იმედისმომცემი ელემენტები სკოლის რეფორმაში – ექსპერტის თვალით დანახული 2022 წელი განათლებაში
„დაწყებული სკოლების ავტორიზაციის რეფორმა არის ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო და ის, რამაც, თუ სწორად განვახორციელეთ, უნდა შექმნას სკოლის განვითარების შესაძლებლობა. როცა ვსაუბრობთ კარგ სკოლაზე, ერთსა და იმავეს უნდა გულისხმობდეს მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, დირექტორი, ავტორიზაციის ექსპერტი და განათლების მინისტრი“, – ასე ხედავს 2022 წლის პოზიტივს ქართული განათლების სისტემისთვის ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და განათლების მკვლევარი, ნათია ანდღულაძე, რომელმაც EDU.ARIS.GE-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და განათლებაში არსებული პრობლემები და ახლად დაწყებული თუ მიმდინარე რეფორმების პროცესი მიმოიხილა.
მკვლევარმა ჩვენთან საუბარში ორ რეფორმას შორის ჰარმონიულ კავშირს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ექსპერტი, სკოლის განვითარების შესაძლებლობას, სწორედ ავტორიზაციის რეფორმასა და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმების ურთიერთთანამშრომლობაში ხედავს.
– ქალბატონო ნათია, როგორ შეაფასებდით 2022 წელს განათლების სისტემაში, რა გაკეთდა და რის დასაწყისმა მოგცათ პოზიტიური სიგნალი?
– დავიწყებ პოზიტიურით. სკოლებში ავტორიზაციაზე დაიწყეს მუშაობა და წელს უკვე გამოიკვეთა, რა აქვთ ამ რეფორმის ავტორებს ჩაფიქრებული. ჯერ ვიტყვი, რატომ არის ეს რეფორმა მნიშვნელოვანი.
სკოლები დღემდე გაუმართავი მართვის მოდელის პირობებში ფუნქციონირებენ. მოკლედ რომ ვთქვა, 2300 სკოლა ფუნქციონირებს ისე, რომ არავინ აფასებს მათ საქმიანობას, არავინ იცის, რამდენად კარგად აკეთებს სკოლა იმას, რასაც უნდა აკეთებდეს და, პრინციპში, იმაზეც არ ვართ შეთანხმებული, რას უნდა აკეთებდეს სკოლა. ანუ, სისტემაში არ არსებობს ანგარიშვალდებულების გამართული სისტემა. ამ ვაკუუმში კი, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიას პრინციპით, გაჩნდა უკუღმართი პრაქტიკა და პოლიტიკა. მაგალითად, უკუღმართი პოლიტიკაა 60 000 მასწავლებლის საქმიანობის ცენტრალიზებულად შეფასება. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ შევარჩიოთ 2 000 მეტ-ნაკლებად სანდო დირექტორი და ამ დირექტორებს ვასწავლოთ, როგორ უნდა ააწყონ სკოლაში მასწავლებლის საქმიანობის შეფასების სისტემა, გადავწყვიტეთ, რომ, უმჯობესია, 60 000 მასწავლებლის საქმიანობა შევაფასოთ თბილისიდან.
სამოცი ათასი მასწავლებლის ცენტრალიზებულად მართვამ სადამდეც მიგვიყვანა – ვხედავთ. მასწავლებელი პასუხისმგებელია სქემასთან და სქემის შემფასებლებთან უნდა ამტკიცოს, რომ კარგი მასწავლებელია და არა საკუთარ კოლეგებთან და დირექტორთან. შესაბამისად, ის მუშაობას არა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და სკოლაში საერთო საქმის კეთებაზე არის ორიენტირებული, არამედ კრედიტების დაგროვებაზე. წარმოიდგინეთ, როგორია ასეთ პირობებში საქმის კეთება დირექტორისთვის, რომელსაც აღარ რჩება ბერკეტი იმისთვის, რომ მასწავლებელი ჩართოს იმ საქმეში, რომელიც მოსწავლეს და სკოლას წაადგება. ამ პირობებში სკოლის გაუმჯობესება გამოსდით მხოლოდ ერთეულებს თავდაუზოგავი შრომის და თავდადების ხარჯზე.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ დაწყებული სკოლების ავტორიზაციის რეფორმა არის ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო და ის, რამაც, თუ სწორად განვახორციელეთ, უნდა შექმნას სკოლის განვითარების შესაძლებლობა.
აქ ორი იმედისმომცემი ელემენტია. პირველი არის ის, რომ, როგორც რეფორმის ავტორები აცხადებენ, სკოლების ავტორიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული სკოლის ან დირექტორის დასასჯელად, არამედ, შეფასების შედეგებს გამოიყენებენ სკოლების მხარდაჭერის მიზნით. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაითხოვონ დირექტორი, რომელიც ვერ ასრულებს თავის საქმეს. მაგრამ განსხვავებით დღევანდელი ვითარებისგან, დირექტორისთვის და სკოლისთვის იქნება ცხადი, რატომ დაითხოვეს დირექტორი. ეს სისტემაში სამართლიანობის განცდასაც გაზრდის.
მეორე კარგი ნიშანი არის ის, რომ ავტორიზაციის კრიტერიუმები ახლა ცხადად უკავშირდება მეორე მიმდინარე რეფორმას – მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას. ეს არის კარგი ნიშანი იმ თვალსაზრისით, რომ ორი მიმდინარე რეფორმის ავტორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. შედეგად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი მიზნების განხორციელებას შეაფასებს ავტორიზაცია და ეს ორი რეფორმა შეთანხმებულად მუშაობით გააძლიერებს სკოლას – ეროვნული სასწავლო გეგმების ჯგუფი განსაზღვრავს მიზნებს, ეხმარება ამ მიზნების მიღწევაში, ავტორიზაცია კი – აფასებს, რამდენად აღწევს ამ მიზნებს სკოლა.
მოკლედ, ამ რეფორმაში ჩანს ნიშნები იმისა, რომ რეფორმის ავტორებს სწორი ხედვა აქვთ. მაქვს მოლოდინი, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდებიან რეფორმის სისტემის დონეზე განხორციელებას და პილოტირებით დაიწყებენ. პროცესში გამოჩნდება, რა წინაპირობებია საჭირო ავტორიზაციის რეფორმის დასახვეწად. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან მსგავსი რეფორმები ყოველთვის წარმატებული არ არის. რაში მდგომარეობს მთავარი საფრთხე: სკოლასა და რეფორმის ავტორებს შორის „კარგი სკოლის“ წარმოდგენები უნდა იყოს ზიარი. მაგალითად, თუ სასკოლო საზოგადოება, მასწავლებლები თვლიან, რომ კარგი სკოლაა ის სკოლა, რომელიც ყოველწლიურად 5 მოსწავლეს უშვებს ოლიმპიადაზე, მაშინ ასეთ სკოლას გაუჭირდება იმის მიღება, რასაც მას ავტორიზაცია სთხოვს, რადგან ავტორიზაციის კრიტერიუმებში ჩადებულია პრინციპი, რომ სკოლა ყველა მოსწავლის განვითარებაზე ზრუნავს და, განსაკუთრებით, აი, იმ ხუთი მოსწავლისა, რომლებიც მეოთხე კლასიდან მოყოლებული გადაგვყავს კლასიდან კლასში ისე, რომ მეცხრე კლასში განცხადებას ვერ დაწერენ.
არ უნდა ვიჩქაროთ ამ რეფორმის განხორციელებისას. არ უნდა შევაფასოთ რეფორმის წარმატება იმით, რამდენ სკოლაში ჩატარდა ავტორიზაცია. ამ რეფორმით მართვის, ანუ პასუხისმგებლობის და უფლებამოსილების საკითხი ფორმალურად კი არ უნდა მოწესრიგდეს, არამედ, არსებითად: როცა ვსაუბრობთ კარგ სკოლაზე, ერთსა და იმავეს უნდა გულისხმობდეს მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, დირექტორი, ავტორიზაციის ექსპერტი და განათლების მინისტრი. უნდა ვთანხმდებოდეთ იმაზე, რომ სკოლა არის კარგი, თუ იქ მასწავლებლები ზრუნავენ მოსწავლეების კეთილდღეობაზე, რომ, მაგალითად, მხოლოდ ბეჯითი მოსწავლეებისთვის არ დადის სკოლაში მასწავლებელი. რეფორმა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა იცის, რაზეა პასუხისმგებელი და, სრულად თუ არა, დიდწილად მაინც იზიარებს იმ მოლოდინს, რაც მის მიმართ აქვს მშობელს და დირექტორს, მშობელი იზიარებს იმ მოლოდინს, რაც მის მიმართ მასწავლებელს აქვს და ა.შ. ეს ვრცელდება სისტემის ყველა მოქმედ პირზე.
– რა მთავარი პრობლემებით ხვდება ქართული განათლების სისტემა 2023 წელს საფეხურების მიხედვით, სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ჭრილში რომ გვესაუბროთ?
– ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში წელსაც არ ჩანს, რა ცვლილები იგეგმება. წელსაც არ დაწყებულა მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა. ძალიან მწვავედ დგას ეს საკითხი. სკოლამდელი განათლება რეალურად არ ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდეს. მასწავლებლებს არ აქვთ ელემენტარული ცოდნა იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ ბავშვის განვითარების მიმართულებით. მგონი, საზოგადოებამდე საერთოდ არ აღწევს ინფორმაცია იმაზე, თუ რა კეთდება. მაგალითად, იგეგმება სასკოლო განათლებაში მოსამზადებელი კლასების ინტეგრირება. ანუ, სკოლაში შესვლამდე ბავშვი სკოლისთვის მოსამზადებელ კლასს გაივლის. ეს არის ოპტიმალური გამოსავალი ამ სიტუაციაში. მაგრამ ადრეული განათლების მიმართულებით სისტემური ცვლილებები არ ჩანს. არადა, ბაღი დღეს თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ანუ, ბავშვის განვითარებას ხელს ვერ უწყობს და ეს კარგად ჩანს კვლევების საშუალებით.
რაც შეეხება ზოგად განათლებას – ერთი, რაც შექმნა პანდემიამ და აუცილებელი გახადა არის ონლაინ სწავლება და ტექნოლოგიების მაქსიმალური ათვისება. მე ვისურვებდი, რომ ამ წელს უფრო დახვეწილი ფორმით და გამართული სისტემით ემუშავა ონლაინ სწავლებას, რომლის გეგმაც და მოლოდინიც სამინისტროს ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
ალბათ, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობის შედეგი. საქართველოში უკვე დიდი ხანია უნივერსიტეტები თავს ირჩენენ სტუდენტების გადასახადით. ეს არის უკიდურესად უჩვეულო დაფინანსების მოდელი. სახელმწიფო დაფინანსების გარეშე რომ თანამედროვე საუნივერსიტეტო სისტემას ფუნქციონირება შეეძლოს, ალბათ, ჩვენამდე მოიფიქრებდა ვინმე ამას. მაგრამ მაგალითად, აშშ-შიც კი, რომელიც კერძო დაფინანსების მაღალი წილით გამოირჩევა, უნივერსიტეტების დაფინანსების ნახევარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიდის. ჰარვარდიც კი, რომელიც კერძო უნივერსიტეტია, დაფინანსების 11%-ს ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს.
დაფინანსების არსებულმა მოდელმა მიგვიყვანა იმ ვითარებამდე, რომ დღეს უნივერსიტეტი არის დიპლომების დარიგებაზე ორიენტირებული იმიტომ, რომ ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. სტუდენტი უკვეთავს დიპლომს. ვუშვებთ კადრებს, რომლებსაც სამსახურში უწევთ ყველაფრის სწავლა, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ქვეყანა, ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, სრულიად არაკონკურენტულია.
ლექტორების უმრავლსეობისთვის უნივერსიტეტში მუშაობა მოხალისეობად იქცა. მაგალითად, თსუ-ის ასოცირებულ პროფესორს მასწავლებელზე დაბალი ხელფასი აქვს, რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშომელს, უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორს – 600 ლარი. პროფესორს არ აქვს რესურსი კვლევისთვის. ქვეყანაში არ ტარდება კვლევა. როგორია მომავალი იმ ქვეყნის, რომელსაც თითქმის ნებისმიერ თემაზე კვლევის ჩასატარებლად სხვა ქვეყნიდან უწევს ექსპერტის მოწვევა?
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება კომპლექსური ამოცანაა და დრო სჭირდება. მაგრამ დიდი ხანია, უკვე ამ ვითარებაში ვართ და გეგმის დასახვა მაინც უნდა მოვახერხოთ. ეს გეგმა კი არ ჩანს. ბოლოს სამინისტრომ დაახლოებით 300,000 დოლარი გადაიხადა მოდელის შემუშავებაში. წესით, დაფინანსების რეფორმის გენერალური გეგმა უნდა შემუშავებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, შემოთავაზებული მოდელი ეხება დაფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილს, ე.წ. საქმიანობაზე დაფუძნებული დაფინანსების ნაწილს. ეს კი სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოყოფილი თანხის 5-10% ეხება. ამ მოდელის მიხედვით წელს გამოაცხადეს უნივერსიტეტებისთვის 100,000 დოლარიანი გრანტები. დანარჩენ 90%-ს რას ვუპირებთ, ამაზე პასუხი არაა. რა დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ გეგმის დონეზე მაინც განვსაზღვროთ, როგორ შეიძლება გადაიჭრას დაფინანსების პრობლემა, ამაზეც არავინ საუბრობს არც სამინისტროში და არც მთავრობაში.
– რას ისურვებდით სამინისტროს პრიორიტეტად 2023 წელს და რას იტყვით დამტკიცებულ ბიუჯეტზე?
– საერთოდ განათლებაზე სამინისტროს მიღმა პოლიტიკოსებისგან მე მნიშვნელოვანი განცხადებები არ მომისმენია. შემიძლია, შევხედო ბიუჯეტს, შემიძლია, შევხედო პარლამენტის საქმიანობას, მაგრამ სახარბიელოს ვერაფერს ვხედავ. განათლების ბიუჯეტზე იყო დაპირება, რომ მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო, ჯერ-ჯერობით ეს არ ჩანს. როგორც გვეუბნებიან, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში და იმედია ეს ეკონომიკური ზრდა უპირველესყოვლისა განათლებაზე აისახება, თუ ახლა არა, მომავალში მაინც. ბევრი მიმართულებით არის ცვლილებები განსახორციელებელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორი პრიორიტეტები შევარჩიოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით განვახორციელოთ ინვესტირება განათლებაში.
– რა როლი უნდა ჰქონდეს სისტემის გაჯანსაღებისთვის მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სკოლას და სამინისტროს ერთად და ცალ-ცალკე?
– სისტემის გაჯანსაღებაში მთავრობას, განათლების სამინისტროს და სამოქალაქო საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმაზე რომ დაეხმაროს სკოლებს, დირექტორებს და მასწავლებლებს საქმის კარგად კეთებაში. ესე ინდივიდუალურად პასუხისმგებლობას, სისტემურად ვგულისხმობ რა თქმა უნდა, მოსწავლეს და მშობელს ვერ დავაკისრებთ. აი უნივერსიტეტებზე როცა ვსაუბრობთ, ნორმალურ ქვეყნებში, უნივერსიტეტებს საკუთარი წვლილი შეაქვთ სკოლების განვითარებაში. მასწავლებლებს და დირექტორებს ამზადებენ განათლების სისტემისთვის, აი, ამ როლს ახლა ძალიან სუსტად ვასრულებთ. ვიმედოვნებ, 2023 წელი ბევრად დატვირთული და ნაყოფიერი იქნება განათლების სისტემაში და ზემოთ აღნიშნული პრობლემები თანდათან გამოსწორდება.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა ელენე ვადაჭკორია
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება