ქართულის ჯგუფის ხელმძღვანელი: „ზოგიერთი ვარიანტის სირთულე აბსოლუტურად ნორმალურია“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია არ გამორიცხავს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, სხვადასხვა სესიაზე წარმოდგენილი ტესტები განსხვავებული სირთულის ყოფილიყო და აცხადებს, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივია.
მისი თქმით, უსამართლობისა და არათანაბარი შეფასებისაგან აბიტურიენტებს სკალირების მეთოდი იცავს. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ვარიანტი, ან რომელი დავალება იყო ყველაზე რთული, ამას ანალიზი დაადგენს.
–გამოცდების პირველ დღეს საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტრიენტების დიდი უმრავლესობა ტესტებს პირველ და მეოთხე ვარიანტს მარტივად აფასებდა, მეორე და მესამეს კი – რთულად. ეს შეფასებები რამდენად რეალურია?
კახა ჯამბურია: ვარიანტებს შორის პატარა სხვაობა ყოველთვის შეიძლება იყოს, რადგან ლიტერატურული ტექსტები, როგორც არ უნდა ვცადოთ, შეუძლებელია ზუსტად ერთი და იგივე სირთულის იყოს. ეს არ მოხერხდება. ერთი და იგივე სირთულის არასოდეს არ იქნება. ვიღაცასთვის გრიგოლ ორბელიანის ტექსტია უფრო მარტივი, ვიღაცისათვის ვეფხისტყაოსანი. ასე რომ, ძნელი სათქმელია რომელი ტექსტი რომელი ბავშვისათვის უფრო მარტივი, ან რთული იქნება.
ჩვენი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, რაც მარტივად ეჩვენებათ ხოლმე ბავშვებს, სამწუხაროდ, საბოლოოდ ასე არ აღმოჩნდება ხოლმე. წინა წლებშიც, გამოცდიდან აბიტურიენტები ძალიან კმაყოფილები რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ ძალიან მარტივი იყოო, შედეგებმა აჩვენა, რომ ეს ასე არ იყო. ასე რომ, ხშირად წინასწარი შთაბეჭდილება არ მართლდება. მართალია, მურმან ლებანიძის ლექსი რთული არაა და წესით ბავშვებმა კარგად უნდა გაიგონ, მაგრამ თუკი ამის დაწერას გადაწყვეტს, მან წესით კარგად უნდა იცოდეს ვინაა მურმან ლებანიძე, ვინ – პაოლო იაშვილი, ვინ – ტიციანი და ა.შ. ამათზე მსჯელობა უნდა შეეძლოს, კარგად გაიაზროს და ა.შ. ეს კი არცთუ მარტივია. მაგალითად დავით გურამიშვილის ტექსტი იმ ბავშვებისათვის, ვინც ეს სკოლაში კარგად ისწავლა და კარგად დაამუშავა, ძალიან მარტივი დავალება იქნებოდა.
ამიტომ, ახლა გადაჭრით ვერ იტყვით თუ რომელი ვარიანტი უფრო რთული იყო. დღეს ოთხივე ვარიანტი გამოქვეყნდა და მასწავლებლები და მშობლები უფრო კარგად ნახავენ იყო თუ არა რომელიმე ვარიანტი უფრო რთული. სერთოდ კი, როგორც გასწორების შედეგები აჩვენებს ხოლმე, დაახლოებით ერთნაირი სირთულის ტესტებია. იქ, სადაც დავით გურამიშვილის შედარებით რთული ტექსტია შეტანილი, ასევეა გურამ გეგეშიძის მარტივად გასაგები, თანამედროვე სალიტერატურო ქართულით დაწერილი ტექსტი, რომლის გაგებაც ძალიან მარტივია. თუკი ვინმესთვის გურამიშვილი რთულია, ის ამ დავალებას დაწერს. ასე რომ, ბევრი ვარიანტია და აბიტურიენტმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ოთხივე ვარიანტი დაახლოებით თანაბარი სირთულისაა.
–ზოგადად, რამდენად მარტივი უნდა იყოს სკოლადამთავრებული ადამიანისათვის მისი შესრულება? წლების განმავლობაში თუ იცვლება ტესტის სირთულე?
–კ.ჯ: ბოლო წლების ანალიზი აჩვენებს, რომ დაახლოებით ერთნაირი სირთულისაა. ზოგადად, ტესტი რთული არაა. ის ისეა შედგენილი, რომ ბარიერის გადალახვა ძალიან ადვილია. ანუ, ბავშვმა სულ რომ არაფერი ისწავლოს სკოლაში, დაახლოებით 25 ქულას მაინც მიიღებს. აი მაღალი ქულების მიღება კი ძალიან ძნელია. 70-დან 80 ქულამდე მხოლოდ ის ბავშვები იღებენ, ვინც სკოლაში ძალიან კარგად ემზადება. ვინც ბევრს კითხულობს, ვისაც არა მხოლოდ წაკითხულის გააზრება შეუძლია, არამედ წერის კულტურაც აქვს. ანუ, 30 ქულამდე მარტივად მიიღებთ ამ ტესტით, მაგრამ 65-ს ზემოთ – ძალიან რთულად.
–მეტ-ნაკლები სირთულე გასწორებისას გათვალისწინებული იქნება და შეფასებაზე აისახება?
–კ.ჯ: იცით როგორაა, თითოეული დავალება რომ მოწმდება, მერე ანალიზით მისი სასშუალო სირთულის ხარისხი დგინდება. თუ რომელიმე ვარიანტი სხვებზე უფრო რთული აღმოჩნდა, სკალირების პრინციპით გათანაბრდება ისე, რომ რთულ ვარიანტში მიღებული 60 ქულა მარტივ ვარიანტში მიღებულ 60 ქულას არ უდრიდეს. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, ჩვენი შემუშავებული არაა. ჩვენ უბრალოდ გადმოვიღეთ. იგი საკმაოდ გამოცდილი და აპრობირებული მეთოდია, რომელიც იმისათვის გამოიყენება, რომ არავინ დაიჩაგროს.
–რა პრინციპით არჩევთ თემებს ტესტის შედგენისას?
–კ.ჯ: შედარებით საკამათო საკითხებს ვიღებთ ხოლმე. აი მაგალითად, შეიძლება მოცემული იყოს დებულება, რომელსაც აბიტურიენტი არ დაეთანხმება და იკამათებს. სულერთია დაეთანხმება თუ არა, მთავარია აზრი დაასაბუთოს. ეს იმ პრინციპით არ სწორდება სწორია თუ არა აბიტურიენტის მოსაზრება. გამსწორებელი იმის მიხედვით აფასებს, რამდენად დასაბუთებულია აზრი და რამდენად გამართულია ენობრივად.
ასე რომ, დაახლოებით ერთი და იგივე ტიპის სადავო საკითხებს ვირჩევთ, რაზეც საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი არსებობს. რომელ პოზიციასაც აირჩევს აბიტურიენტი. ის უნდა დაასაბუთოს. მთავარია თავისი აზრი გამართული ქართულით ჩამოაყალიბოს და მისი არგუმენტებით გამყარება შეძლოს.
–მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვას სთხოვთ, როგორც ვიცით, მაინც არის ხოლმე მცდელობა წინასწარ შაბლონების შემუშავებისა, რომელთაც რეპეტიტორები აბიტურიენტების წინასწარ ასწავლიან…
–კ.ჯ: დიახ, სამწუხაროდ ასეა. შარშან, არგუმენტირებული ესეს შემოწმებისას ძალიან შეიმჩნეოდა ის, რომ ამ ბავშვებს რაღაცები დაზეპირებული აქვთ და ცდილობენ ყველაფერი მაგალითად ალუდა ქეთელაურს დაუკავშირონ. ცდილობენ ყველგან გამზადებული ფრაზები ჩასვან. როგორც ჩანს, მასწავლებლები ბავშვებს ასე ამზადებენ. ეს ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ ამ ბავშვებს იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ თავად იაზროვნონ, დასკვნები თავად გამოიტანონ. ძალიან ხშირად ეს ახალგაზრდები უფრო საინტერესოდ აზროვნებენ და საუბრობენ. სამწუხაროა, რომ ჩვენი სკოლა ჯერ კიდევ ძველი გზით მიდის, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა საბჭოთა სისტემიდან, ვერ დააღწია თავი.
სამწუხაროა ისიც, რომ ბავშვების დიდი ნაწილი ამ ტიპის დავალებებს პირველად გამოცდაზე ხვდება. მაშინ როცა მათ შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე ნახონ და მთელი წელი ივარჯიშონ. ამ ბოლო პერიოდში კი ცენტრმა გამოცდების რეპეტიციები დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეს რეპეტიცია გაიაროს და თითოეული გამოცდის ფორმატი ნახოს. ნახოს როგორია სავარჯიშოები, პასუხების ფურცელი, ივარჯიშოს და ა.შ. მართალია ეს გარკვეული თანხა ღირს, მაგრამ ძალიან იაფია. ასე რომ, იმათთვის მაინც, ვისაც თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მოსვლა არ უჭირთ, ეს ძალიან კარგი შანსი იქნება. პირდაპირ გამოცდაზე არ შეეჩეხებიან ისეთი ტიპის დავალებას, რომელიც სკოლაში არ გაუკეთებიათ.
–როდიდან იწყება ნაშრომების გასწორება?
–კ.ჯ: გასწორებას უკვე დავიწყებთ და დაახლოებით 23-24 დღეში დამთავრდება. ამ, თვის ბოლოს ნამდვილად დასრულდება და ვფიქრობ, რომ 1-2 აგვისტოსათვის წინასწარი შედეგები უკვე გამოცხადდება. მერე იქნება 5 დღიანი აპელაცია და მერე კიდევ მაქსიმუმ ერთ კვირაში საბოლოო შედეგებიც დაიდება.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების ვარიანტები – გამოცდები 2017
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება