეც, რომ მოსწავლეებს, ბოლო დროს, მახსოვრობის უნარი შეუმცირდათ. შეიძლება გაკვეთილს სწავლობდნენ, ჰყვებოდნენ, მაგრამ რამდენიმე დღეში აღარ ახსოვს. როცა ბავშვს შია, ვერ კონცენტრირდება, ვერ უსმენს მასწავლებელს. რაც არ უნდა აქტიური და კარგი გაკვეთილი იყოს, ბავშვის კონცენტრაცია დაბალია. დამახსოვრების პრობლემას, ვფიქრობ, სწორედ ვიტამინების ნაკლებობა და არასწორი კვება იწვევს. ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მომავალზე აისახება. თუ ამ თაობამ ასე ჩაიარა, არაჯანსაღი კვებით, წლების შემდეგ ქვეყანას პრობლემა დაუდგება. ამის შესაჩერებლად სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. სასკოლო კვების საკითხი პრიორიტეტად დაისახოს“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”