რა აღმოჩენები გააკეთეს მშობლებმა ონლაინ სწავლების პროცესში და რა პრობლემებზე ჩივიან ისინი
კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტის შემდეგ მოსწავლეების დიდი ნაწილი სკოლაში აღარ ყოფილა და განათლებას შინ, ონლაინ გაკვეთილების საშუალებით იღებს.
ვირტუალურ სივრცეში სწავლის პროცესმა ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის საგაკვეთილო პროცესში ჩართული მხარეებიც. თუ აქამდე სასკოლო გაკვეთილის შემადგენელი პერსონები მოსწავლე და მასწავლებელი იყვნენ, ახლა უკვე ამ პროცესში მესამე რგოლი – მშობელი გაჩნდა, რომელიც, რა თქმა უნდა, აქამდეც ჩართული იყო შვილის განათლების პროცესში, თუმცა გაკვეთილებზე ასე ხშირად დასწრების საშუალება არ ჰქონდა. სწორედ ონლაინ გაკვეთილების პროცესში აღმოაჩინა ბევრმა მშობელმა, რომ მათ შვილებს თურმე „კარგი“ ან „ცუდი“ პედაგოგები ჰყოლია.
EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა ონლაინ სწავლებაში ჩართული მშობლების მოსაზრებები მოესმინა და მათ პრობლემებში გარკვეულიყო.
როგორც აღმოჩნდა, დისტანციური სწავლება ძირითადად უარყოფითად მშობლების ნერვულ სისტემაზე აისახება, რადგან მსგავსი ფორმით განათლების მიღების პროცესში ტექნიკური თუ სხვადასხვა პრობლემა იკვეთება, რისი გამოსწორებაც ხშირად დროს მოითხოვს.
მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის დაძაბვა, რეალური სასკოლო ცხოვრებისთვისაც არ იყო უცხო და როგორც აღმოჩნდა, პერიოდულად თავს ონლაინ სწავლების დროსაც იჩენს. ანჟელა აბაკუმოვას მე-8 კლასელი შვილი ჰყავს და ამბობს, რომ ბავშვი მასწავლებელთან კონფლიქტის გამო, ერთ-ერთ გაკვეთილზე ჩართვაზე უარს ამბობს.
„ერთ-ერთ მასწავლებელთან ურთიერთობის პრობლემა აქვს და გადაწყვიტა გაკვეთილზე აღარ ჩაერთოს, დამიკავშირდა დამრიგებელი და მითხრა რომ ბავშვს ბევრი გაცდენა უგროვდება, რომ გაკვეთილზე ჩაერთოს და იაქტიუროსო. მეც ვუთხარი, რომ მასწავლებელმაც უნდა შეარჩიოს ურთიერთობის ფორმა ბავშვთან. ვუსმენდი ხოლმე გაკვეთილებს და ნამდვილად უხეშად და დამცინავი ფორმით მიმართავდა ბავშვებს, ამიტომ ვაპირებ დირექტორთან მივიდე და პრობლემის შესახებ მოვუყვე, მოზარდ ბავშვს ცოტა სხვაგვარი მიდგომა სჭირდება“, – ამბობს ანჟელა აბაკუმოვა ჩვენთან საუბარში.
კიდევ ერთი მშობელი ელენე ზამბახიძე კი აცხადებს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების შემდეგ აღმოჩინა, რომ მის შვილს საუკეთესო პედაგოგები ჰყოლია.
„არ ვმუშაობ და ჩემი ძირითადი ფუნქცია ბავშვების მეთვალყურეობაა, ამიტომ თითქმის ყველა გაკვეთილს ვესწრები. აქამდე არ ვიცოდი და გაოცებული ვარ, რა კარგი გაკვეთილები უტარდებათ, მეც ბევრ რამეს ვსწავლობ, კიდევ ფრო გაიზარდა ჩემი პატივისცემა მათ [მასწავლებლების] მიმართ. პრობლემა ისაა, რომ გარკვეული პერიოდი ვიყავით სოფელში, სადაც ინტერნეტი არაა, მობილურზე ვყიდულობდით მეგაბაიტებს და ძალიან ძვირი გვიჯდებოდა გაკვეთილებზე ჩართვა, ან ხარვეზებიც იყო, ვფიქრობ ასეთი პრობლემა ბევრს ექნება, განსაკუთრებით ვინც ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ინტერნეტი შეყვანილი არ არის“, – ამბობს ელენე ზამბახიძე.
მარიამ ჩიტაიას აზრით კი, რომელსაც ორი დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ყავს მიაჩნია, რომ ჯობდა ეს წელი აკადემიურად გამოცხადებულიყო, რადგან მისი აზრით მიღებული განათლების ხარისხი ძალიან დაბალია,
„დიდი დისკომფორტს მიქმნის ტექნიკური ხარვეზი. ჩართვა გვიანდება ხოლმე და ეს გაკვეთილის ხანგრძლივობას ამცირებს, მეორეც, ვერ ნაწილდება დრო ეფექტიანად, არასაკმარისია 30 წუთი იმისთვის, რომ ბავშვები გამოიკითხონ. არიან მოსწავლეები, კლასში უმეტესობა, რომელიც სასწავლო პროცესში ფაქტობრივად ვერ იღებენ მონაწილეობას, თუმცა თიმსში ჩართული არიან. ანუ განათლების ხარისხია მკვეთრად გაუარესებული, ვიდრე შეიძლებოდა ჩვეულებრივ პირობებში სკოლაში სწავლებით ყოფილიყო. სისტემა არის გაუმართავი, არაორგანიზებული და ეს მიქმნის დისკომფორტს მთლიანობაში. თუ ეს პრობლემა ასეთი მასშტაბური იყო, იქნებ სჯობდა, საერთოდ აკადემიური წელი ყოფილიყო, რადგან სკოლებში სწავლის ხარისხი მკვეთრად შემცირებულია. ჩემმა შვილმა 2 კვირა იარა სკოლაში, პანდემიის გამო სწავლა შეაჩერეს, თუმცა იმ 2 კვირის სწავლების შედეგი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მთელი 2 თვის, ერთად აღებული ონლაინის დროს“, – ამბობს მარიამ ჩიტაია.
ქეთევან ფანჩულიძეს ერთი სტუდენტი და ორი მოსწავლე შვილი ჰყავს, ამბობს, რომ ძირითად პრობლემას სასწავლო პროგრამების გაუმართაობა და საშინაო გარემო ქმნის, რაც ბავშვს მობილიზების საშუალებას უკარგავს.
„ძირითადი პრობლემებია პროგრამის გაუმართაობა, ტექნიკური ხარვეზები, ისეთი მბილიზებულები არ არიან ბავშვები, როგორც სკოლაში სიარულის დროს და ყველაზე მთავარი ურთიერთობები აკლიათ ბავშვებს და რეალური აღქმა აქვთ დაკარგული“, – ამბობს ის ჩვენთან საუბარში.
დისტანციური სწავლების პრობლემებზე საუბრობენ სხვა მშობლებიც. მარი აფრიამაშვილი მე-3 კლასელი მოსწავლის დედა: არაა ეს სწავლება ამას სწავლებას ვერ დავარქმევთ 10 წუთში მთავრდება გაკვეთილი და მორჩა. ამაზე საშინელება რაღა უნდა იყოს.
თამარ ზარიძე მე-4 კლასელი მოსწავლის მშობელი: დისკომფორტია ნამდვილად ბავშვები ვერ ეგუებიან ასეთ სწავლებას, რთულია ონლაინ რეჟიმში გადმოცემული გაკვეთილი აუხსნა და ასწავლო. ასე რომ, ჩემთვის ყველანაირად დისკომფორტია.
ნანა გეგუჩაძე მე-5 და მე-9 კლასელი მოსწავლეების მშობელი: ხშირად როცა გაკვეთილი მიდის გვაგდებს და ვერ ვერთვებით, ან თუ ასე ხდება მასწავლებელი თუ სათითაოდ არ დაგვირეკა ვერ ვერთვებით და ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ ყველაფერს.
დისტანციური სწავლების დროს არსებული ბევრი პრობლემის ფონზე არსებობენ მშობლები, რომლებმაც ონლაინ სწავლების პარალელურად გამოსავლის პოვნა შეძლეს.
„სამუშაო დღეებში საღამოს 7-საათამდე სახლში არ ვარ, ამიტომ დრო არ მაქვს ბავშვს დავეხმარო გაკვეთილზე ჩართვაში, მეორე კლასელია თავად შედის გაკვეთილზე, მაგრამ ვერ ვეხმარები. ამიტომ მსგავსი პრობლემების მქონე კლასის მშობლებმა მოვიფიქრეთ ასეთი გამოსავალი, დაგვყავს კერძოდ მასწავლებელთან და ჯგუფებში უტარებს გაკვეთილებს სახლში, თუმცა ბოლო დღეებია ეს დამატებითი მეცადინეობაც შევწყვიტეთ, ეპიდსიტუაციის გაურესების გამო. პრობლემას ქმნის ის, რომ ოჯახში გვყავს ორი მოსწავლე ერთი კერძო სკოლაში სწავლობს, მეორე – ნახევრად საჯაროში. საჯაროში ასე თუ ისე გაიმართა თიმსის პროგრამა და აღარ გვაქვს ტექნიკური პრობლემები, კერძოში ახლა დანერგეს და სულ ჩართვის პრობლემა გვაქვს“, – ამბობს ნათია მუმლაძე.
მე-9 და პირველი კლასელი მოსწავლეების დედა თეა რამიშვილი აცხადებს, რომ ნერვული სტრესის მიუხედავად, ცდილობს შვილებს ონლაინ სწავლების დადებით მხარეებზე ესაუბროს და დროის ნაყოფიერად გამოყენებას მიაჩვიოს.
„ჩემთვის ნერვული სისტემის სერიოზული გამოწვევაა ეს ყველაფერი. მეც ონლაინ ვმუშაობ, გაკვეთილზე ვუშვებ ბავშვს, მაგრამ ხან გვერდს ვერ პოულობს ბავშვი ხან წიგნს, ან ნახევარდ სძინავს, მე კი ამ დროს სამუშაოზე უნდა ვიყო კონცენტრირებული. ვცდილობ მივიღო ეს ყველაფერი დროებით გამოწვევად და თუ დრო მაქვს დავეხმარო ბავშვებს და ავუხსნა ყველაფერი რაც გაკვეთილზე ვერ გაიგეს.
“არის კიდევ ერთი პრობლემა, რომ ბავშვი, განსაკუთრებით პირველკლასელი, შინ არ გემორჩილება, მე მოვიფიქრე ასეთი გამოსავალი: პატარას ვათამაშებ მაგნიტური ციფრებით, ასოებით, რომ სახალისო გახდეს სწავლა. რაც შეეხება მე-9 კლასელ შვილს, მაქვს ინტენსიური საუბრები, რომ მსოფლიოშია ასეთი სიტუაცია და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, რომ გაკვეთილები აუცილებლად სრულყოფილად უნდა შევასრულოთ, რომ დაკარგული თაობა არ გავხდეთ და ა.შ. ვხედავ რომ განწყობაზე დადებითად მოქმედებს და მუშობს. ასევე ვესაუბრები სახლში ყოფნის უპირატესობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მეც ყოველ წამს ვფიქრობ როდის დავბრუნდები სამსახურში და აღარ შემიძლია ასე ყოფნა, ვცდილობ ჩემი ეს განწყობა ბავშვებზე არ გადავიტანო და დადებითი კუთხით ვაჩვენო სახლში ჯდომის უპირატესობა, ვეუბნები რომ უკვე ძალიან ბევრი ინფიცირებულია და სახლში ყოფნამ ის გადაარჩინა და ასე თუ ისე გავდივართ ამ რთულ ეტაპს“, – ამბობს თეა რამიშვილი.
საქართველოში ონლაინ სასკოლო სწავლება უკვე 8 თვეს ითვლის და ამ ეტაპზე ცხადი ისაა, რომ ჯერჯერობით პრობლემები უფრო მეტია, ვიდრე მიღწევები.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება