GE

„მინდა, ყველა აბიტურიენტმა გამოსცადოს ეს გრძნობა, როცა იმარჯვებ“ – სტუდენტის მიმართვა აბიტურიენტებს გამოცდების შემდეგ

„გამოცდებისთვის 1 წელი ვემზადებოდი. ბოლო 1 თვე ყოველდღიურად მინიმუმ 7-8 საათს მაინც ვმეცადინეობდი. 4 საგანში ვაბარებდი გამოცდას და, როგორც იქნა, დავასრულე, მაგრამ სიხარულს ვერ ვგრძნობ. დაძინებაც მიჭირს. სავარაუდო ქულებზე ვფიქრობ და ვერ ვისვენებ“, – ამ სიტყვებით გამოხატავს საკუთარ ემოციებს 2023 წლის აბიტურიენტი, ანა ჯოხაძე, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულა და ახლა ქულებს ელოდება.

მართლაც, ახლა, როცა აბიტურიენტები შეფასებებს ელიან და ფაკულტეტების გადარჩევით არიან დაკავებულნი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობაც არ დაივიწყონ და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ძალების აღდგენა შეძლონ.

ვესაუბრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს, ნინი გოგუაძეს, რომელმაც “აბიტურიენტული მღელვარება”, როგორც თავად უწოდებს, სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოიარა და ახლა აბიტურიენტებს იმ მეთოდებს გაუმხელს, რომლითაც მარტივად შეძლო გამოცდებისა და შედეგების მოლოდინში დაკარგული ძალების აღდგენა

– აბიტურიენტობის შემდგომ სტუდენტობა კვალიფიკაციის ამაღლებას, დაწინაურებას წააგავს. გულწრფელად მინდა, ყველა აბიტურიენტმა გამოსცადოს ეს გრძნობა, როცა იმარჯვებ. მე ახლა მეორე კურსზე გადავედი და ჩემთვის ძალიან მშვიდი პერიოდია. ფინალური გამოცდები წარმატებით დავასრულე და საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას, დავისვენო. როცა აბიტურიენტები სტუდენტები გახდებიან, ზაფხული მათთვისაც ისეთივე სასიამოვნო პერიოდი იქნება, როგორც ეს ჩვენთვის – სტუდენტებისთვის არის.

– რა იყო თქვენთვის მთავარი გამოწვევა აბიტურიენტობისას გამოცდების დასრულების შემდეგ?

– ზუსტად ერთი წლის წინ, საგამოცდო პერიოდის დასრულებას დიდი ემოციებით შევხვდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო და გარდამავალი ეტაპი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ჩემი სამომავლო კურსი… უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ გამოცდების დასრულების შემდეგ პირადად ჩემთვის, უმთავრესი გამოწვევა სიმშვიდის შენარჩუნება გახდა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს. მეჩვენებოდა, რომ დღეები ძალიან ნელა გადიოდა, ვითვლიდი კვირებსა და საათებს, ვიხსენებდი ტესტებს და მაქსიმალურად ვძაბავდი გონებას, რომ საკუთარი ძალებით გამერკვია, რა შეცდომები მომივიდა წერისას.. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ ამაზე ფიქრი ვერაფერს შეცვლიდა, ეს ყოველივე მხოლოდ არაპროდუქტიულს მხდიდა. ამიტომ მივენდე პროცესს და გადავწყვიტე, მშვიდად დავლოდებოდი პასუხების გამოქვეყნებას, დრო კი საკუთარი თავისა და ჯანმრთელობისთვის დამეთმო.

– ნინი, რა მეთოდების გამოყენებას ურჩევთ აბიტურიენტებს დაკარგული ძალების აღსადგენად?

ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ ეს მეთოდები გამოვიყენე და შევეცდები, რომ რჩევების სახით გავუზიარო აბიტურიენტებს.

აუცილებლად მიეცით თავს მოდუნების უფლება. სახლში ნუ გამოიკეტებით! გახალისდით, წადით მეგობრებთან ერთად, თუ არ გაქვთ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა, უბრალოდ ისეირნეთ, მთავარია, სახლიდან გახვიდეთ!

ესტუმრეთ “დავიწყებულ” ახლობლებს. კარგი იქნება, თუ ესტუმრებით ახლობლებს, რომლებსაც დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ აქცევდით სათანადო ყურადღებას. ეს თქვენც გაგათავისუფლებთ შინაგანი შფოთვებისაგან და მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

თუ ქალაქგარეთ გასვლის შესაძლებლობა გაქვთ, არც დაფიქრდეთ! ბუნებაში დროის გატარება ისეთი ენერგიით გვავსებს, რომ წარმოუდგენელია იგივე ენერგია სახლში ყოფნით მივიღოთ. შეეცადეთ, გამოიყენოთ ის დიდი რესურსი, რომელიც გვაქვს. ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია.

დაასვენეთ სხეული და გონება შეძლებისდაგვარად. კარგი იქნება, თუ ტექნიკას ცოტა ხნით მოწყდებით, ნაკლები დრო გაატარეთ ეკრანთან და მეტი ადამიანებთან.

იპოვეთ ახალი ჰობი. თუ ამ პერიოდს ახალი ჰობის შესაძენად გამოიყენებთ, მაგალითად დაიწყებთ ვარჯიშს, ჩაეწერებით თქვენთვის საინტერესო კურსზე, შეისწავლით, რომელიმე პროფესიას, ეს თქვენთვის პროდუქტიული იქნება.

– უძილობა ან გადაჭარბებული ძილიანობა თქვენთვისაც ხომ არ იყო გამოწვევა, აქ რა გზებს მიმართავდით?

– ღელვა ბუნებრივია, თუმცა ისეთ მშფოთვარე მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, რომ ამას ძილის რეჟიმზე ემოქმედა. ამ პერიოდში ბევრ აბიტურიენტს  დაეწყო ე.წ ინსომნია, რაც გამოიხატებოდა შემდეგში, უჭირდათ დაძინება, ღამე ძალიან ხშირად იღვიძებდნენ, ან დილით იმდენად ადრე იღვიძებდნენ, რომ გამოსაძინებლად სულ რამდენიმე საათი ჰქონდათ. მე პირადად ასეთ მეთოდს მივმართე, ვიძინებდი 23:00 საათზე და დილით 08:00 საათზე ვიღვიძებდი. დაძინებამდე 1 საათით ადრე ვრთავდი მობილურ ტელეფონს და კომპიუტერს, რომ ყურადღება მათზე არ გადამეტანა და კიდევ, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე არ ვიღებდი საკვებს, მაძღარ კუჭზე დაძინება, დამეთანხმებით, ძალიან რთულია და არც არის რეკომენდებული.

– მიმართეთ აბიტურიენტებს

–  ჩემო უცნობო და ნაცნობო მეგობრებო, მაქსიმალურად დატკბით თავისუფალი დღეებით და განეწყვეთ სიახლეებისთვის! გვერდით გადადეთ ყოველგვარი ნეგატიური ფიქრი თუ შიში, მიენდეთ თავს და გჯეროდეთ, რომ შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ!

ასევე იხილეთ:

„სტუდენტსაც სჭირდება დასვენება!“ – კურსდამთავრებულის ინსტრუქცია მათთვის, ვინც ხარისხიან დასვენებას გეგმავს

როცა ოჯახი შენგან გრანტს ელოდება – ოქროს მედალოსანი აბიტურიენტის სათქმელი გამოსაცდელებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური