GE

ქართულის გამოცდის მეორე დღეს აბიტურიენტები უფრო რთულ საკითხებს ელოდებიან – სურვილები რეგისტრაციიდან

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტები ტესტს დღესაც პირველ და მეორე სესიაზე წერენ. რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან საკითხების მოლოდინებზე, მათთვის სასურველ საკითხებზე და იმაზე საუბრობენ, რომ მეორე დღეს უფრო რთული საკითხები იქნება, ვიდრე გუშინ.

“გუშინ ახსენეს კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” და როგორც გავარკვიე არ შემოვიდა. მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს შეგვხვდება. კარგად გავიმეორეთ”, – ამბობს მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე აბიტურიენტი.

საბა გაბაიძე კი გვიხსნის, მისთვის სასურველი საკითხები, რაც უნდა ტესტებში შეხვდეს რამდენიმეა:

“პროგრამულიდან ვისურვებდი შემოვიდეს ერთ-ერთი: რჩეულიშვილის “ალავერდობა”, დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და “ვეფხისტყაოსნის” ნებისმიერი მონაკვეთი. რადგან გუშინ იყო “ვეფხისტყაოსანი”, დიდი ალბათობაა, არ შემოვიდეს, თუმცა ვნახოთ. არაპროგრამულს რაც შეეხება, არ აქვს მნიშვნელობა რა შემოვა, რადგან მაინც პროგრამულის არჩევას ვაპირებ”.

175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან მისული კიდევ ერთი აბიტურიენტი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ყველაზე კარგად ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები აქვს მომზადებული და ისურვებდა, გამოცდაზე ერთ-ერთი მათგანის შესრულება მოუწიოს:

“მასწავლებლებმა, ყველაზე ბევრი გვავარჯიშეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების დამუშავებაში, რადგან შედარებით რთულია და ვისურვებდი, რომ ჰაგიოგრაფიული შემხვდეს – “აბო თბილელი” ან “გრიგოლ ხანძთელიც ცხოვრება”. რაც შეეხება არაპროგრამულს, აქ რა შემოვა არ ვიცით და ვარაუდიც არ მაქვს”.

2023 წლის ქართულის გამოცდის მეორე დღის აბიტურიენტები გვიხსნიან, რომ გუშინდელი მეორე სესიის ქართულის ტესტის თხზულების თეზისები შედარებით რთული იყო და ვარაუდობენ, რომ დღეს უფრო რთულ თემებზე მოუწევთ წერა. გამართლდება თუ არა მათი მოლოდინები და რა საკითხები შეხვდებათ დღევანდელ გამოსაცდელებს, ამას გამოცდის მიმდინარეობის დროს გავიგებთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური