ქვეყნიდან სამუდამოდ წასული „ტვინები“ – სტუდენტები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებენ
უცხოეთში სასწავლებლად წასვლა თითქმის ყველა ახალგაზრდის ოცნებაა და არც მშობლები იშურებენ ძალ-ღონესა და ფინანსებს იმისათვის, რომ მათმა შვილებმა განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ. უფრო და უფრო ხშირად გვესმის სანაცნობოში ამა თუ იმ საფეხურზე სწავლის უცხოეთში გაგრძელების ფაქტების შესახებ და ამის პირდაპირპროპორციულად იშვიათად გვესმის ცნობები მათი ქვეყანაში დაბრუნების თაობაზე.
„ტვინების გადინების“ პრობლემაზე საზოგადოება დიდი ხანია გამოთქვამს შეშფოთებას. არც ის იქნება ახალი, თუ ვიტყვით, რომ ფაქტობრივად ყველა სფეროში მომუშავე პროფესიონალები საქმიანობას უცხოეთში ამჯობინებენ, ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებში არსებული უზარმაზარი განსხვავების გამო.
EDU.ARIS.GE საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს ესაუბრა და შეეცადა ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მათი აზრი და ის არგუმენტები მოესმინა, რომლებმაც საცხოვრებლად მშობლიური გარემოსგან შორს დარჩენა გადააწყვეტინათ.
მაია აბაიაძე უკვე ხუთი წელია გერმანიაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით დაამთავრა. გერმანიაში წასვლამდე ის აქტიური ჟურნალისტური ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა წასვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მედიის კვლევისა და მედიაპრაქტიკის განხრით, 2016 წელს, ბაკალავრიატზე ჩააბარა. თუმცა 1 წლის შემდეგ სწავლა შეწყვიტა და პირდაპირ მაგისტრატურაზე გადავიდა.
„მაგისტრატურა ისევ მედიის მიმართულებით განვაგრძე. სწავლის პარალელურად სულ ვმუშაობდი. სპეციალობით არა, ძირითადად სტუდენტურ სამუშაოებზე – 2-3 დღე კვირაში. თუმცა ანაზღაურება იმაზე მეტი მქონდა, ვიდრე თბილისში ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში“, – გვიყვება მაია.
ამბობს, რომ გერმანიაში დასაქმების მხრივ პრობლემები იმ მიზეზით რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არასოდეს შექმნია. 2019 წლიდან ჰამბურგის მედიის კვლევით ინსტიტუტში ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელია და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მაგისტრის დიპლომი ჯერ არ ჰქონდა, ამას დასაქმებაში ხელი არ შეუშლია. მისი თქმით, გერმანიაში ცოდნა და კვალიფიკაცია ფასდება და საქართველოსგან ამითაც განსხვავდება.
„არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ და ამას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით არ ვამბობ, ჩემი უცხოელი მეგობრების მაგალითზეც იგივეს თქმა შემიძლია. ასევე, ანაზღაურება განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ რა სახის დიპლომს ფლობ. დამსაქმებელი კანონით ვალდებულია, რომ მაგისტრის ხარისხის მქონდე ადამიანს უფრო მეტი ანაზღაურება დაუნიშნოს, ვიდრე თუნდაც იმავე გამოცდილების მქონე ბაკალავრს“, – დასძენს იგი.
საქართველოში, ოჯახისა და მეგობრების სანახავად ჩამოსვლას წელიწადში ერთხელ და საუკეთესო შემთხვევაში – 2-ჯერ ახერხებს. საცხოვრებლად დაბრუნებას კი არც განიხილავს.
„3-4 წლის წინ ვინმეს რომ ეკითხა, თბილისის გარდა ცხოვრებას ვერსად ვიფიქრებდი, მაგრამ დღეს საქართველოში დაბრუნებაზე დიდი “ტრაგედია” ვერ წარმომიდგენია. ბევრი იტყვის, რომ გერმანიაც და ზოგადად, სხვა განვითარებული ქვეყნებიც სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით განვითარდა, ვინც დარჩა და ძალიან არაპატრიოტი გამოვდივარ, მაგრამ საქართველოში დაბრუნება ძალიან ცუდ სცენარად მესახება.
„არ ვფიქრობ, რომ თუკი დავბრუნდები დასაქმება გამიჭირდება, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველოში გერმანიის სტანდარტებთან მიახლოებული ანაზღაურება მექნება. ისიც კი არ მგონია, რომ საქართველოს სტანდარტებითაც კი ადეკვატურ ანაზღაურებას შემომთავაზებენ“, – აღნიშნავს მაია.
ანი გოგილავა გერმანიაში 2011 წელს, უნივერსიტეტის დასრულებიდან მალევე წავიდა. 2012 წელს სწავლა Universität Duisburg – Essen ში დაიწყო სოციალური მუშაკის სპეციალობით.
უნივერსიტეტი 2015 წელს დაასრულა, თუმცა საკუთარი სპეციალობით დასაქმების შემოთავაზება ჯერ კიდევ სწავლის დროს მიიღო და დათანხმდა კიდეც. მას შემდეგ ანი პროფესიით მუშაობს და საკმაოდ წარმატებულ კადრადაც ითვლება. ახლა ორ პატარას ზრდის. ამჟამად დეკრეტული შვებულებით სარგებლობს და სამსახურში ივნისში ბრუნდება.
2011 წლის შემდეგ ანი სამშობლოში სულ ორჯერ ჩამოვიდა. ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს, რადგან არ აქვს იმედი, რომ აქ ის საკუთარი სპეციალობით, ადეკვატური ანაზღაურებითა და ღირსეული პირობებით იშოვნის სამსახურს.
„არ ვიცი, ოდესმე თუ დავაპირებ საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას. მე უკვე აქ მაქვს საკუთარი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი, ჩემი შვილები ბაღში დადიან, მეგობრები ჰყავთ და ა.შ. თანაც, ნამდვილად არ მგონია, რომ საქართველოში იმასთან მიახლოებული ანაზღაურება მაინც მექნება, რაც აქ მაქვს. საქართველოში ადეკვატური ანაზღაურება, მგონი, არავის აქვს. სხვა პირობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თუნდაც ორსულისათვის, ახალგაზრდა დედებისათვის აქაური პირობები სამოთხეა. ყველანაირად გიწყობენ ხელს. კანონი გიცავს და მე უფროსშიც გამიმართლა“, – ამბობს ანი.
ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ელზა საფრანგეთში სწავლობს. საქართველოში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სასწავლებლად წავიდა და ბაკალავრიატი ხელახლა გაიარა. შემდეგ მაგისტრატურაც. ახლა ის უკვე ბოლო კურსზეა და ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა. ეს მისმა ოჯახის წევრებმა ჯერ არ იციან, სწორედ ამიტომ ელზა გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს. არ უნდა, რომ მისმა მშობლებმა სიახლის შესახებ სტატიის მეშვეობით შეიტყონ.
„როდესაც საფრანგეთში სასწავლებლად მოვდიოდი, აზრადაც არ გამივლია ის, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი. არც ჩემს მშობლებს შეჰპარვიათ მაგაში ეჭვი, თორემ ალბათ არ შემიწყობდნენ ხელს. ბოლო დრომდე ვაპირებდი სამშობლოში დაბრუნებას და ჩემი ნასწავლის იქ გამოყენებას, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა წასვლის დრო, მით უფრო მეპარებოდა ეჭვი, რომ ეგ სწორი საქციელი იქნებოდა.
„აქ საკმაოდ წარმატებულ სტუდენტად ვითვლები. ჩემი ლექტორები მარწმუნებენ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ შრომითი ბაზრისთვის საკმაოდ სასურველი კადრი ვიქნები და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მექნება. საქართველოში კი რა მელის? დაუსრულებლად უნდა ვაგზავნო ჩემი CV სხვადასხვა ვაკანსიაზე და თუ გამიმართლებს სადმე ამიყვანენ მინიმალური ანაზღაურებით, ან სულაც სტაჟიორად.
„ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან საქართველოში მყავს მთელი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და ნამდვილად არასოდეს მიფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე, მაგრამ მართლა მენანება ჩემი ამდენწლიანი შრომა იმისათვის, რომ საქართველოში „კაპიკებზე“ ვიმუშავო. ჯერ არ ვიცი როგორ შეხვდება ამ ამბავს ჩემი ოჯახი, მინდა შევამზადო და მერე გავუმხილო. ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში მიმოსვლა ბევრად ადვილია და ჩემი ოჯახის წევრებს შეეძლებათ ხოლმე სანახავად ჩამოსვლა“, – გვიყვება ელზა.
სტატიის მომზადებისას კიდევ არაერთ ახალგაზრდას ვესაუბრეთ, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სწავლობენ, თუმცა, გაგვიჭირდა გვენახა ისეთი ადამიანი, ვინც სწავლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავს.
EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია არსებობს თუ არა ქვეყანაში მონაცემი იმის თაობაზე, თუ რამდენი ახალგაზრდა მიდის ყოველწლიურად სასწავლებლად უცხოეთში და რამდენი მათგანი ბრუნდება უკან სწავლის დასრულების შემდეგ. ყველა შესაბამის უწყებას მივმართეთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, „ქვეყნიდან გადინებული ტვინების“ რაოდენობას არავინ აღრიცხავს.
ერთადერთი, რისი მოძიებაც შესაძლებელი იყო, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტატისტიკაა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სტიპენდიებს 2014 წლიდან გასცემს. როგორც ცენტრში განმარტავენ, მათმა ნაწილმა, 300-ზე მეტმა სტიპენდიატმა საზღვარგარეთ სწავლა უკვე დაასრულა, ქვეყანაში დაბრუნდა და მიღებული ცოდნის რეალიზებას აქ განაგრძობს. თუმცა უნდა უნდა ითქვას, რომ ცენტრით მოსარგებლე სტუდენტებს დაფინანსებამდე აქვთ ქვეყანაში დაბრუნების ვალდებულება და ისინი სწორედ ამ პირობით ფინანსდებიან.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძეც ამბობს,რომ ცენტრის სტიპენდიატებისთვის მთავარი ვალდებულება სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში 3 წლამდე ვადით დაბრუნება და შესაბამის სფეროში დასაქმებაა. სტიპენდიატები საქართველოში დაბრუნების შემდეგ წარმოადგენენ სწავლის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ხოლო დასაქმების შემდეგ – დასაქმების შესახებ ცნობას. ეს მონაცემები ცენტრის პროგრამული სამსახურის მიერ აღირიცხება.
„კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნების შემდეგ აგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა სექტორში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციაც, რომელიც აქტიურად მუშაობს სტიპენდიატების დასაქმების და შემდგომი პროფესიული განვითარების კუთხით“, – დასძენს ნინო ჭელიძე.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ აღნიშნული ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემები საზღვარგარეთ წასული სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილს ასახავს – მხოლოდ მათ მიერ დაფინანსებულებს, რომლებიც სტიპენდიას იმ პირობით იღებენ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში 3 წლით მაინც დაბრუნდებიან. რაც შეეხება ახალგაზრდების იმ უდიდეს ნაწილს, რომლებიც სხვა სასტიპენდიო პროგრამებით, ან თუნდაც საკუთარი ხარჯებით მიემგზავრებიან, როგორც უკვა აღვნიშნეთ, მათ შესახებ ინფორმაციას ქვეყანაში არც ერთი უწყება არ აღრიცხავს.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება