GE

ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები წელს შესაძლოა თურქეთში დაიბეჭდოს

„სამშაბათს დასრულდება ტენდერი და გვეცოდინება ვინ იქნება წელს სასკოლო სახელმძღვანელოების  მომწოდებელი“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ სახელმძღვანელოებისთვის სამინისტრომ 5 მილიონნახევარი ლარი გამოყო, საიდანაც ნაწილი გრიფირებული სახელმძღვანელოების ბეჭდვას მოხმარდება, ნაწილი კი გამომცემლებისგან პირდაპირი წესით შესყიდულ წიგნებს.

რაც შეეხება ტენდერს, ის უკვე გამოცხადებულია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც გამოიკვეთა, რადგან მცირე რაოდენობით სახელმძღვანელოებია დასაბეჭდი. მისი თქმით, ტენდერში მონაწილეობს თურქული კომპანიაც, რომელსაც სხვა კონკურენტებთან შედარებით უკეთესი პირობები აქვს და თუ ტენდერს ის მოიგებს, შესაძლებელია, ქართული სახელმძღვანელოები სწორე თურქეთში დაიბეჭდოს.

“ყველაზე კარგი ფასი შემოგვთავაზა თურქეთმა. რა თქმა უნდა, როცა ტენდერი ცხადდება, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს. ფასი დოლარში არ მოგვითხოვია. ტენდერი არის ლარში. შარშან, როდესაც გავაკეთეთ კალკულაცია, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამხელა თანხა უმჯობესია, საქართველოში დაიხარჯოს, ახლაც პრიორიტეტია რომ შედგეს ვაჭრობა და საქართველოში მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. თუმცა არსებობს კონკურენცია, ადგილობრივი მომწოდებლები მეტნი არიან და შეუძლიათ ვაჭრობაში შემოვიდნენ, მე იმედი მაქვს, რომ ისე ივაჭრებენ ქართული მომწოდებლები, რომ ეს თანხა დარჩეს საქართველოში. წიგნების დიზაინი უკვე შედგენილი იყო, მაშინ როცა ჩატარდა გრიფირება, ეს იყო 2011 წელს, დაკაბადონებული ვერსია დისკზეა ჩაწერილი, რომლის გამოყენების უფლება განათლების და მეცნიერების სამინისტროს აქვს და შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ მის ბეჭდვას”,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

Aris.ge-განათლებას კითხვაზე, რომელი ქართული კომპანიები მონაწილეობენ სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდების ტენდერში, მინისტრმა განმარტა, რომ ეს ინფორმაცია ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება საჯარო. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“  2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა:

  • საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს;
  • კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრ მოსწავლეებს;
  • 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს;
  • იმ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე სწავლობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

“ხარისხი წელსაც შენარჩუნდება და ყველა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც წელს გამოიცემა ასევე იქნება  მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი”,- აცხადებენ სამინისტროში. 

სულ ახალ სასკოლო წიგნებს წელს ვერც პირველკლასელი მოსწავლეები ვერ მიიღებენ

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური