GE

რა არჩევანი აქვთ სასურველი სკოლის მიღმა დარჩენილ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს?

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისს დასრულდა. არსებული სარეგისტრაციო სისტემიდან გამომდინარე, ბევრმა მშობელმა ვერ მოასწრო შვილის დარეგისტრირება სასურველ სკოლაში. შესაბამისად, მშობლების გარკვეული ნაწილი იძულებულია შვილი სკოლაში საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით ატაროს, რაც არაერთ წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი მშობელი აღნიშნავს, რომ პასუხების მისაღებად განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც შემდეგნაირი პასუხი გასცეს:

მშობელს შეუძლია ახლავე მიმართოს კონკრეტულ სკოლას ადგილის დამატების თხოვნით და რესურსის არსებობის შემთხვევაში, მოცემული საჯარო სკოლა განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელებს აღნიშნულ ცვლილებას. ხოლო, თუ ადგილის დამატება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება, მაშინ მშობელი უნდა დაელოდოს მობილობას, რომელიც პირველ ოქტომბრამდე გამოცხადდება.

როგორც მშობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, მისთვის მაინც ბუნდოვანი დარჩა ის საკითხი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმ შემთხვევაში, თუკი სკოლას არ ექნება ადგილების დამატების რესურსი ან რა გარანტიაა, რომ მობილობა აუცილებლად გამოცხადდება მისთვის სასურველ სკოლაში. მშობლებისთვის ზოგადად გაუგებარია ისიც, თუ რატომ არ ხდება რეგისტრაცია რაიონების მიხედვით, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი პრობლემები.

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 13 მაისს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდა. 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით კი, დაიწყება მეოთხე ეტაპი. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება თავისუფალ/დარჩენილ ადგილებზე იმ პირველკლასელთა რეგისტრაცია, რომლებმაც პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე ვერ შეძლეს რეგისტრაციის გავლა.

პირველკლასელის სასაჩუქრე კომპიუტერი სახელმწიფოს 330 ლარით გაუძვირდა

მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური