GE

„ქართულში მაქსიმალური ქულის აღება არ არის მარტივი“ – უმაღლესქულიანი ნინი აბჟანდაძე თერჯოლიდან

„უმაღლესი ქულა ჩემი და ჩემი მასწავლებლის დაუღალავი შრომის შედეგად ავიღე“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 2023 წლის აბიტურიენტი ნინი აბჟანდაძე, რომელმაც დღეს, პირველ აგვისტოს შეიტყო, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულის მფლობელია.

ნინიმ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლა დაასრულა და უმაღლესში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით აბარებს.

– ნინი, ელოდით თუ არა ასეთ შედეგს და როგორი იყო შენი ემოცია?

– ქართულში მაქსიმალური ქულის აღება, ჩემი აზრით, არ არის მარტივი, მაღალს ნამდვილად ველოდი, თუმცა მაქსიმალურს არა. შედეგი ოჯახის წევრების გარემოცვაში გავიგე და აღუწერელია ის სიხარული და ემოცია, რაც ჩვენ განვიცადეთ.

– აგვიხსენი, რატომ არ არის მარტივი ქართულში უმაღლესი ქულის მიღება?

– რედაქტირების სირთულე, ჩემი აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიცით შეცდომების ზუსტი რაოდენობა, ამიტომაც ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებთ. თემის უმაღლეს ქულაზე დაწერა რთულია, ვინაიდან ბევრ ნიუანსს მოითხოვს, თუნდაც ტექსტის ღრმად გაანალიზებას, ზოგადი განათლების წარმოჩენას და აქ გრამატიკულადაც რამდენიმე შეცდომის დაშვების უფლება გვაქვს. საგამოცდო სტრესის ფონზე კი, ამ ყველაფრის გათვალისწინება რთულია, დიდ დაკვირვებას მოითხოვს.

– როგორ გაიხსენებთ უკანასკნელ 1 წელს, რა სირთულეების წინაშე იდექით, წინასაგამოცდოთ როგორი განწყობა გქონდათ და როგორ შეძელით უმაღლესი ქულის აღება?

– მთელი წელი ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, თუმცა ძალიან საინტერესო იყო. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს წარმატებაში. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დაუძლეველი სირთულის წინაშე არ დავმდგარვარ. ბუნებრივია, წინასაგამოცდოდ, როგორც ყველა აბიტურიენტი, ასევე მეც ვნერვიულობდი, თუმცა ამას, როგორც აღმოჩნდა, ხელი არ შეუშლია ჩემთვის. უმაღლესი ქულა ჩემი და ჩემი მასწავლებლის დაუღალავი შრომის შედეგად ავიღე.

– სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში, როგორია თქვენი წარმატებული კარიერის საუკეთესო მოდელი და როგორ ფიქრობთ, დაიმსახურეთ ეს შედეგი? შრომის გამო უფრო მეტად თუ უბრალოდ, ტესტიც მარტივი იყო და იღბალიც დაგეხმარათ?

– ახლო მომავალში საკუთარ თავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტად ვხედავ და, იმედი მაქვს, სტუდენტური პერიოდი აღმოჩნდება საინტერესო და ნაყოფიერი, ეს ყოველივე კი ცხოვრებისეული მიზნის მიღწევაში დამეხმარება. იმ თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევის შემდეგ ეს შედეგი, ვფიქრობ, ნამდვილად დავიმსახურე. ტესტი ნამდვილად არ იყო მარტივი, მაგრამ ჩემმა ცოდნამ და მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო.

– რა მიგაჩნიათ თქვენი თაობის მთავარ მისიად, რა უნდა მისცეს მან სამყაროს, ქვეყანას, ძვირფას ადამიანებს?

– ჩემი თაობის მთავარი მისიაა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და შემდეგ მსოფლიოს განვითარებაში ღირსეული წვლილის შეტანა. ერთმანეთის სიყვარულითა და თანადგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.

– რას ეტყვით 2024 წლის აბიტურიენტებს, რა იქნებოდა თქვენი მთავარი მესიჯი მათთვის?

– მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი თავის რწმენა სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებლად დაეხმარებათ. მთავარია, არ შეუშინდნენ სირთულეებს და საკუთარი წარმატებისათვის იბრძოლონ.

– ხომ არ გინდათ, ისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადაუხადოთ ვინმეს?

– აუცილებლად ვისარგებლებ ამ შემთხვევით და პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს და ოჯახს თანადგომისათვის.

ასევე იხილეთ:

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი

„მინდა, ყველა აბიტურიენტმა გამოსცადოს ეს გრძნობა, როცა იმარჯვებ“ – სტუდენტის მიმართვა აბიტურიენტებს გამოცდების შემდეგ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური