GE

„ქართული მეწარმეობის მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული მიზანია“ – CIU-ში გლობალური მეწარმეობის კვირეული მასშტაბური ღონისძიებით დასრულდა

„გლობალური მეწარმეობის კვირეული“ – ასე ეწოდებოდა აქტივობათა ციკლს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა და რომელიც 17 ნოემბერს, მასშტაბური ღონისძიებით დაიხურა.

კვირეული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა და მოიცავდა შეხვედრებს თემებზე: „შემოქმედებითი აზროვნება“ და „ეფექტური ფიჩი“. აგრეთვე, სემინარებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს სტუდენტებისა და ქართველი მეწარმეების მონაწილეობით. კვირეულის ბოლო დღეს კი, დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

შეკრებილ აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა CIU-ს ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელმა ია ნადირაშვილმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მარიკა კლდიაშვილმა, ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა რატი ზაუტაშვილმა და Global Entrepreneurship Week-ის წარმომადგენელმა საქართველოში თინა ღოლაძემ.

კვირეულის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დეტალურად ესაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც უკანასკნელ დღეებში უნივერსიტეტში ჩატარდა, სტუდენტები ჩართულნი იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ მასტერკლასებში, ვორქშოფებში, სადაც თეორიულად შეძენილ ცოდნას პრაქტიკაში ახორციელებდნენ. ამაში იგულისხმება ბიზნეს იდეების ჩამოყალიბება და დამუშავება, რომელთა მიზნობრივი აუდიტორიისათვის წარდგენაც აგრეთვე იყო ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებული.

უნივერსიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ შემოქმედებითი აზროვნების პროცესში ძალიან საინტერესო იდეების გენერირება მოხერხდა. სტუდენტების იდეები კი ეხებოდა ეკომეგობრული გარემოს შექმნას, მდგრად წარმოებასა და განვითარებას, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს და ა.შ.

„ძალიან საინტერესოა, როცა მოკლე დროში, კვირეულის განმავლობაში შედეგებსაც ხედავ – სტუდენტები მეწარმეობრივ აზროვნებას იწყებენ. მეწარმეობა ძალიან დიდ ენთუზიაზმსა და შემართებას უკავშირდება. ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო იყო კვირეულის ფარგლებში მოწვეულ ქართველ მეწარმეებთან ახლო კონტაქტი, მათი გაცნობა, მათი პროდუქციის შესწავლა, ინტერაქციული გასაუბრება. ამ დროს სტუდენტები ხვდებიან, რომ ასეთი ღირებული პროდუქტები ჩვეულებრივი ადამიანებისგან იქმნება. ფიქრობენ – თუკი მათ შეძლეს, ე.ი. ჩვენც შეგვიძლია! ამ ღონისძიების ფარგლებში სწორედ ქართული მეწარმეობის მხარდაჭერას ვცდილობთ და ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების აზროვნების გაფართოებას მეწარმეობის თვალსაზრისით“, – აღნიშნავს ია ნადირაშვილი და დასძენს, რომ მეწარმეობისა და ტექნოლოგიების განვითარება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტრატეგიული მიზანია და ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს ინკუბატორიც, რომელსაც კიდევ არაერთი მსგავსი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

კვირეულის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა სპიკერებთან: ლევან მესხიშვილთან, კომპანიის Webapp დირექტორთან და თანადამფუძნებელთან, (მოხსენება თემაზე: „იდეიდან რეალურ მომხმარებლამდე“) და ირაკლი ჩავლელიშვილთან, კომპანიის „მზეთამზე – გემოვანი პური“ დამფუძნებელთან (მოხსენება თემაზე: „საკვების წარმოების მომავალი – უვნებელი სურსათი VS მარგებელი საზრდო“). საჯარო ლექციის შემდეგ, წარმომადგენლებს შორის, პანელური დისკუსიაც შედგა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა რატი ზაუტაშვილმა იმ ხელშეწყობაზე ისაუბრა, რაც მათი ორგანიზაციის მხრიდან გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საქართველოში განხორციელების კუთხით არსებობს და დასძინა, რომ ორგანიზაცია ამ მხარდაჭერას არც მომავალში შეწყვეტს. თითოეულ აქტორს, მისი თქმით, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ხელშეწყობაში თავისი როლი აქვს. მსგავსი ინიციატივები კი პირდაპირ უკავშირდება მეოთხე მიზანს- ხარისხიან განათლებას, მერვე მიზანს- ღირსეულ სამუშაოს და ეკონომიკურ ზრდას და მეცხრე მიზანს – ინოვაციასა და მეწარმეობას. ასეთი კვირეულები და ცნობიერების ამაღლება, ზაუტაშვილის აზრით, დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ მეწარმეებმა საერთაშორისო სტანდარტებზე მეტი ინფორმაცია მიიღონ.

რაც შეეხებათ უნივერსიტეტებს, მათ, ჩვენი რესპონდენტის თქმით, დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვთ მომავალ დასაქმებულებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის. შესაბამისად, ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდები სწორად იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვთ კომპანიებს და რა შეუძლიათ შესთავაზონ მათ.

„ამით უნივერსიტეტი მხარს უჭერს ასეთი დიდი, გლობალური დღის წესრიგის განხორციელებას და ზრდის მომავალ თაობას, რომელიც შრომითი ბაზრისთვის უკვე მზადაა. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა სწორად გამოზარდოს კადრი. ორგანიზაციებმაც აქტიურად უნდა იმუშაონ უნივერსიტეტებთან, რათა მომავალში იპოვონ პროფესიონალები, რომელთა დეფიციტიც, საქართველოში, აქტიური გადინების გამო, საკმაოდ გვაქვს“, – მიიჩნევს რატი ზაუტაშვილი.

კვირეულში მონაწილე მეწარმეებს შორის იყო კომპანია „გურული“, რომელმაც თავისი პროდუქცია, დამთვალიერებლებს, გამოფენაზეც შესთავაზა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თეა გოგუაძე უმნიშვნელოვანეს უწოდებს უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას მეტი ყურადღება დაუთმოს ქართულ წარმოებასა და მის პოპულარიზაციას. ამბობს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობენ. მსგავს კვირეულებში მონაწილეობა კი, მისი აზრით, სტუდენტებს სტიმულს აძლევს პროექტების დამუშავების პრაქტიკა და გამოცდილება გაიზიარონ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მან ინფორმაციაც მიაწოდა „გურულის“ დაარსებისა და განვითარების ისტორიის შესახებ. ესაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რაც წარმოების პროცესში შეიქმნა და სამომავლო გეგმებზეც, რაც საქმიანობის გაფართოებას ემსახურება.

აცხადებს, რომ სტუდენტების მხრიდან დაინტერესება და ჩართულობა მაღალი იყო, რაც დაეხმარათ ლექციაზევე გამოევლინათ საკუთარი იდეები და განეხილათ მათი განხორციელების გზები.

„ჩვენი მიზანი იყო სტუდენტებისთვის სხვადასხვა სირთულეების დროს გადაწყვეტილების მიღების ოპტიმალური ვარიანტების შეთავაზება, სტიმულის მიცემა, რათა საკუთარი ბიზნესიდეები განახორციელონ, მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ უნიკალურ პროდუქტს და პარალელურად, მეტად რეალიზდნენ როგორც იდეებში, ისე მათ განხორციელებაში“, – დასძენს თეა გოგუაძე.

შესაბამისად, „გურულის“ აღმასრულებელი დირექტორი სხვა უნივერსიტეტებსაც მოუწოდებს დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი აქტივობები, მეტი ყურადღება დაუთმონ ქართველ მწარმოებლებთან კომუნიკაციას, მათგან საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, რაც, მისი აზრით, ქვეყანას როგორც განათლების, ისე წარმოების კუთხით წაადგება.

კვირეულში აგრეთვე მონაწილეობენ შემდეგი მეწარმე კომპანიები: “artlab”, “webapp”, “ბაია”, “კეთილი და პატიოსანი”, “მაქმანი”, “მზეთამზე”, “პოტერია”, “სიზმარა”, “ჩიზუკა”, “ ჩირიფრუტი“ და „წვეთი La Goutte”.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური