GE

„ქიმიის ტესტი ისეთი სირთულის არ იყო, რომ მინიმალური ზღვარი, თუკი ქიმიის ცოდნაზე პრეტენზია გაქვს, ვერ გადალახო“ – პედაგოგი აბიტურიენთა ნაწილის პრეტენზიებს პასუხობს

„ზოგადად, ბავშვების მხარეს ვარ ხოლმე, მაგრამ მათი პრეტენზია არანაირ რეალურ ფაქტს არ ეფუძნება“, – ასე ეხმაურება ქიმიის პედაგოგი 2020 წლის აბიტურიენტთა ნაწილის პროტესტს ქიმიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებსა და დაწესებულ ბარიერთან დაკავშირებით და დასძენს, რომ მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ ისედაც დაბალი ბარიერის კიდევ უფრო დაწევა მოითხოვონ.

აღნიშნულ საკითხზე, აბიტურიენთა ნაწილმა, განათლების სამინისტროსთან, აქციაც კი გამართა. გამოცდაზე ჩაჭრილი აპლიკანტები ბარიერის დაწევას, ან ქულების მომატებას ითხოვდნენ. მათი აზრით, სამინისტრომ სასწავლო პროცესში პანდემიით გამოწვეული სირთულეები უნდა გაითვალისწინოს და გამსვლელი ქულა დაწიოს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საგნის გამოცდის სირთულეზე აბიტურიენტები აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში შექმნილ ჯგუფებშიც. მათი აზრით, გამსწორებლებმა ნამუშევრები ზედმეტად მკაცრად გაასწორეს, თუმცა, რა იგულისხმება „მკაცრ გასწორებაში“, ვერ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულა 75 იყო. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ ამ საგნისათვის განსაზღვული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (18.75 ქულაზე) მეტი დააგროვა. 18,75 ქულიანი ბარიერი კი, ჩვენი რესპონდენტის, გორის #1 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგისთვის, ისედაც საკმაოდ დაბალია. ვერიკო ვარდიშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდაზე გამოყენებული ტესტი და განსაკუთრებით ზოგიერთი დავალება საკმაოდ რთული იყო, საკუთარი შედეგით უკმაყოფილო აბიტურიენტებს პროტესტის საფუძველი მაინც არ აქვთ, რადგან ტესტში არაფერი ყოფილა ისეთი, რაც სკოლის წიგნში არ ისწავლება. მისი თქმით, გამოცდის ჩაბარება თითეულმა თუნდაც საშუალო მოსწრების მქონე მოსწავლემ უნდა შეძლოს.

ვერიკო ვარდიშვილი: იმას, რაც მე აბიტურიენტების მხრიდან მოვისმინე, არ ვეთანხმები. ქიმიაში ძალიან დაბალი ბარიერია. თუ ქიმიის მცოდნე ამასაც ვერ გადალახავს… გარდა ამისა, ამბობდნენ, რომ კოვიდის გამო ხელი შეეშალათ. ესეც სრულიად დაუსაბუთებელია, რადგან მეთორმეტე კლასში ქიმია საერთოდ აღარ ისწავლება. ანუ, ამ ბავშვებს ორგანული ქიმია მე-11 კლასში აქვთ გავლილი და მაშინ პანდემია არ იყო. მე, ზოგადად, ბავშვების მხარეს ვარ ხოლმე, მაგრამ მათი პრეტენზია არანაირ რეალურ ფაქტს არ ეფუძნება. არ ვიცი, რატომ არ ურჩიათ ვინმემ, რომ ეს არ ეთქვათ.

წინა წელთან შედარებით ტესტებში რაიმე შეცვლილია?

-იცით, მე ასე ვფიქრობ, რომ ტესტი ყოველწლიურად რთულდება. შეიძლება ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით, ქიმია ცოტა უფრო რთული იყო, ვიდრე სხვა საგნები, მაგრამ, ისეთი სირთულის არ იყო, რომ მინიმალური ზღვარი, თუკი ქიმიის ცოდნაზე პრეტენზია გაქვს, ვერ გადალახო.

უხეშად რომ ვთქვათ, რა დონეზე უნდა იცოდეს აბიტურიენტმა ქიმია, რომ ეს ბარიერი გადალახოს?

-თუკი ბავშვი სკოლაში სწავლობს, გაკვეთილებს ესწრება, იმ მინიმალური ბარიერის გადალახვა შეუძლია.

ანუ, რეპეტიტორი რომც არ ჰყავდეს, საშუალო სტატისტიკურ მოსწავლეს ბარიერის გადალახვა უნდა შეეძლოს?

-კი, რეპეტიტორი რომც არ ჰყავდეს, იმდენად მინიმალურია, 18-20 ქულა უნდა დააგროვონ. თუმცა, მე არ ვსაუბრობ სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლის ბავშვებზე. იქ სულ სხვა ბარიერია.

არის ტესტში რაიმე ისეთი, რაც არაპროგრამულია და სკოლის წიგნებში არ ისწავლება?

-არა, არაპროგრამული არც ერთი საკითხი არ იყო. ყველაფერი პროგრამიდანაა – ორგანული ნაწილიდანაც  და არაორგანული ნაწილიდანაც.

თქვენი აზრით, რამ განაპირობა მაშ ის ფაქტი, რომ ქიმიის სირთულეს საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი აპროტესტებს და ბარიერის დაწევას ითხოვს?

-იცით რა, ყოველ წელს არის ხოლმე რომელიმე საგანი, რომლის მიმართაც ასეთი რამ ხდება. ჩემმა მოსწავლეებმა, ყველამ, ბარიერზე ბევრად მაღალი ქულა აიღო. ზოგიერთს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ მათაც ბარიერზე საკმაოდ მეტი აიღეს და ძალიან გამიხარდა.

ახსენეთ, რომ ქიმიის ტესტი, ყოველწლიურად, მცირედით რთულდება. არის რაიმე ისეთი, რაზეც, როგორც პედაგოგი, ფიქრობთ, რომ ცოტა უფრო შემსუბუქება ჯობდა?

-დიახ, იყო ამოცანა, რომელიც უფრო რთული იყო, ვიდრე პედაგოგთა გამოცდაზე მოსული ამოცანები. სამი ამოცანაა ხოლმე, 3-4 ქულიანი და ისინი საკმაოდ რთულებია. ადრე რეაქციის განტოლებებს რომ დაწერდნენ ხოლმე ბავშვები, იმაშიც კი ქულა იწერებოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ ხდება, სამწუხაროდ. წინა წლებში შეიძლება დაეწერათ რეაქციის განტოლებები, ფორმულით რაღაც გამოეთვალათ, მაგრამ ბოლომდე ვერ მიეყვანათ და ის მაინც ფასდებოდა, ქულა მაინც იწერებოდა. ბოლო ორი წელია ასე აღარ ხდება. ანუ, შეფასება შედარებით გაამკაცრეს.

ზოგიერთი აბიტურიენტი უკმაყოფილებას გამსწორებლების მიმართაც გამოხატავს – მათ არაობიექტურობასა და შეფასებისას სიმკაცრეზე საუბრობენ. რამდენად იძლევა თავად ტესტი იმის საშუალებას, რომ შეფასება ვინმეს სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე, ან სიმკაცრე-ლოიალობაზე იყოს დამოკიდებული?

-ტესტს მხოლოდ ერთი ხომ არ ასწორებს? მათ აქვთ ინსტრუქცია და გასწორება იმის მიხედვით ხდება.

ანუ, სუბიექტური მიდგომები, ან შეცდომის გაპარვის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი?

-კი. ჩემთან, მაგალითად, მოვიდა ერთ-ორი ბავშვი, მათი ნამუშევრები ვნახეთ, ვიფიქრეთ იქნებ აპელაციაზე შეტანა ღირდესო, მაგრამ დავრწმუნდი, რომ სააპელაციო არაფერია და ვუთხარი, რომ ეს გამორიცხული იყო.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური