ქართულის მეორე დღის ტესტები აბიტურიენტებისთვის უფრო რთული იყო -„აბსტრაქტული თემები იყო სამსჯელოდ“
პირველ საგამოცდო საგანში, ქართული ენა და ლიტერატურა, ეროვნული გამოცდები უკვე დასრულდა. აპლიკანტების დიდი ნაწილი მეორე დღეს მოსულ ტესტებს უფრო რთულად აფასებს. ასევე, ჩვენ მიერ გამოკითხული აბიტურიენტების უმრავლესობამ თემად უცხო ტექსტი აირჩია და არა პროგრამული ნაწარმოები.
ქართულ ენისა და ლიტერატურის პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ გამოცდა საშუალოზე მაღალი სირთულის იყო, მაშინ, როცა მესამე სესიის ტესტს თითქმის ყველა გამოკითხული აბიტურიენტი საშუალო სირთულისად მიიჩნევდა. ოთხი სესიიდან, EDU.ARIS.GE -მ სწორედ პირველ და მესამე, ე.წ. დილის ნაკადები გამოვკითხეთ. თითო დღეს, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, კითხვები 15 აბიტურიენტს დავუსვით.
10-ბალიანი სისტემით, პირველი სესიის სირთულე 7-8 ქულით შეფასდა, მესამე სესისს კი 8-9 ქულით.
აპლიკანტების თითქმის უმრავლესობამ ორივე დღეს უცხო ტექსტი აირჩია თემად. ესეს დაწერა კი პირველი სესიიდან გამოსულებს მეტად გაუადვილდათ. რადგან გამოცდები კონკურენციის რეჟიმშია, როგორც საგრანტო, ასევე ფაკულტეტებზე ადგილების განაწილების მხრივ, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რეალურად, რამდენად იყო განსხვავება სირთულეში, თუ ეს იყო სუბიექტური აღქმა და რამ განაპირობა აბიტურიენტების არჩევანი, რომლებმაც პროგრამულ ნაწარმოებს, ხშირ შემთხვევაში პირველად წაკითხული ტექსტი არჩიეს.
კითხვებს, ფილოლოგმა ნინია ყოჩიშვილმა უპასუხა, რომელიც რეპეტიტორია და გამოცდის შეფასება 15 აბიტურიენტისაგან მოისმინა.
–აბიტურიენტების ნაწილს, დარჩა განცდა რომ მეორე დღე უფრო რთული იყო, იმის მიხედვით, რაც თქვენმა მოსწავლეებმა გითხრეს, როგორ შეაფასებდით განსხვავებას?
-რაც ეხება თემას, პირველ და მეორე სესიაზე იყო ლექსები, ხოლო მესამე და მეოთხე სესიაზე, ,,ვეფხისტყაოსანი”. ვთვლი, რომ დიდად არ იყო განსხვავებული მხატვრული ანალიზის ნაწილი, რადგან არც ერთია მარტივი გასაგები. რაც შეეხება ესეს, აქ პირველი და მეორე უფრო გაუადვილდებოდათ აბიტურიენტებს, რადგან ბევრად კონკრეტული თემები იყო და მსჯელობაც უფრო მარტივი, ვიდრე მორე დღის ესეები, რასაც, ეგზისტენციალურად მოფიქრალი თუ არ არის ბავშვი, ალბათ, გაუჭირდებოდა თავისუფლების მისეულ გაგებაზე არგუმენტირებული საუბარი. მეორე დღეს, აბსტრაქტული თემები იყო სამსჯელოდ. ამიტომ ვთვლი, რომ ესეების კუთხით, სირთულეში იყო განსხვავება.
მესამე ნაწილი, რედაქტირებები კი, ჯერ არ მინახავს, მაგრამ ყველა აბიტურიენტმა მითხრა, რომ ძალიან მარტივი იყო და ყველაფერი ძალიან მარტივად გაასწორეს.”
-თქვით, რომ მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტულ თემებზე მსჯელობა, ეს კრიტიკული აზროვნების ნაკლებობას შეიძლება დავაბრალოთ?
-ნამდვილად. ეს არის სკოლის პრობლემა. მაგალითად, ჩემი მოსწავლეების ნაწილს ჰქონდა პრობლემა, რომ სკოლაში ვერ საუბრობენ ყველა თემაზე. მომართული არიან, რომ ყველაფერი რელიგიასთან და ტრადიციასთან დააკავშირონ და ა.შ. და უხაროდათ, რომ ეს ჩემთან ასე არ იყო. სულ ვეუბნები, რომ მთავარია დაამტკიცონ, დაასაბუთონ და მათი აზრი იქნება სწორი. კრიტიკული აზროვნების ნაკლებობას ეს იწვევს, როცა ბავშვს არ აძლევენ უფლებას, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით გაიგოს ლიტერატურული ნაწარმოები. ამას ვუკავშირებ, რომ მეორე საგამოცდო დღე, ბავშვების არც თუ მცირე ნაწილისათვის უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან მეტ კრიტიკულ აზროვნებას ითხოვდა მათგან. ეს ნამდვილად არის პრობლემა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2019
მოამზადა თამარ მუკბანიანმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება