GE

რა არის მშობლის მაქსიმუმი შვილისადმი – რას ურჩევს ეკა ხოფერია მშობლებს

იყო მშობელი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, ერთგვარი პროფესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენდამი და შენი ცხოვრებისადმი საზოგადოების ინტერესი მაღალია. როგორი უნდა იყოს მშობელი არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს  სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა ხოფერია, რომელიც მკითხველს, მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც სამ შვილთან ურთიერთობისას დააგროვა.

ვცდილობ, ჩემმა შვილებმა დავალება დამოუკიდებლად შეასრულონ

unnamed (6)არ მგონია, რომ სწორია, როცა მშობელი იბარებს გაკვეთილს. ყოველთვის ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ ჩემმა შვილებმა დავალება დამოუკიდებლად შეასრულონ. თუმცა როცა შვილი მოგმართავს და ამა თუ იმ თემაზე შენი თანადგომა სჭირდება, ან რომელიმე საგანში შენი დახმარება, ასეთ საკითხებში უნდა დაეხმარო. მაგრამ მე რომ დავჯდე და ვამეცადინო, ასეთი პრაქტიკაში არ ყოფილა. ამან გაამართლა. დამოუკიდებლად სწავლობდა ანანოც და ახლა უკვე 7 წლის ნიკოლაც დამოუკიდებლად ამზადებს გაკვეთილებს. „მოდი ჩამაბარე როგორ იცი“, ასე არ ყოფილა არც ჩემ შემთხვევაში და ჩემი შვილებიც ასე არიან.

ვცდილობ, დროის მენეჯმენტი ვასწავლო

მე ასეთი წესი მქონდა – ვუყვებოდი რაღაცას, რომელიღაც მოთხრობიდან ნაწყვეტს და შემდეგ ვეუბნებოდი რა წიგნი იყო. შეიძლება  მალევე არ წაეკითხა ანანოს, მაგრამ მინახავს, რომ ის წიგნი, რომელიც მე ვურჩიე წაიკითხა. გარდა ამისა, ვურჩევ ხოლმე, დრო ოპტიმალურად გამოიყენოს. ეს ყველა ადამიანის პრობლემაა, ბოლოსკენ რომ იტოვებ ყველაფერს. სულ ვეუბნები – ხვალ არა, მოდი დღეს მოამზადე, დღეს გააკეთე. ამ კუთხით სულ ვცდილობ დროის მენეჯმენტი ვასწავლო.

შვილს უფრო მეტად უნდა მოუსმინო, არ დააბრალო რომ ზარმაცობს


14291690_1136565823056871_6522978709457562482_n
როცა კონკრეტულ საგნებში ზარმაცობს, ვცდილობ მიზეზები მოვისმინო, არასდროს ვეჩხუბები, არ მინდა ამან საგანი შეაძულოს. ჩემთვის მთავარია მითხრას და გამიზიაროს, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ამის მოსმენა. შემდეგ ჩემთვის ჩუმად 10-მდე დამითვლია, ჩამისუნთქავს და მითქვას, რომ ერთად მოგვეძებნა პრობლემის გადაჭრის გზები. უფრო მეტად უნდა მოუსმინო, არ უნდა დააბრალო რომ ზარმაცობს. თუმცა აქ პირადი მაგალითიც უნდა აჩვენო.

ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც სწავლის გაგრძელებას ფიქრობს, საკმაოდ რთული სწავლაა, მაგრამ თუ ვერ ჩააბარე, შეგიძლია მომდევნო წლებში სცადო. ერთხელ ანანოს ასეთი ფრაზა წამოსცდა, “რა სისულელეა, რომ ვერ ვისწავლო და წელი დავიმატო, ოჯახთან შემრცხვებაო”, ე.ი მან იცის რომ შეიძლება არ ვეჩხუბოთ, მაგრამ არ ვიქნებით ამით ბედნიერები. ჩემი მიდგომა არის მხოლოდ სიმკაცრე დროის სწორად გამოყენების კუთხით. დრო გამოყავი, თავად გადაანაწილე. მე მოგცემ რჩევას, მაგრამ შენ გადაწყვიტე. მე რომ გადავწყვიტო ეს იქნება ჩემი გადაწყვეტილება.  ჩვენს ოჯახში მამა უფრო მეგობარია, მე დედა ვარ, შემიძლია რაღაცებზე უარის თქმა. ოჯახში თუ ვინმემ უნდა თქვას “არა”, ეს მე ვარ.

ბავშვმა ყველაფერი უნდა სცადოს და რაც მოეწონება შემდეგ ის გააგრძელოს

unnamed (9)ანანოს ყველა იმ წრეზე უვლია, რაზეც თავად უთქვამს რომ მოსწონს ან მე მომწონებია. მაგალითად ფრენბურთი მის ცხოვრებაში ჩემი დამსახურებით გაჩნდა იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს. თან გუნდური თამაშია და ვეუბნებოდი, რომ გუნდურობა ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველაფერში. ვაჩვენე საინტერესო ვიდეოები, თამაშები. ასე ვუხსნიდი და ვაყვარებდი ყველაფერს, მაგალითებით. ბიჭებმა თვითონ მითხრეს, მაგალითად ნიკოლას ფეხბურთი უნდოდა, იკას  ფეხბურთი და ჯირითი. ვფიქრობ, რომ ბავშვმა ყველაფერი უნდა სცადოს და რაც მოეწონება შემდეგ ის გააგრძელოს.

უფრო მეტი ელაპარაკეთ და მოუსმინეთ თქვენს შვილებს

ჩემი რჩევაა, რაც შეიძლება მეტი მოუსმინონ შვილებს და ესაუბრონ. მოუსმინონ, იმიტომ, რომ ყველა პრობლემისა და ყველაფრის უკან რაღაც ინფორმაციაა. შეიძლება თავიდან არ გაიხსნას მშობელთან საუბრისას შვილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მოხდება. შეიძლება მარტივად შვილის ქცევა სიზარმაცეს დააბრალო, მაგრამ… დრო კი ძალიან ცოტა გვაქვს, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიც მოვუსმინე, უფრო მეტი ინფორმაცია მიმიღია. უფრო მეტი ელაპარაკეთ და მოუსმინეთ თქვენს შვილებს. მოყოლილი ამბავი თვითონ გიკარნახებს როგორ მოიქცეთ. როცა მოუსმენ და დაელაპარაკები, გული გიკარნახებს როგორ მოიქცე.

მოუყევით შვილებს ძილის წინ ისტორიები

unnamed (10)მე ძალიან ვნანობ იმას, რომ როცა ანანო პატარა იყო, მე მას ძილის წინ ზღაპრებს ვერ ვუყვებოდი. ბიჭებთან ვცდილობ ეს დავაკომპენსირო. ხან თავად ვიგონებ ისტორიებს, სადაც იკაც, ნიკოლაც და ანანოც მთავარი გმირები არიან, მერე ვწერთ ზღაპრებს, ვითომ ჩვენი ზღაპრები გვაქვს. ანანოსთან ეს არ გამიკეთებია. ვფიქრობ, ძილის წინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი, რაღაცების მოყოლა, შენი ბავშვობის გახსენება, ძალიან არგებს როგორც მათ, ასევე მშობლებს და ეს ძაფი მყარდება. თუ საღამოს ვერ ვახერხებ, დილით ვცდილობ ავანაზღაურო, ან დღის სხვა მონაკვეთში.

მშობლის მაქსიმუმი თავისუფალი შვილის აღზრდაა

დედამ, მშობელმა, მაქსიმუმი რაც შეიძლება შვილისთვის გააკეთოს, ესაა გაზარდოს თავისუფალ ადამიანად. ვფიქრობ, როცა ადამიანი თავისუფალი და დამოუკიდებელია, ის ბედნიერია ამ თავისუფლებაში და გადაწყვეტილებას არავის და არაფრის გამო არ იღებს. მე ყველაფერს ვწყვეტდი გულით. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი. ის იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი. თავისუფალი გოგოც და ბიჭიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. შეიძლება შეცდომაც დაუშვას, მაგრამ  შეძლებს მის გადალახვას.

„მასწავლებლის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ მოსწავლეს მოაწონოს საგანი“ – პირველი ლედი, როგორც მშობელი

დედაშვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში – ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშობლებს

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური